"ნაპოლი": დრის მერტენსი ხელფასზე ვაჭრობს

AutoSharing Option
მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "ნაპოლის" მესვეურებს უთანხმოება აქვთ გუნდის ერთ-ერთ ლიდერ დრის მერტენსთან. საქმე ახალ კონტრაქტს და შესაბამისად, ფინანსურ დეტალებს ეხება. 29 წლის ბელგიელს ნეაპოლურ გუნდთან ხელშეკრულება 2018 წელს ეწურება, რომლის გახანგრძლივება კლუბის მესვეურებს აქედანვე სურთ.

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციით, ნეაპოლელები მერტენსს ახალ, 3-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ, რომლის ფარგლებშიც სეზონში 2,5 მილიონ ევროს მიიღებს. მერტენსს ეს პირობები არ აწყობს და წელიწადში 3,5 მილიონ ევროს ითხოვს.

ბელგიელს მაცდური წინადადებები აქვს ჩინეთიდან, თუმცა ევროპაში დარჩენა სურს და ცდილობს, ისეთ კონტრაქტს მოაწეროს ხელი, რომლის
შემთხვევაშიც, ფინანსური დანაკარგი შედარებით ნაკლები ექნება. შესაძლოა, მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ და მერტენსს ხელფასის სახით 3 მილიონი ევრო განესაზღვროს. ამ დროისთვის, მოლაპარაკება ჩიხშია შესული და მთავარია, რომ ეს ფეხბურთელის თამაშზე არ აისახოს.

შეგახსენებთ, რომ ბელგიელი ბრწყინვალე ფორმაშია და მიმდინარე სეზონში ბომბარდირთა დავაშია ჩაბმული.

ამასობაში, მედიას "ნაპოლის" კაპიტანი მარეკ ჰამშიკი გაესაუბრა და განაცხადა, რომ გუნდის პროგრამა-მაქსიმუმი ჩემპიონატში მეორე ადგილის დაკავებაა: "უნდა გავუსწოროთ რეალობას თვალი და ვაღიაროთ, რომ სკუდეტოსთვის ბრძოლაში "იუვენტუსი" უკონკურენტოა. ტურინელები დიდი ფორით არიან წინ და რთულად წარმოსადგენია, რომ ეს უპირატესობა გაანიავონ.

სამაგიეროდ, "რომას" წამოვეწიეთ და ჩვენ შორის სხვაობა მხოლოდ ორი ქულაა. შესაბამისად, მეორე ადგილზე ასვლის რეალური შანსი გვაქვს. ეს პოზიცია ჩემპიონთა ლიგის ძირითად ბადეში იძლევა ადგილს და შესაბამისად, მაქსიმალური მონდომება გვმართებს.

"რეალთან" განვლილი მატჩები ჩვენთვის დიდი გამოცდილება იყო - მართალია, დავმარცხდით, მაგრამ ვფიქრობ, რომ ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას ღირსეულად გამოვეთიშეთ. ევროპის უპრესტიჟულეს საკლუბო ტურნირზე აუცილებლად უნდა მოვხვდეთ და მომდევნო სეზონში გაცილებით უკეთ წარმოვჩინდეთ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული