იტალიის თასი. სკანდალური მატჩი ტურინში

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის ნახევარფინალში უაღრესად საინტერესო წყვილები მივიღეთ და შესაბამისად, ამ ტურნირის მიმართ ინტერესი ერთიორად გაიზარდა. ერთი მხრივ, ჩრდილოეთისა და სამხრეთის დაპირისპირება: "იუვენტუსი"-"ნაპოლი" და მეორე მხრივ, რომაული დერბი: "რომა"-"ლაციო".

აქვე ვთქვათ, რომ იტალიის თასის ნახევარფინალური ეტაპი ორი მატჩისგან შედგება და შესაბამისად, გუნდებს გასვლაზე და შინ მოუწევთ ასპარეზობა, რაც რომაელების შემთხვევაში, ფორმალობაა.

თასის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩი ტურინში შედგა, სადაც "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა. ბუნებრივია, რომ მწვრთნელებმა ოპტიმალური შემადგენლობები დააყენეს და ექსპერიმენტებს მოერიდნენ.

ერთადერთი გამონაკლისი ნეტოა, რომელიც "იუვეს" კარს იცავდა და ის ჯანლუიჯი
ბუფონს ცვლიდა. აღსანიშნავია "ნაპოლის" ძირითად შემადგენლობაში არკადიუშ მილიკის გამოჩენა.

პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და მათივე გამარჯვებით დასრულდა. მატჩის 36-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც რამდენიმესვლიანი კომბინაცია ხოსე კალეხონის ზუსტი დარტყმით დასრულდა - 0:1.

მეორე ნახევარი ორი წუთის დაწყებული იყო, როდესაც პაულო დიბალა მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, კალიდუ კულიბალის ფეხს წამოედო და მინდორზე გაგორდა, რასაც ნეაპოლელთა კარში თერთმეტმეტრიანის დანიშვნა მოჰყვა. დიახ, დიბალა უფრო თვითონ წაიქცა, ვიდრე წააქციეს და მსაჯს თავისუფლად შეეძლო არგენტინელი თავდამსხმელი სიმულაციისთვის ყვითელი ბარათით დაესაჯა. მატჩის 64-ე წუთზე, გონსალო იგუაინმა გოლი თამაშის წესების დაცვით გაიტანა და "იუვენტუსი" დააწინაურა - 2:1.

აქვე აღვნიშნოთ, რომ არგენტინელმა გატანილი გოლი მოკრძალებულად აღნიშნა. მესამე გოლი ტურინელებმა ასევე თერთმეტმეტრიანით გაიტანეს - ხუან კუადრადო მეკარესთან პირისპირ დარჩა, წინ გამოსული რეინა კი კოლუმბიელს ფეხებში ეკვეთა და ძირს დააგდო - ესპანელი პირველი ბურთს შეეხო, მაგრამ შემდეგ კუადრადოც ზედ მიაყოლა და მინდორზე უხეშად დაანარცხა - ამ ეპიზოდში მსაჯს შეეძლო, როგორც დაენიშნა თერთმეტმეტრიანი, ისე არ დაენიშნა, ხელი კი ნიშნულისკენ გაიშვირა - უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად ისევ დიბალამ აქცია. შედეგად, "იუვენტუსი" ორი ბურთით დაწინაურდა და განმეორებითი მატჩის წინ სოლიდური ფორა შეიქმნა.

მატჩის შემდეგ მთავარი სალაპარაკო თემა მსაჯობა და "ნაპოლის" კარში დანიშნული ორი თერთმეტმეტრიანი იყო. ბუნებრივია, ყველაზე მეტად ნეაპოლელებმა იხმაურეს და კომენტარებიც შესაბამისი გააკეთეს...

მასიმილიანო ალეგრი ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ და დამსახურებულად წავაგეთ, მეორეში კი უკეთ ავმოძრავდით, მოვუმატეთ და შედეგიც შესაბამისი მივიღეთ. თუ წარმატების მიღწევა გვსურს, მთელი 90 წუთი უმაღლეს დონეზე უნდა ვითამაშოთ. სეზონი გადამწყვეტ ფაზაში შედის, წინ უმნიშვნელოვანესი მატჩებია, რომლებსაც ოპტიმალურ ფორმაში უნდა შევხვდეთ. იტალიის თასის ფინალში ჯერ არ გავსულვართ, რადგან წინ ურთულესი მატჩია ნეაპოლში".

ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი): "მსაჯებზე ლაპარაკობდნენ მაშინაც, როდესაც "რომა" და "ინტერი" დავამარცხეთ, მაგრამ იმ შეხვედრებშიც, ისევე, როგორც "ნაპოლისთან", უფრო ძლიერმა გაიმარჯვა. არ მინდა, რომ ნეაპოლელებმა მსაჯობაზე ლაპარაკში დიდი ენერგია დახარჯონ, რადგან წინ "რეალთან" უმნიშვნელოვანესი მატჩია.

როგორც იტალიელს, ძალიან მინდა, რომ "ნაპოლიმ" მადრიდული ბარიერი გაიაროს. მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპი ორმა იტალიურმა გუნდმა პირველ ადგილზე დაასრულა, რაც დიდი ხანია, არ მომხდარა. იმედია, "ნაპოლი" გაივლის "რეალს", "რომა" კი ევროპალიგაზე გაიმარჯვებს. რაც შეეხება იტალიის თასს, დაე, ფინალში უძლიერესი გავიდეს".

კრისტიანო ჯინტოლი ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი): "მატჩის ბედი გადაწყვიტა ორმა არა საეჭვო, არამედ სამარცხვინო თერთმეტმეტრიანმა. დიბალა თავისით წაიქცა, რეინამ კი ჯერ ბურთზე ითამაშა და მხოლოდ შემდეგ შეეხო კუადრადოს. ამასთან, მსაჯს ჩვენ სასარგებლოდ პენალტის დადება მართებდა, როდესაც "იუვეს" საჯარიმოში რაულ ალბიოლი წააქციეს. ეს იყო მატჩი, რომელიც ლახავს მთლიანად იტალიური ფეხბურთის იმიჯს".

პეპე რეინა (ნაპოლი): "ჯერ ბურთზე ვითამაშე და მხოლოდ შემდეგ შევეხე კუადრადოს - ასეთ დროს, ფეხბურთელია ვალდებული, რომ გადაახტეს მეკარეს, რადგან მე ვერ გავქრებოდი. ვფიქრობ, მსაჯს გაცილებით მეტი საბაბი ჰქონდა, რომ რაულ ალბიოლზე დაენიშნა თერთმეტმეტრიანი.

გაბრაზებული ვარ, რადგან ვფიქრობ, რომ დაუმსახურებლად წავაგეთ. გამოდის, რომ ჩვენ არა მარტო გუნდთან, მსაჯებთანაც გვიწევს დაპირისპირება. წინ განმეორებითი მატჩია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ფინალში გასასვლელად".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული