"მანჩესტერში" უეინ რუნის ეპოქა მორჩა?

AutoSharing Option
უეინ რუნის შესახებ ბოლო პერიოდში ბევრს ლაპარაკობდნენ და ჟოზე მოურინიომაც იგი ბოლოს და ბოლოს, სათადარიგოთა სკამზე დატოვა და ცოტა გადასხვაფერებული ტაქტიკითა და სისტემით ითამაშა. პოლ პოგბას შედარებით მეტი თავისუფლება ჰქონდა. მისი მეწყვილე ნახევარდაცვის ცენტრში ანდერ ერერა იყო, რომელიც აშკარად კარგ ფორმაშია.

ხოლო რუნის როლს ხუან მატა ასრულებდა. ამან აშკარად გაამართლა და "წითელმა ეშმაკებმა" გაცილებით უკეთ ითამაშეს, მათ შანსი არ დაუტოვეს ინგლისის მოქმედ ჩემპიონ "ლესტერს", რომელსაც პირველსავე ტაიმში 4:0-ს უგებდნენ და საბოლოოდ 4:1 დაამარცხეს. ბუნებრივია ამას მოჰყვა საუბრები, რომ ეს ყველაფერი
სწორედ რუნის "ჩაჩოჩების" გამო მოხდა და ასე უნდა გაგრძელდეს, როგორც კლუბში, ასევე ნაკრებში. ამის თაობაზე მანჩესტერელთა სხვადასხვა მოთამაშეებსაც ჰკითხეს აზრი.

მათ შორისაა კრის სმოლინგიც, რომელმაც კატეგორიულად უარყო მოსაზრება, თითქოსდა რუნი გუნდისთვის უკვე ტვირთად იქცა და მისი იგნორირებაა აუცილებელი.

"რუნის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია, როდესაც გაიგო, რომ ძირითად შემადგენლობაში არ იქნებოდა. იგი ისე იქცეოდა, როგორც ყოველთვის. მატჩების წინ ძირითადად სწორედ უეინი საუბრობს ხოლმე, ამჯერადაც ასე იყო, და ის გუნდის ლიდერად რჩება. როგორი მდგომარეობაც არ უნდა იყოს, ის იგივე პიროვნებად რჩება და კვლავ ყველაფერს აკეთებს ხოლმე გუნდისთვის. ამიტომაც არის უეინი მთავარი ფიგურა ნაკრებშიც და კლუბშიც" - თქვა 26 წლის სმოლინგმა.

ეს სიტყვები კარგია, მაგრამ ახლა ყველას აინტერესებს, რა და როგორ იქნება საქმეში. ჟოზე მოურინიოს ავტორიტეტები არ აშინებს და არც არაპოპულარული ნაბიჯების გადადგმა, რაზეც იკერ კასილიასთან მისი ურთიერთობა რომ გავიხსენოთ, ესეც საკმარისი იქნება. ვნახოთ,
დატოვებს თუ არა "განსაკუთრებული" მომავალ შეხვედრებშიც სკამზე 30 წლის ფეხბურთელს.

იქამდე კი მოუს კომენტარი ასეთია: "ის ჩემი ბიჭია, ერთმანეთს კარგად ვუგებთ და უეინს ბოლომდე ვენდობი. "ლესტერთან" მოგებით იგი ისეთივე ბედნიერია, როგორც მე. რუნი ჩემთვის დიდი ფეხბურთელია, ამ კლუბისთვისაც და ამ ქვეყნისთვისაც".

აღვნიშნოთ ისიც, რომ რუნის 4 გოლი აკლია იქამდე, რომ "მანჩესტერის" მაისურით 250 ბურთი დაუგროვდეს, რითაც ის სერ ბობი ჩარლტონს კლუბშიც გადაასწრებს. ამ უკანასკნელის აქტივში 249 ბურთია.

"უეინი უაღრესად გამოცდილია, უამრავი მატჩი აქვს ჩატარებული და ყველანაირი პერიოდი გამოვლილი. ასე რომ, ჩემი აზრით, მხოლოდ დროის ამბავია ის, თუ როდის განაახლებს იგი გოლების გატანას და როდის დაამყარებს კიდევ ერთ რეკორდს" - დაამატა სმოლინგმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული