ძამპარინი მონაგონია... "პალერმოს" ახალი პრეზიდენტი წინაზე ექსტრავაგანტურია

AutoSharing Option
"პალერმოს" აქციათა საკონტროლო პაკეტი კომპანია Integritas Capital-მა იყიდა და უახლოეს მომავალში სიცილიურ კლუბში დიდძალი ამერიკულ-ინგლისური ინვესტიცია დაიხარჯება. ყოველ შემთხვევაში, ასეთია დაპირება და დანარჩენს დრო გვიჩვენებს.

შესაბამისად, კლუბში დასრულდა მაურიციო ძამპარინის ეპოქა, რომელიც ცნობილი იყო თავისი ექსტრავაგანტური გამოხდომებით და მწვრთნელთა ხშირი ცვლით. 15 წელიწადში ძამპარინიმ 52 მწვრთნელი შეცვალა და ვეჭვობთ, რომ ეს რეკორდია არა მარტო იტალიაში, არამედ მის ფარგლებს გარეთაც.

"პალერმოს" უკვე ახალი პრეზიდენტი ჰყავს, რომელსაც აქვე წარმოგიდგენთ - 33 წლის პოლ ბაკალინი, რომელიც იტალიური წარმოშობის ამერიკელია და Integritas Capital-ის ერთ-ერთი
დამფუძნებელია.

ბოლო წლებში, ბაკალინი იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და რამდენიმე რეიტინგული სატელევიზიო და რადიოპროექტის პროდიუსერი და წამყვანი გახლდათ. ბაკალინი კიდევ უფრო ექსტრავაგანტური ადამიანია, ვიდრე ძამპარინი და ამაზე მის მიერ ორგანიზებული არაერთი საინტერესო და ზოგჯერ სკანდალური აქცია მოწმობს. მაგალითად, ერთხელ ლიმონების ჩეხვის საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია მოაწყო, სულ მთლიანად გაშიშვლდა და ლიმონებთან ერთად, ფოტოსესია მოაწყო.

როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები ვარაუდობენ, ბაკალინი მალე გაეხვევა საფეხბურთო სკანდალებშიც და ისეთ შოუებს დადგამს, რომ ძამპარინი მონაგონი იქნება. ჯერჯერობით, მისტერ პოლი თავდაჭერილია და მისი პირველი კომენტარი, "პალერმოს" პრეზიდენტის რანგში, ადეკვატურია:

"დიდი გეგმები გვაქვს და გვსურს, რომ უახლოეს 5 წელიწადში "პალერმო" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდეს. ამისთვის აუცილებელია ახალი, ულტრათანამედროვე სტადიონი და გაუმჯობესებული საწვრთნელი ბაზა. თანამედროვე ინფრასტრუქტურის გარეშე წარმატებაზე ფიქრი გამორიცხულია. გვაქვს პროექტი, რომელსაც ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მივყვეთ და წარმატება აუცილებლად მოვა. რა როლი ექნება მაურიციო ძამპარინის? - ის კლუბის კონსულტანტი იქნება და მისი გამოცდილება ჩვენთვის მნიშვნელოვანია".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული