ულტრასების ბოიკოტი სეზონის ბოლომდე - "რომას" ფან-კლუბის განცხადება

AutoSharing Option
"რომას" გულშემატკივრებს, განსაკუთრებით კი, ულტრასებს "სტადიო ოლიმპიკოზე" დაწესებული უსაფრთხოების მკაცრი ნორმები არ მოსწონთ. ამის გამო უკვე წლებია, რაც ულტრასები რომაულ დერბის ბოიკოტს უცხადებენ, მიმდინარე სეზონში კი პროტესტი უფრო მასშტაბური გახდა - როგორც "რომას" ფან-კლუბის ოფიციალურ განცხადებაშია ნათქვამი, სეზონის ბოლომდე ისინი არც ერთ საშინაო შეხვედრას აღარ დაესწრებიან - დროა, თვითონ განცხადებას გავეცნოთ...

"მიმდინარე სეზონის ბოლომდე აღარ დავესწრებით "რომას" არც ერთ შეხვედრას "სტადიო ოლიმპიკოზე", რისი მიზეზიც სტადიონზე არსებული უსაფრთხოების მკაცრი ნორმებია.

მიუხედავად ჩვენი მრავალი წლის მოთხოვნისა, ტრიბუნებზე კვლავაც რჩება ხელოვნური ბარიერები, რომლებიც
ულტრასებს გვყოფს დანარჩენი გულშემატკივრებისგან, თითქოს, ცხოველები ვიყოთ.

სტადიონზე შესვლის წინ, სხვა ქომაგებისგან განსხვავებით, გავდივართ სამმაგ შემოწმებას და გვიწევს ფეხსაცმლის გახდაც კი. გვეკრძალება პეტარდების შეტანა და ჩვენი ტრადიციული ტექსტების სკანდირება, რომლებიც სულაც არ შეიცავს რაიმე სახის დისკრიმინაციულ ხასიათს. ეს შეზღუდვები არ გვაძლევს საშუალებას, რომ გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული საყვარელი გუნდის მიმართ - ხშირად არის გადაცდომები, რის გამოც ჯარიმდება კლუბი.

ამიტომ, სანამ ეს წესები იმოქმედებს, ვამჯობინებთ, რომ შევიკრიბოთ ტესტაჩოს მოედანზე, სადაც არ გვეკრძალება არაფერი და საიდანაც ჩვენს გემოზე ვუქომაგებთ გუნდს. აქვე, გვინდა აღვნიშნოთ, რომ ველოდებით სოლიდარობას იმ გულშემატკივრების მხრიდან, რომლებიც არ არიან ჩვენი დაჯგუფების წევრები. თუმცა, არ გავკიცხავთ მათ, ვინც წავა სტადიონზე და უქომაგებს ჩვენს საყვარელ გუნდს".

იტალიურ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ულტრასების ბოიკოტს სხვა გულშემატკივრებიც უერთდებიან, რადგან ყველა ხედავს, რომ უსაფრთხოების ნორმების გამკაცრებასთან ერთად, "სტადიო ოლიმპიკოზე" ის ატმოსფერო და მუხტი დაიკარგა, რომელიც ყოველთვის ახლდა "რომას" საშინაო თამაშებს.

ითქვა ისიც, რომ "რომას" ულტრასთა ბოიკოტი ვრცელდება არა მარტო სერია A-ზე, არამედ იტალიის თასსა და ევროპალიგაზეც - შესაბამისად, "ლიონთან" საშინაო შეხვედრას "რომა" ერთგული გულშემატკივრების გარეშე ჩაატარებს.

არადა, ლუჩანო სპალეტის გუნდს ორბურთიანი ფორა აქვს ამოსაქაჩი და მხურვალე მხარდაჭერა ჰაერივით სჭირდება. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბოიკოტი ფართომასშტაბიან სახეს იღებს და ეს სოციალურ ქსელში აგორებული კამპანიით კარგად ჩანს - ბოლო ინფორმაციით, "რომა"-"ლიონის" თამაშზე მხოლოდ 13 000 ბილეთია გაყიდული და ისეთი პირი უჩანს, რომ ეს შეხვედრა ცარიელი ტრიბუნების ფონზე ჩაივლის. აქვე ვთქვათ, რომ "სტადიო ოლიმპიკო" 70 000 გულშემატკივარს იტევს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული