კონტემ ჯერ ვერ დაატყო გუნდს თავისი ხელი, ის მხოლოდ წუწუნებს იმაზე, რომ კარგი ფეხბურთელების დეფიციტი აქვს და რომ გაძლიერების გარეშე, უძლური იქნება "სიტისთან", "იუნაიტედთან", "არსენალსა" და თუნდაც "ლივერპულთან" კონკურენციაში, მიუხედავად იმისა, რომ იურგენ კლოპის ლაშქარი, შემადგენლობის ხარისხით, ნამდვილად არ აღემატება "ჩელსის".
"ტელეგრაფი" წერს, რომ აბრამოვიჩი თანახმაა, ამ ზამთარს სერიოზული ინვესტიცია მიმართოს სატრანსფერო
უკვე დასამალი აღარ არის, რომ კონტეს თავისი ყოფილი შეგირდის, იტალიის ნაკრებისა და "იუვენტუსის" ცენტრალური მცველის, ლეონარდო ბონუჩის შეძენა სურს. ამ ოპერაციის ღირებულება დაახლოებით 60 მილიონი ფუნტი იქნება.
თავის დროზე, "ჩელსიმ" 50 მილიონ ფუნტზე მეტად (ეს დღემდე მცველში გადახდილი სარეკორდო თანხაა) მიჰყიდა პსჟ-ს დავიდ ლუიზი, რომელიც ამ ზაფხულს 30 მილიონად დაიბრუნა.
ბონუჩი რეალური კანდიდატია, რომ მსოფლიოს უძვირფასესი მცველი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, აბრამოვიჩი ამ ოპერაციისთვის მზად არის, ხოლო რას იტყვის "იუვენტუსი", ეს კიდევ ცალკე საკითხია.
კონტე და ბონუჩი 3 წლის განმავლობაში "იუვენტუსში" თანამშრომლობდნენ, მერე იყო იტალიის ნაკრები... ცნობილია, რომ საქმიანის გარდა, მათ შორის ერთობ თბილი, ადამიანური ურთიერთობა იყო (და არის კიდეც). მას მერე, რაც გაცხადდა, რომ კონტე ამ ზაფხულს "ჩელსის" ჩაიბარებდა, ბონუჩიმ თქვა:
"დარწმუნებული ვარ, კონტეს დიდი წარმატება ელოდება ინგლისში. "ჩელსი" ახლაც კარგი გუნდია, მაგრამ ანტონიოს ხელში კიდევ უფრო გაძლიერდება და როგორც პრემიერლიგის, ისე ევროპული მასშტაბით, უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლებს. ის ნამდვილი ბოსია. როცა კონტეს უსმენ, რწმუნდები, რომ ის ერთ-ერთი საუკეთესოა თანამედროვე ფეხბურთში. იტალიის ნაკრებში მას "ნათლიას" ვეძახდით. ეს იმას ნიშნავს, რომ როცა ის ლაპარაკობს, შენ ძალაუნებურად უსმენ. სხვანაირად ვერ იქნება. შენ აკეთებ იმას, რასაც ის გეუბნება, ყოველგვარი კამათის გარეშე".
ზაფხულში ბონუჩის ყიდვა "მანჩესტერ სიტის" სურდა, მაგრამ ამ საქმიდან არაფერი გამოვიდა. ალბათ, "ჩელსის" კიდევ უფრო მძიმე მოლაპარაკებები ელის "იუვენტუსთან", კიდევ უფრო რთული იქნება "ბებერი ქალბატონის" დაყოლიება ბონუჩის გაყიდვაზე იმ კლუბში, რომელიც ამ მომენტისთვის ჩემპიონთა ლიგის მიღმაა.
გავითვალისწინოთ ისიც, რომ "ჩელსი" ამ ბრძოლაშიც არ იქნება კონკურენციის გარეშე. დიდი ალბათობით, "სიტი" კიდევ ერთხელ შეეცდება "გალაშქრებას" 29 წლის ცენტრალურ მცველზე, მაგრამ აშკარაა, რომ აბრამოვიჩი ამჯერად უკან არაფერზე დაიხევს. მას გადაწყვეტილი აქვს, რომ იანვრის სატრანსფერო კამპანია მისი ნიშნით წარიმართოს.
დაცვა "ჩელსის" ყველაზე სუსტი წერტილია მიმდინარე სეზონში. გასულ უქმეებამდე, როცა კონტემ "ჰალთან" სამი მცველის ფორმულას მიმართა, "არისტოკრატებმა" 9 გოლი გაუშვეს.
ამ რგოლში რესურსიც მწირია. თავად განსაჯეთ - კაპიტანი ჯონ ტერი ჯერაც ტრავმირებულია და როდის დაბრუნდება მწყობრში, ზუსტი თარიღი ვერ სახელდება, თან, მას ცალკე დრო დასჭირდება ფორმაში შესასვლელად. ესეც არ იყოს, ტერი დეკემბერში 36 წლის გახდება...
ბრანისლავ ივანოვიჩს "ჩელსისთან" კონტრაქტის ბოლო წელი აქვს და მისი გაგრძელების ნიშნები ჯერ არ ჩანს, მით უფრო, მას მერე, რაც "ჰალთან" თამაშს სერბმა სათადარიგოთა სკამიდან უყურა და ეს არ ყოფილა ტაქტიკური მოსაზრებების გამო...
მაგრამ ბონუჩი მარტო არ არის აბრამოვიჩისა და კონტეს სიაში. იქვეა ადგილობრივი ტალანტიც - "ბარნლის" 23 წლის მცველი მაიკლ კინი, ვინც 25 მილიონ ფუნტადაა შეფასებული და აგერ, გარეთ საუთგეიტმა ინგლისის ნაკრებშიც მიიწვია.
"ჩელსის" პრობლემები მხოლოდ უკანა ხაზით არ შემოიფარგლება, უბრალოდ, ამ რგოლში უფრო მწვავედ დგას საკითხი, თორემ ადრეც ვწერდით, რომ ზაფხულში მოსალოდნელია შეტევა ანტუნ გრიზმანზე ("ატლეტიკო"), პიერ-ემერიკ ობამეიანგსა ("დორტმუნდი") და ალვარო მორატაზე ("რეალი").
"ტელეგრაფის" ინფორმაციით, ამ კვირაში "სტემფორდ ბრიჯს" "იუვენტუსისა" და "ინტერის" წარმომადგენლები სტუმრობდნენ. განიხილეს თუ არა მხარეებმა ბონუჩისა და მარსელო ბროზოვიჩის შესაძლო ტრანსფერები, უცნობია. ვიცით მხოლოდ ის, რომ 24 წლის ხორვატის გამო ამ ზაფხულს "ჩელსიმ" რამდენჯერმე შეაწუხა "ინტერის" მესვეურები და, როგორც ჩანს, მასზე ხელი ჯერ საბოლოოდ არ აუღია.
მსოფლიოს უძვირფასესი მცველები
ფეხბურთელი საიდან სად მლნ. ფუნ. როდის
10. დანი ალვეში სევილია ბარსელონა 28.5 2008
8. მატს ჰუმელსი დორტმუნდი ბაიერნი 30.0 2016
8. რიო ფერდინანდი ლიდსი მანჩესტერი 30.0 2002
7. ნიკოლას ოტამენდი ვალენსია სიტი 31.5 2015
5. დავიდ ლუიზი პსჟ ჩელსი 32.0 2016
5. ელიაკიმ მანგალა პორტუ სიტი 32.0 2014
4. ტიაგო სილვა მილანი პსჟ 33.0 2012
3. შკოდრან მუსტაფი ვალენსია არსენალი 35.0 2016
2. ჯონ სტოუნზი ევერტონი სიტი 47.5 2016
1. დავიდ ლუიზი ჩელსი პსჟ 50.0 2014
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"