იურგენ კლოპის საფიქრალი: როგორ უნდა იქცეს "ლივერპული" საჩემპიონო გუნდად?

AutoSharing Option
დღევანდელი "ლივერპული" ნათელი მაგალითია იმისი, თუ როგორ შეიძლება ააშენო ჩემპიონობისთვის მებრძოლი გუნდი მინიმალური, აუცილებელ საჭიროებაზე გათვლილი რაციონალური დანახარჯებით, სადაც მთავარ როლს თამაშობენ, ერთი მხრივ, გუნდი, როგორც ცალკე აღებული მთლიანი ორგანიზმი, და მწვრთნელი, რომელმაც ეს საქმე კარგად იცის...

იურგენ კლოპს არ ჰყავს პირველხარისხოვანი ვარსკვლავები, მაგრამ მან აჩვენა, რომ ამ პირობებშიც შესაძლებელია არამარტო ბრძოლისუნარიანი (ინგლისში ასეთი გუნდი ბევრია), არამედ რეალურ შედეგზე ორიენტირებული გუნდის კონსტრუირება.

კლოპს საამისოდ სხვა ფორმულა აქვს. მისი ფილოსოფიაა მაღალი ენერგია, მოწინააღმდეგის "დაშლა" შუა ხაზში და უსწრაფესი კონტრდარტყმა. იტყვიან ხოლმე
- დიდი გუნდი დაცვიდან უნდა აიწყოსო, მაგრამ კლოპის მიდგომა განსხვავებულია. ის დაფუძნებულია უმკაცრეს პრესინგსა და მოთამაშეთა ინტეგრირებულ მოძრაობებზე.

სწორედ ეს აძლევს ძალას "ლივერპულის" შეტევებს და, შესაბამისად, უამრავი საგოლე მომენტის შექმნას. მაგალითად, ამ სეზონში "წითლებმა" 69-ჯერ დაარტყეს კარში, რაც პრემიერლიგის კლუბებს შორის ყველაზე მაღალი შედეგია. პლუს ამას, მერსისაიდელებს საშუალოდ თამაშში 2.4 გოლი გააქვთ, ისევე, როგორც "მანჩესტერ სიტის", რომელსაც სერხიო აგუეროს სახით დიდებული მეგოლე ჰყავს.

სწრაფი გადაადგილება ბურთით და უბურთოდ, ფეხბურთელების მიერ პოზიციების მუდმივი ცვლა, თან ისე, რომ არ დარჩეს ცარიელი სივრცე არც საკუთარი და არც მეტოქის შეტევისთვის.

ფილიპე კოუტინიო, რობერტო ფირმინო, ადამ ლალანა და სადიო მანე განუწყვეტლივ მოძრაობენ მეტოქის საჯარიმოს გარშემო და იმ პირობებშიც კი, როცა გუნდს არ ჰყავს გამოკვეთილი ცენტრფორვარდი, ეს ზონაც კი ყოველთვის ათვისებულია ერთ-ერთი მათგანის მიერ.

ამის ქრესტომათიული მაგალითი იყო პირველი გოლი (ემრე ჩანი) "კრისტალ პალასის" კარში. კოუტინიო თითქოს მარცხენა ფლანგზე იყო გამწესებული, მაგრამ ის მოულოდნელად აღმოჩნდა მოედნის ცენტრში. მისმა გადაადგილებამ ადგილიდან დაძრა სხვა ფეხბურთელებიც. მარცხენა მცველი ალბერტო მორენო, რომელსაც ჯეიმს მილნერის ტრავმის გამო მიეცა თავის გამოჩენის შანსი, მოულოდნელად აღმოჩნდა გარემარბის პოზიციაზე, საიდანაც კოუტინიოს გენიალური პასი მოხდენილად გადაამისამართა უკან, ჩანისკენ, ვინც ერთი შეხებით გაგზავნა ბურთი ბადეში.

საგოლე შეტევა წამებში, წინასწარ დამუშავებული სქემის მიხედვით განვითარდა. კოუტინიოს პერიოდული უკანდახევა კლოპისეული სტრატეგიის ღერძია.

ერთი სიტყვით, "ლივერპულის" შეტევითი პოტენციალი ძალიან დიდია თვით გამტანი ფორვარდის არარსებობის პირობებშიც და აქ ჩანს სწორედ მწვრთნელის ნაფიქრი. მაგრამ ამ მწვრთნელმა ისიც კარგად იცის, რომ რაც შეიძლება დროულად უნდა ჩააცემენტოს დაცვა, თორემ სრულყოფილი და საჩემპიონო გუნდი ვერ ეყოლება.

იმავე "კრისტალ პალასთან" შეხვედრაში უკანა ხაზმა თვალშისაცემი შეცდომები დაუშვა. მართალია, აქ იყო პირადად დეიან ლოვრენის "იაღლიშიც", როცა ჯეიმს მაკარტურს აუგდო ბურთი საგოლე დარტყმისთვის, მაგრამ იმავე მაკარტურის მეორე გოლზე კითხვები გაჩნდა მთლიანად დაცვის ცენტრის მიმართაც.

სხვათა შორის, სიმბოლურია, რომ ლოვრენმაც და ჟოელ მატიპმაც (ვინც ერთ-ერთი დამნაშავეა მეორე გოლის ეპიზოდში) შეცდომები მეტოქის კარში გატანილი გოლებით გამოისყიდეს.

თუმცა ეს მხოლოდ ეპიზოდია და ყოველთვის ვერ იმუშავებს. ჯერჯერობით, ადრეა ლაპარაკი იმაზეც, რამდენად გაამართლებს გრძელვადიან პერიოდში ჯორდან ჰენდერსონის გაზრდილი დაცვითი ფუნქციები. ამიტომ ეს ზონა კლოპს ყველა შემთხვევაში დასალაგებელი აქვს.

აქ დიდი იქნება მეკარის როლიც, ლორის კარიუსი კი ჯერჯერობით ვერ არის ავტორიტეტი უკანა ხაზის მოთამაშეებისთვის. კარიუსი ისე ვერ ფლობს სიტუაციას საჯარიმოში, როგორც ეს მის დიდ კოლეგებს ეხერხებათ.

დაუბალანსებლობა ვერ იქნება კლოპისთვის კარგი მოკავშირე და მან ეს კარგად იცის. "ლივერპული" ვერ იქნება მზად საჩემპიონოდ მანამ, ვიდრე ერთნაირად ეფექტური არ იქნება მოედნის ორივე მხარეს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული