ინგლისის ნაკრები: გარეთ საუთგეიტს 4-წლიანი ხელშეკრულება გაუფორმეს

AutoSharing Option
გარეთ საუთგეიტი ინგლისის ნაკრების დროებითი დამრიგებელი აღარ არის - გუშინ ქვეყნის საფეხბურთო ასოციაციამ ის "სამი ლომის" სრულფასოვან მწვრთნელად დაიქირავა.

46 წლის სპეციალისტმა, რომელიც მანამდე ინგლისის ახალგაზრდულ ნაკრებს ედგა სათავეში, 4-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, რომლის ძალითაც ეროვნული გუნდის მწვრთნელად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატის ბოლომდე უნდა დარჩეს.

შეგახსენებთ, რომ საუთგეიტს ნაკრებში სემ ელარდაისთან დაკავშირებული ცნობილი სკანდალის შემდეგ უხმეს და მაშინვე ითქვა, რომ გუნდს ახალი მწვრთნელი იანვრიდან ეყოლებოდა, მაგრამ ჩანს, ასოციაციას ისე მოეწონა საუთგეიტის მუშაობა, ალტერნატივის ძებნა აღარ დაუწყია. ინგლისის ნაკრებმა მისი თავკაცობით
4 მატჩი ჩაატარა, საიდანად 2 მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა.

"ძალიან ამაყი ვარ ინგლისის ნაკრების მწვრთნელად დანიშვნის გამო, - თქვა საუთგეიტმა წარდგენისას. - მაგრამ სამუშაოს მიღება ერთია და, ახლა მთავარი ისაა, ეს მუშაობა წარმატებული იყოს. წინა ოთხმა მატჩმა დიდი პოტენციალი დამანახა და მზად ვარ, ყველაფერი გავაკეთო იმისთვის, რომ ინგლისი ამაყობდეს თავისი ეროვნული ნაკრებით".

კომენტარი გააკეთა საფეხბურთო ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მარტინ გლენმაც:

"ძალიან კმაყოფილები ვართ იმით, რომ გარეთი ნაკრების მწვრთნელად დამტკიცდა. ჩვენ მის შესაძლებლობებს კარგად ვიცნობთ, ის კი, თავის მხრივ, კარგად იცნობს საერთაშორისო ფეხბურთის სპეციფიკას და იცის, როგორ უნდა განვითარდეს ნაკრები. გარეთი კარგი ტაქტიკოსი და ბუნებით ლიდერია, აქვს გამარჯვებულის მენტალიტეტი და ეს აუცილებელი კრიტერიუმია იმ სამუშაოსთვის, რომელსაც უკვე შეუდგა".

ახალ როლში საუთგეიტის პირველი გამომცდელი გერმანიის ნაკრები იქნება, როცა 2017 წლის მარტში ინგლისი "მანშაფტს" ამხანაგურ მატჩში შეხვდება.

დოსიე
გარეთ საუთგეიტი

დაიბადა 1970 წლის 3 სექტემბერს უოტფორდში (ინგლისი)
ამპლუა: მცველი/ნახევარმცველი

საკლუბო კარიერა
1988-95 კრ. პალასი 152 (15)
1995-2001 ასტონ ვილა 192 (7)
2001-06 მიდლსბრო 160 (4)
სანაკრებო კარიერა
1995-2004 ინგლისი 57 (2)

სამწვრთნელო კარიერა
2006-09 მიდლსბრო
2013-16 ინგლისი U21
2016 ინგლისი (დროებითი)
2016- ინგლისი

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული