იტალიის თასი. გამოხმაურება: "ლაციოს" სოლიდური ფორა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
იტალიის თასის ნახევარფინალში რომაული გუნდები გადაეყარნენ ერთმანეთს და შესაბამისად, დამატებითი ორი დერბის ხილვის საშუალება მოგვეცა. ორრაუნდიანი ბრძოლის პირველი ეტაპი "ლაციოს" გამარჯვებით დასრულდა და თანაც, სოლიდური ანგარიშით - 2:0.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ფორმალური მასპინძელი სწორედ "ბიანკოჩელესტე" გახლდათ და განმეორებითი მატჩის წინ კომფორტული ფორაც შეიქმნა.

ბევრისთვის მოულოდნელად, მატჩი სწორედ "ლაციოს" უპირატესობით წარიმართა და შედეგი სრულად ასახავს მოედანზე განვითარებულ მოვლენებს. მართალია, ბურთს უფრო ხშირად "ჯალოროსი" ფლობდა, მაგრამ გაცილებით მწვავედ "ლაციოს" ფეხბურთელები უტევდნენ და კიდევ უფრო დიდი ანგარიშითაც შეეძლოთ მოგება.

სიმონე ინძაგის შეგირდებმა ორი შესანიშნავი
გოლიც გაიტანეს - მატჩის 30-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც მარცხენა ფრთაზე განვითარებულ იერიშს ფელიპე ანდერსონის გამოზომილი პასი და მილინკოვიჩ-სავიჩის უზადო დარტყმა მოჰყვა - 1:0.

მეორე გოლი მატჩის დასრულებამდე 15 წუთით ადრე გავიდა, როდესაც შეტევა უკვე მარჯვენა ფრთიდან განვითარდა, ბალდე კეიტამ კი იდეალური გადაცემით ჩირო იმობილე მოძებნა, რომელსაც დაუცველ კარში გატანა აღარ გასჭირვებია - 2:0.

მთლიანობაში, "ლაციო" იყო გაცილებით მობილიზებული, კონცენტრირებული, ენერგიული, მიზანდასახული და მონდომებული, რამაც განაპირობა კიდეც საბოლოო შედეგი. ქებათა ქება ინძაგის, რომელმაც პირველი დუელი აშკარად მოუგო ლუჩანო სპალეტის და სოლიდური ფორა შეიქმნა...

სიმონე ინძაგი ("ლაციოს" მწვრთნელი): "თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო იდეალური თამაში ჩემი შეგირდების შესრულებით და ამისთვის მათ მადლობა ეკუთვნით. ვფიქრობ, უმრავლეს კომპონენტებში დავჯაბნეთ მეტოქე და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. ჩვენი მიზანი იტალიის თასის მოპოვებაა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ. ვფიქრობ, ეს ტროფეი შესანიშნავი საჩუქარი იქნება გულშემატკივრებისთვის. "რომა" არა მარტო იტალიის, ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, რომელსაც არა მხოლოდ შედეგით, თამაშის ხარისხით ვაჯობეთ".

ლუჩანო სპალეტი ("რომას" მწვრთნელი): "ეს, უბრალოდ, არ იყო ჩვენი დღე და შესაბამისად, ჩვენი მატჩი. შეგვეძლო მინიმუმ ერთი გოლის გატანა, მაგრამ იღბალი მეტოქის მხარეს იყო. ეს მხოლოდ ბრძოლა იყო, ომი კი გრძელდება და წინ განმეორებითი მატჩია. დარწმუნებული ვარ, გვაქვს იმის რესურსი, რომ ჩამორჩენა აღმოვფხვრათ და ფინალში გავიდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული