ამ თემაზე სკანდალური განცხადება გააკეთა "კალჩოპოლის" მოსამართლემ, კარლო პორჩედუმ:
"ვფიქრობ, ჩვენ უფრო მეტი უნდა გვემუშავა ლუჩანო მოჯის საქმეზე, რადგან არ გვქონდა საკმარისი მტკიცებულებები მისი დანაშაულის დასამტკიცებლად და მიუხედავად ამისა, წავართვით "იუვენტუსს" სკუდეტო და "ინტერს" მივანიჭეთ. ვფიქრობ, ეს შეცდომა იყო და 2005/06 წლების სეზონში, "იუვემ" ჩემპიონატი დამსახურებულად მოიგო.
მაშინ, საქმის გამოძიების პროცესში, დიდი გავლენა ჰქონდა ფედერკალჩოს
ამ კომენტარმა მთელი იტალიური მედია მოიცვა და, რა გასაკვირია, რომ კიდევ ბევრი განცხადება გაკეთდა. მოვუსმინოთ როგორც "იუვენტუსის", ისე "ინტერის" წამომადგენლებს...
ანდრეა ანიელი ("იუვენტუსის" პრეზიდენტი): "როდესაც თვით "კალჩოპოლის" მოსამართლე ამბობს, რომ გადაწყვეტილება მცდარი იყო, ვფიქრობ, ეს სკანდალია და ბევრი საკითხი უნდა გადაიხედოს. დღემდე ვერ გაიგო საზოგადოებამ, თუ რატომ დაისაჯა "იუვენტუსი" და რატომ მიიღო "ინტერმა" ასეთი საჩუქარი. ჩვენ უკვე დიდი ხანია ვითხოვთ სამართლიანობის აღდგენას და იმედია, ეს დღე ახლოსაა. "იუვენტუსი" ყველაზე მეტჯერ არის იტალიის ჩემპიონი და ამის ერთადერთი მიზეზი ჩვენი სიძლიერეა".
მასიმო მორატი ("ინტერის" ყოფილი პრეზიდენტი): "ვერ გავიგე, საერთოდ რაზე საუბრობდა მოსამართლე და რატომ გადაწყვიტა მაინცდამაინც დღეს, რომ "იუვენტუსი" ტყუილად დაისაჯა. ამბობს, რომ საქმის პროცესში "ინტერის" დირექტორთა საბჭოს წარმომადგენელი მონაწილეობდა, გვარს კი არ ასახელებს. თუ ასეთი გაბედულია, ახადოს ფარდა სიმართლეს და დაასახელოს ყველა გვარი.
იტალიური ფეხბურთი კორუფციაში იყო ჩაფლული, დამნაშავეები კი უნდა დასჯილიყვნენ. არ შეიძლება, ყველას ყველაფერი შერჩეს და ამიტომ "კალჩოპოლის" პროცესი არ უნდა გადაიხედოს. "ინტერმა" ყველა საჩემპიონო ტიტული დამსახურებულად მოიგო".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"