დიდი ექვსეულის ვნებანი - როგორ გაგრძელდება სუპერმწვრთნელების ბრძოლა

AutoSharing Option
დახედეთ ცხრილს. პირველ ექვსეულში ის გუნდები არიან, რომელთაც დღესდღეობით ყველაზე წარმატებული მწვრთნელები თავკაცობენ. ისინი სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან ჩაბმულნი მთავარი ინგლისური ტიტულისთვის და გაზაფხულზე გამოჩნდება, ვისი აჯობებს.

მანამდე კი მიმდინარე ბატალიების ანალიზს შევუყვეთ - შანსები, ტაქტიკა, წარმატებული და წარუმატებელი ტრანსფერები, მოსალოდნელი რისკები...

ტაქტიკა და მენეჯმენტი
როცა მწვრთნელი ტაქტიკას ცვლის და ამით შეიძლება თავდაყირაც აყენებს გუნდის სათამაშო მანერას, ეს ან სასიკეთოდ იმუშავებს, ან უნდა მოემზადოს მკაცრი კრიტიკის მოსასმენად. როცა წინა სეზონში ლუი ვან გაალმა "მანჩესტერში" 3 მცველით თამაში გადაწყვიტა, არ გამოვიდა ეს საქმე,
მაგრამ უკან დაბრუნება რომ მოისურვა, უკვე გვიან იყო - სახელოვანმა მწვრთნელმა სასაცილოდ გაიხადა საქმე.

სრულიად განსხვავებულია "ჩელსის" სიტუაცია. 3-4-2-1-ზე გადასვლა ანტონიო კონტეს ტრიუმფალური ნაბიჯი იყო. იმ დღიდან მოყოლებული, "ჩელსიმ" ზედიზედ 11 მატჩი მოიგო. ზეემოციურმა იტალიელმა აბსოლუტურად სხვა კუთხით გამოაჩინა ის ფეხბურთელები, რომლებმაც წინა სეზონში, ჟოზე მოურინიოსთან ერთად, რბილად რომ ვთქვათ, ვერაფერი გააწყვეს...

თუმცა ერთიცაა - დიეგო კოშტას გარეშე "ჩელსი" ვერ გახდება ჩემპიონი და ეს კარგად ესმის კონტესაც. ჯერჯერობით კი მან იმას მაინც მიაღწია, რომ პანტომიმის ბოროტი ფიგურისგან კოშტა "გოლების მანქანად" აქცია.

სულ სხვა გზა აირჩია "ლივერპულმა", რომელიც ყველაზე სასიამოვნოდ ყურებადი გუნდია პრემიერლიგაში - უმაღლესი ენერგიის, ზეაგრესიული შეტევითი სტილის გამოხატულება. ანუ ეს არის იურგენ კლოპის ფეხბურთი, რომელსაც ჩვენ კარგად ვიცნობთ. მისი "ლივერპული" ნამდვილად იმსახურებს ტიტულს, მაგრამ... რა ვუყოთ დაცვას? კლოპის მთავარ პრობლემად რჩება უკანა ხაზი, რომელიც იშვიათად ინახავს კარს "მშრალად". ჰერ იურგენს შეცდომების დანახვაც შეუძლია - როცა მისი ფავორიტი მეკარე ლორის კარიუსი შედეგის მიღწევაში გუნდს ხელს უშლიდა, მაშინვე სკამზე გადასვა.

პეპ გვარდიოლა, როგორც თავად ამბობს, ჯერ კიდევ მოსწავლის როლშია. მან იცოდა, რომ პრემიერლიგა ურთულესი ტურნირი იყო, მაგრამ დღემდე ვერ ხვდება, როგორ ასწავლოს საკუთარ თავსაც და გუნდსაც "მეორე ბურთზე" თამაში. თუმცა არა უშავს - ისევე, როგორც ნებისმიერი ადამიანი, მწვრთნელიც მუდმივი სწავლის პროცესში უნდა იყოს...

გვარდიოლაც ერთ დღესაც ისწავლის, როგორ გახადოს "მანჩესტერ სიტი" ისეთივე სრულყოფილი (ან თითქმის სრულყოფილი), როგორიც მისი "ბარსელონა" და "ბაიერნი" იყვნენ. მანუელ პელეგრინისგან მან გაზარმაცებული გუნდი ჩაიბარა. იაია ტურესაც გააგებინა, რომ ვარსკვლავობა სხვა პასუხისმგებლობაა. პეპის მეთოდმა გაჭრა და "სიტიმ" ძველი იაია დაიბრუნა...

კარგი საყურებელია არსენ ვენგერის "არსენალიც" - ლამაზი გოლებით, უდიდესი პოტენციალით და, გნებავთ, იმის უნარითაც, როგორ შეიძლება ვერ გამოიყენო და გაფლანგო კოლოსალური უპირატესობა თუნდაც ერთ კონკრეტულ მატჩში. "არსენალი" ვერა და ვერ იქცა "დიდ ბიჭად", რაც მენტალურ პრობლემას უკავშირდება...

ვენგერი ყოველთვის ამბობდა, რომ "არსენალში" მთავარი იყო ღირებულებები და არა - ფული. თუმცა ის ფაქტი, რომ "მეთოფეები" მუდმივად კარგავდნენ წამყვან მოთამაშეებს, საწინააღმდეგოზე მიუთითებს. აბა, ვნახოთ, როგორ მოახერხებს მესიე არსენი მესუთ იოზილისა და ალექსის სანჩესის შენარჩუნებას...

"მანჩესტერ იუნაიტედის" ფანები სიხარულით შეხვდნენ ჟოზე მოურინიოს მოსვლას. თუმცა მუშაობის საწყისმა პერიოდმა, ისევე, როგორც "ჩელსიში" მეორედ მისვლის დროს, მოურინიოს მეთოდები კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა. ჯერჯერობით, ეს შეგვიძლია ვთქვათ - ჟოზემ "მანჩესტერი" ძალიან ძნელად დასამარცხებელ გუნდად აქცია.

მაგრამ მერე? ეს ვერ იქნება საკმარისი "ოლდ ტრაფორდისთვის", რომელსაც დევიდ მოიესის, იმავე ვან გაალისა და მოურინიოს გადამკიდე, ალექს ფერგიუსონის დროება ენატრება...

მაურისიო პოჩეტინოს დღევანდელი "ტოტენჰემი" შარშანდელის ოდნავ ნეგატიური ვერსიაა. "მამლების" ძირითადი სათამაშო პრინციპები უცვლელი რჩება და ის ყველასგან იმსახურებს სიმპათიას, თუმცა ამ გუნდს მეტი სიღრმე და სოლიდურობა სჭირდება.

რა მოიტანა ზაფხულის სატრანსფერო კამპანიამ...
"ტოტენჰემში" ჯერჯერობით არ იმუშავა ვინსენტ იანსენის ტრანსფერმა, რასაც ჰარი კეინისთვის კონკურენციის გაწევის დანიშნულება ჰქონდა, მაგრამ 22 წლის ჰოლანდიელმა ჯერ მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა, თან იმ პირობებშიც, როცა იმავე კეინის ტრავმამ თავის გამოჩენის შანსი მისცა...

განსხვავებულია სიტუაცია "მანჩესტერ იუნაიტედში". მოურინიომდე სამი სატრანსფერო ზაფხული წყალში გადაყრილი ფულია. თუმცა ჟოზეს წლევანდელი შენაძენები - ზლატან იბრაჰიმოვიჩი, პოლ პოგბა და ჰენრიხ მხითარიანი - რომ იტყვიან, მიზანშია მორტყმული...

...ისევე, როგორც "ჩელსის" შემთხვევაში ნგოლო კანტე და პარიზიდან დაბრუნებული დავიდ ლუიზი. ეს ბოლო გადაწყვეტილება თავიდან შეცდომად ფასდებოდა, მაგრამ კონტემ დაამტკიცა, რომ არც ამ შემთხვევაში შემცდარა.

დაცვის ხაზისთვის ვენგერსაც სჭირდებოდა საიმედო კაცი და არჩევანი შკოდრან მუსტაფიზე (ამჟამად ტრავმირებულია) შეაჩერა. ვაღიაროთ, რომ ზეგამოცდილ ფრანგ სპეციალისტს ხშირად არ უმართლებდა ცენტრალური მცველების არჩევანში, თუმცა "არსენალის" ფანებს იმედი აქვთ, რომ ამჯერად პოზიტივი გაცილებით მეტი იქნება.

ძნელი სათქმელია, უცნაური დამთხვევაა თუ კანონზომიერება, თუმცა ფაქტია - ტრავმირებული მუსტაფის არყოფნაში "არსენალმა" ზედიზედ ორი მატჩი წააგო...

გამოჩნდა, რომ "ლივერპულს" ვერ გაუმართლა მეკარე ლორის კარიუსმა, ხოლო მალე ვნახავთ, რა ფასი ექნება ფორვარდ სადიო მანეს, როცა მომავალ თვეში სენეგალის ნაკრებთან ერთად აფრიკის ერთა თასზე ითამაშებს და "ლივერპულს" მის გარეშე მოუწევს მეტოქეთა კარის დალაშქვრაზე ზრუნვა...

გასულ ზაფხულს "მანჩესტერ სიტიმ" იყიდა ძალიან ნიჭიერი ინგლისელი მცველი ჯონ სტოუნზი. სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ეს ახალგაზრდა მხოლოდ მაშინ გამოაჩენს თავის ჭეშმარიტ პოტენციალს, როცა გვერდით კარგი მეწყვილე ეყოლება...

წარმატებულს ვუწოდებდით ილქაი გიუნდოგანის ტრანსფერსაც, რომ არა გერმანიის ნაკრების ნახევარმცველის უმძიმესი ტრავმა, რამაც ის სეზონის ბოლომდე ჩამოაცილა საქმეს. ნიჭიერია ასევე გერმანიიდან მოსული ლეროი სანეც, მაგრამ 20 წლის შემტევს ჯერ კიდევ ბევრი რამ აქვს დასამტკიცებელი...

მოსალოდნელი რისკები და პრობლემები
კონტე: დიეგო კოშტას ტრავმამ, შესაძლოა, ყველაფერი შეცვალოს. ამ მომენტისთვის კონტეს მისი სრულფასოვანი შემცვლელი არ ჰყავს. ეს ფაქტობრივად, ბეწვის ხიდია...

კლოპი: ძალიან ცოტა აქვს "მშრალი" მატჩი, რამაც მარათონის გარკვეულ ეტაპზე შეიძლება ხელი შეუშალოს ტიტულისთვის ბრძოლაში...

გვარდიოლა: როგორ უნდა იმუშაოს გუნდმა, როცა ბურთს მეტოქე ფლობს - გვარდიოლასთვის ეს სერიოზული პრობლემაა.

ვენგერი: ბოლოს როდის იყო, რომ "არსენალის" სერიოზულად ეშინოდათ? ვენგერმა საბოლოოდ უნდა შეცვალოს ეს წარმოდგენა...

პოჩეტინო: პოჩეტინომ როგორმე უნდა მოახერხოს და ერიკ დაიერი კვლავ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფეხბურთელად აქციოს...

მოურინიო: რა უნდა უყოს მოურინიომ უეინ რუნის? პრობლემა თითქოს არ ჩანს ზედაპირზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის აღარ არსებობს...

უახლოესი 3 ტურის კალენდარი
ჩელსი

26.12 ბორნმუთი შინ
31.12 სტოკი შინ
04.01 ტოტენჰემი სტ

ლივერპული
27.12 სტოკი შინ
31.12 მანჩესტერ სიტი შინ
02.01 სანდერლენდი სტ

მანჩესტერ სიტი
26.12 ჰალი სტ
31.12 ლივერპული სტ
02.01 ბარნლი შინ

არსენალი
26.12 ვესტ ბრომვიჩი შინ
01.01 კრ. პალასი შინ
03.01 ბორნმუთი სტ

ტოტენჰემი
28.12 საუთჰემპტონი სტ
01.01 უოტფორდი სტ
04.01 ჩელსი შინ

მანჩესტერ იუნ
26.12 სანდერლენდი შინ
31.12 მიდლსბრო შინ
02.01 ვესტ ჰემი სტ

იურგენ კლოპი
ასაკი: 49
ხელფასი: 7.5 მლნ ფუნტი
ჩემპიონის ტიტული: 2
იანვრის სამიზნე: მცველი (სავარაუდოდ, ბენ დევისი/ტოტენჰემი)

ანტონიო კონტე
ასაკი: 47
ხელფასი: 6.5 მლნ
ჩემპიონის ტიტული: 4
იანვრის სამიზნე: ფორვარდი (სავარაუდოდ, ალვარო ნეგრედო/მიდლსბრო)

არსენ ვენგერი
ასაკი: 67
ხელფასი: 8.3 მლნ
ჩემპიონის ტიტული: 4
იანვრის სამიზნე: მცველი (სავარაუდოდ, ჯონ ტერი/ჩელსი)

ჟოზე მოურინიო
ასაკი: 53
ხელფასი: 15 მლნ
ჩემპიონის ტიტული: 8
იანვრის სამიზნე: მცველი (სავარაუდოდ, მაიკლ კინი/ბარნლი)

პეპ გვარდიოლა
ასაკი: 45
ხელფასი: 15 მლნ
ჩემპიონის ტიტული: 7
იანვრის სამიზნე: მცველი (სავარაუდოდ, ვირგილ ვან დიიკი/საუთჰემპტონი)

მაურისიო პოჩეტინო
ასაკი: 44
ხელფასი: 5.5 მლნ
ჩემპიონის ტიტული: 0
იანვრის სამიზნე: ფორვარდი (სავარაუდოდ, ჯერმეინ დეფო/სანდერლენდი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გვარდიოლა აუცილებლად განახორციელებს და ათამაშებს სიტისაც იმ ბრწყინვალე ფეხბურთს ბარსელონაში რომ ათამაშებდა, არავინ თქვას ახლა ბარსა მაინც ეგრე ითამაშებდაო, კლოპია კიდევ გენიოსი, და ძირს მაურინიოს ანტიფებურთი!
ილია
21:33 23-12-2016
0

სიახლეები პოპულარული