"მანჩესტერი": ყინულის კაცი თითქმის გადაწყდა, დ’არტანიანი რიგშია

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედი" იანვარში ვიქტორ იორგენ ნილსონ ლინდელოფს დაიმატებს. "ბენფიკას" პრეზიდენტი ლუიშ ფილიპე ვიეირა მანჩესტერში იმყოფებოდა და მხარეებმა 22 წლის უკანახაზელის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრეს.

ბრიტანული პრესის ინფორმაციით, ყველაფერი შეთანხმებულია - "ოლდ ტრაფორდის" მკვიდრნი ლინდელოფში 42 მილიონ ფუნტს გადაიხდიან. ეს შვედს კლუბის ყველაზე ძვირად ღირებულ მცველად აქცევს. ჯერჯერობით, ამ სტატუსით რიო ფერდინანდი სარგებლობს, რომელიც მანჩესტერელებმა 2002 წელს 29,1 მილიონ ფუნტად შეიძინეს "ლიდსისგან".

ლინდელოფს, რომლის მეტსახელიც "ყინულის კაცია", ადაპტაციას თანამემამულე ზლატან იბრაჰიმოვიჩი გაუადვილებს. სხვათა შორის, კლუბს ლინდელოფის თაობაზე რეკომენდაცია სწორედ იბრაკადაბრამ გაუწია.

ბუნებრივია,
ფეხბურთელს კარგი თვალით უყურებს ჟოზე მოურინიოც, თორემ მარტო ზლატანის ტკბილი სიტყვების გამო ამხელა თანხას მასში არავინ გადაიხდიდა. ლინდელოფი კარიერას "ვასტერასში" იწყებდა, საიდანაც გადაბარგდა კიდეც "ბენფიკაში" და ლისაბონელთა რიგებში საგრძნობი პროგრესი აქვს. მან ასევე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი მოიგო შვედეთის ასაკობრივ ნაკრებთან ერთად.

სხვათა შორის, გასულ იანვარში იგი "მიდლსბროში" გადასვლასთან იყო ახლოს, მაგრამ ტრანსფერი ბოლო მომენტში ჩაიშალა, რადგან "არწივებმა" ცოტათი მეტი თანხა მოითხოვეს და რივერსაიდელებმა ეს თანხა აღარ გადაიხადეს.

პარალელურად, ვრცელდება ცნობები, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" ანტუან გრიზმანისთვის ბრძოლაში ფავორიტი ხდება. ფრანგს პსჟ, "მანჩესტერ სიტი", "ჩელსი", "ბაიერნი" და სხვა გუნდებიც უტრიალებენ, მაგრამ "წითელი ეშმაკები" ცდილობენ, ყველას დაასწრონ და მადრიდის "ატლეტიკოს" 60 მილიონ ფუნტზე მეტს სთავაზობენ.

"ათლეტები" ამ სეზონის მერე შესაძლოა, დიეგო სიმეონემ დატოვოს, ხოლო გრიზმანს ნათქვამი აქვს, "ჩოლო" სანამ არ წავა, არც მე გადავალ სადმე, მაგრამ მერე ვიფიქრებო. 25 წლის "პატარა პრინცს", ან თუ გენებოთ, "დ’არტანიანს" მთხოვნელები მართლაც არ აკლია და გადაწყვეტილებას ალბათ ბევრი ფიქრის მერე მიიღებს.

* * *
მიუხედავად იმისა, რომ "მანჩესტერ იუნაიტედის" საქმე იდეალურად ვერ მიდის და ჟოზე მოურინიოს მოქმედი სამწლიანი კონტრაქტიდან ჯერ მხოლოდ 6 თვე გავიდა, როგორც ირკვევა, "წითელი ეშმაკების" უფროსობას პორტუგალიელთან დიდი ხნით სურს თანამშროლობა და შეფობას უნდა, რომ "განსაკუთრებულმა" თავისი გუნდი ააშენოს. ამბობენ, მოურინიოსთან 2025 წლამდე აპირებენ კონტრაქტის გახანგრძლივებასო.

* * *
"ვესტ ჰემ იუნაიტედმა" გადაწყვიტა, რომ ახალი თავდამსხმელისთვის "მანჩესტერ იუნაიტედს" მიმართოს. "ჩაქუჩებს" სურთ, რომ "წითელ ეშმაკებში" არსებული კონკურენციით ისარგებლონ და "ოლდ ტრაფორდის" ბინადრებისგან სეზონის ბოლომდე ერთ-ერთი ახალგაზრდა შემტევი ინათხოვრონ, რომელსაც ჟოზე მოურინიო უფრო გაიმეტებს.

საუბარი 19 წლის მარკუს რაშფორდსა და 21 წლის ანტონი მარსიალზეა. ამ უკანასკნელს პორტუგალიელი ბოლო დროს იშვიათად სწყალობს და იმდენი სათამაშო დრო არც რაშფორდს ეძლევა, რამდენიც თავად მარკუსს სურს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული