სტივენ ჯერარდი - ლეგენდა, რომელიც დაგვაკლდება

AutoSharing Option
დასრულდა სტივენ ჯერარდის საფეხბურთო კარიერა. კიდევ ერთი ლეგენდა დაგვემშვიდობა. თანამედროვე ფეხბურთისათვის სტივენი იყო არა მხოლოდ დიდი ფეხბურთელი, არამედ დიდი პიროვნებაც. ნიმუში საკლუბო ერთგულებისა, ნამუსიანი ფეხბურთელის და ლიდერისა.

დღევანდელ ჩვენს წერილში ჯერარდის საფეხბურთო ცხოვრების გამორჩეულ მომენტს გავიხსენებთ.

გაუნელებელი ტკივილი
ყველას გვახსოვს, რა საშინელი ტრაგედია მოხდა "ჰილსბოროს" სტადიონზე 1989 წელს. მაშინ "ლივერპულის" 96 ქომაგი გარდაიცვალა საშინელ ჭყლეტაში. დაღუპულთა შორის იყო ჯერარდის 10 წლის ბიძაშვილი, ჯონ-პოლი.

ავტობიოგრაფიაში ჯერადი წერს, რომ ეს მისთვის გაუნელებელი ტკივილია. ერთხელ, როცა "ჰილსბოროს" ტრაგედიასთან დაკავშირებულ საღამოზე სიტყვას ამბობდა, ჯერარდმა ცრემლი
ვერ შეიკავა.

უარი "ჩელსის" და "იუნაიტედს"
8 წლიდან ჯერარდი "ლივერპულის" საფეხბურთო აკადემიაში იწვრთნებოდა. 14 წლის იყო, როცა "მანჩესტერ იუნაიტედში" მივიდა გასინჯვაზე. როგორც ირკვევა, ამ ნაბიჯს ფარული მიზანი ჰქონდა - ჯერარდი არ ფიქრობდა "იუნაიტედში" დარჩენაზე. მას "ლივერპულის" ბოსებისგან კონტრაქტი სურდა. 2004 წელს კი სტივი ჯი ახლოს იყო "ჩელსიში" გადასვლასთან.

"არისტოკრატებში" ის თვით ჟოზე მოურინიომ მიიწვია. მერე მოუ ჯერარდს "ინტერსა" და "რეალშიც" ეძახდა, თუმცა ყოველთვის უარი მიიღო. ჯერარდმა მოურინიოს მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი უწოდა თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში.

ისტორიული გამარჯვების შემომქმედი
2005 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი, რომელიც სტამბოლში გაიმართა, არასოდეს დაგვავიწყდება. იმ შეხვედრის მთავარის მთავარი გმირი ჯერარდი იყო. "მილანთან" მატჩის მეორე ტაიმში მან შეტევაში მეტი თავისუფლება მიიღო და "მილანის" გაჭირვებაც დაიწყო. მან ჯერ გოლი შეაგდო, მერე კი პენალტი "აჰკიდა" გატუზოს, რომელიც მისმა საუკეთესო მეგობარმა, ჩაბი ალონსომ შეაგდო. "ლივერპულმა" ჩემპიონთა თასი მოიგო ჯერარდი კი ფინალის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.

ვერ მიიღო ოქროს ბურთი
იმავე, 2005 წელს გახდა უეფას ვერსიით საუკეთესო საკლუბო ფეხბურთელი და შეიქმნა "ოქროს ბურთის" პრეტენდენტი. საბოლოოდ ჯერარდი მხოლოდ მესამე ადგილზე გავიდა. ჩამორჩა ფრენკ ლამპარდს და რონალდინიოს. ბრაზილიელმა "ბარსელონაში" 45 შეხვედრაში 22 გოლი გაიტანა, ჯერარდს მთავარი საფეხბურთო ჯილდოს მოპოვების მეტი შანსი აღარ ჰქონია.

სეზონის გოლი
შემდეგ სეზონში ჯერარდმა ინგლისის თასი და სუპერთასი მოიგო. თასის ფინალში ბოლო წუთზე "ლივერპული" 2:3 აგებდა "ვესტ ჰემთან". ჯერარდმა 32 მეტრიდან აუღებლად დაარტყა. ის გოლი სეზონის საუკეთესოდ დაასახელეს. საწყენია, რომ სეზონის საუკეთესო გოლისათვის ფიფამ მოგვიანებით დააწესა პრიზი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჯერარდი კიდევ ერთ ინდივიდუალურ ჯილდოს მოიგებდა.

მსოფლიოს ნაკრებში
2010 წელს პრესტიჟული ინგლისური გამოცემა "გარდიანის"ვერსიით მსოფლიოს ყველა სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა. მასთან ერთად ეს პატივი ერგოთ შმეიხელს, კაფუს, ბარეზის, ბეკენბაუერს, მალდინის, მარადონას, ზიდანს, კრუიფს, პელეს და რონალდოს. საინტერესოა, რომ ჯერადი ჩამონათვალში ყველაზე უმცროსი იყო. ის ერთხმად აირჩიეს ჟურნალისტებმა, მკითხველებმა და ექსპერტებმა.

აკოცე კამერას
ჯერარდმა პირველმა აკოცა კამერას გატანილი გოლის შემდეგ. ეს მოხდა 2009 წელა. მაშინ ჯერარდმა "მანჩესტერს" გაუტანა. ის შეხვედრა "ლივერპულმა" 4:1 მოიგო. ასეთი რამ ჯერარდმა ხუთი წლის შემდეგაც გაიმეორა. მაშინ "ლივერპულმა" კიდევ ერთხელ გაანადგურა თავისი მთავარი მტერი, სტივიმ კი დუბლი მიითვალა.

დაკარგული ჩემპიონობა
ჯერარდი ვერასოდეს დაივიწყებს 2014 წლის იმ ნავსიან საღამოს, როცა "ჩელსისთან" მატჩში ფეხი დაუცდა, ბურთი დემბა ბას ჩააბარა, "ლივერპულმა" კი გაუშვა გოლი, რომელმაც მას ინგლისის ჩემპიონატის მოგების საშუალება არ მისცა. საინტერესოა, რომ საკლუბო დონეზე პრემიერლიგის ჩემპიონობა არის ერთადერთი ტიტული, რომელიც ჯერარდს არ მოუგია. ამბობენ, სტივი ჯის უნდა, ნახევარი წლით იურგენ კლოპის გაწვრთნილ გუნდს შეუერთდეს და საჩემპიონო ბრძოლაში გაუძღვესო. ვნახოთ...

საუკეთესო ლივერპულის ისტორიაში
2013 წელს, ჯერ კიდევ "ლივერპულის" მოქმედი ფეხბურთელის რანგში, კლუბის ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. ჯერარდმა უკან ჩამოიტოვა "ლივერპულის" მეორე ლეგენდა, კენი დალგლიში. ჯერარდმა "ლივერპულში" 18 სეზონი გაატარა. ითამაშა 709 მატჩი და გაიტანა 185 გოლი.

კარიერა დაასრულა ამერიკაში
2015 წელს, იანვარში გამოაცხადა, რომ აღარ გააფორმებდა ახალ კონტრაქტს "ლივერპულთან". ჯერარდის გამოსათხოვარ მატჩში "ლივერპული" გასვლაზე 1:6 შერცხვა "სტოკთან". ერთადერთი გოლი ჯერარდმა შეაგდო. ამერიკულ "ლოს ანჯელეს გელექსიში" ჩაატარა ერთი სეზონი და 39 შეხვედრაში 5 გოლი გაიტანა. სამწუხაროდ, ის ამერიკის ჩემპიონი ვერ გახდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული