"ჯენოა": ანდრეა მანდორლინი საქმეს შეუდგა

AutoSharing Option
ბოლო პერიოდში "ჯენოა" საშინლად ასპარეზობს და მკვეთრად გაიუარესა სატურნირო მდგომარეობა.

თავად განსაჯეთ, გენუურმა გუნდმა ბოლო 9 თამაშში მხოლოდ 2 ქულა აიღო, გასულ უქმეებზე კი აუტსაიდერ "პესკარასგან" 5 უპასუხო გოლი გაუშვა. რა გასაკვირია, რომ კლუბის მესვეურებმა გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ივან იურიჩი გაათავისუფლეს, მის ნაცვლად კი უკვე წარადგინეს ახალი მწვრთნელი ანდრეა მანდორლინი.

56 წლის სპეციალისტი კარიერის განმავლობაში ბევრ გუნდს წვრთნიდა, მათ შორის: "პადოვას", "ატალანტას", "ბოლონიას", "სიენას", "სასუოლოს", "კლუჟს" და "ვერონას".

ყველაზე წარმატებულად სწორედ "ვერონაში" იმუშავა, სადაც მთელი 5 წელი დაჰყო და
გუნდი ლიგა პროდან სერია A-ს მე-10 ადგილამდე აღაზევა. მანდორლინიმ უკვე გააკეთა პირველი კომენტარი "ჯენოას" მთავარი მწვრთნელის რანგში:

"ეს დიდი გამოწვევაა, რომელიც სიამოვნებით მივიღე. "ჯენოაში" შესანიშნავი შემადგენლობაა შეკრებილი და ამ გუნდს გაცილებით უკეთ შეუძლია თამაში. წელიწადნახევრიანი კონტრაქტი გავაფორმე, თუმცა "ჯენოაში" დარჩენას კიდევ დიდხანს ვაპირებ.

მიმდინარე სეზონი, რაც შეიძლება მაღალ საფეხურზე უნდა დავასრულოთ, მომდევნო ჩემპიონატში კი ევროსაგზურის მოპოვებას დავისახავთ მიზნად. პირველმა ვარჯიშმა კარგად ჩაიარა, ფეხბურთელებს გავეცანი და მჯერა, რომ გულშემატკივარს ერთად გავახარებთ".

მანდორლინიმ საგანგებოდ ისაუბრა მიმდინარე სეზონის ერთ-ერთ აღმოჩენა ჯოვანი სიმეონეზე: "გუნდში რამდენიმე ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა ფეხბურთელია და მათ შორის გამორჩეულია სიმეონე. უკვე ვესაუბრე მას და იოლად გამოვნახეთ საერთო ენა. ჯოვანი მოტივირებულია და სურს, რომ "ჯენოასთან" ერთად მიაღწიოს წარმატებას".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული