აურელიო დე ლაურენტისი: ვერატის ტრანსფერზე მწვრთნელს დავეთანხმე და მერე ძალიან ვინანე

AutoSharing Option
"ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი "რაი სპორტს" ესტუმრა და სატრანსფერო საკითხებზე ისაუბრა. რაც უფრო ახლოვდება ზაფხული, მით უფრო აქტუალური ხდება სატრანსფერო სიახლეები, "ნაპოლი" კი, როგორც ჩანს, ყურადღების ცენტრში იქნება მოქცეული. დე ლაურენტისის საუბარს თემების მიხედვით გთავაზობთ...

მერტენსი
ჯერ უცნობია, თუ სად ითამაშებს მომდევნო სეზონში დრის მერტენსი. ბელგიელს ხელშეკრულების ვადა 2018 წელს ეწურება, რომლის გახანგრძლივებასაც არ ჩქარობს. თუ ახალი კონტრაქტი არ გაფორმდება, ჩვენ მოგვიწევს მის გასხვისებაზე დაფიქრება.

ვიცი, რომ დრისი უამრავ ზარს იღებს ევროპული გრანდებიდან, თუმცა მას ყოველთვის უნდა ახსოვდეს, თუ
სად გახდა ასეთი მოთხოვნადი - მაურიციო სარიმ მას ახალი ადგილი მოუძებნა, ცენტრფორვარდის პოზიციაზე დააყენა და მერტენსმაც იმდენი გოლი შეაგდო, რამდენიც ბოლო სამ სეზონში ერთად აღებული.

დრისი რომ გასულ ზაფხულს სხვა გუნდში გადაბარგებულიყო, შესაძლოა, დღეს მასზე არავის ესაუბრა. ჩემი სურვილი წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნებაა, მაგრამ თუ თავად მოთამაშემ მოისურვა წასვლა, ძალით ვერ გავაჩერებ - ვნახოთ, რას გადაწყვეტს მერტენსი. ისე კი, კონტრაქტების გაფორმება არ გვეშლება და თუ რომელიმე კლუბს ჩვენი ლიდერის წაყვანა სურს, შესაბამისი თანხაც უნდა გადაიხადოს.

კულიბალი
"ჩელსი" კულიბალის სანაცვლოდ 40 მილიონ ევროს გვთავაზობდა, მაგრამ რადგან თავად ფეხბურთელს არ სურდა ნეაპოლის დატოვება, ჩვენ მის გასხვისებაზე უარი ვთქვით. როდესაც ფეხბურთელს "ნაპოლი" არ ეთმობა, მე მის შესანარჩუნებლად ყველაფერს გავაკეთებ. ისე კი, შეუცვლელი არავინაა და ჩვენ დაცვაშიც გვყავს ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელების ალტერნატივა.

ამასთან, ზაფხულში ახალი მოთამაშეების დამატებას ვაპირებთ. ვნახოთ, ყველაფერი სატრანსფერო ფანჯრისას გამოჩნდება და ბუნებრივია, რომ გადამწყვეტი თავად კულიბალის პოზიცია იქნება.

ინსინიე
ლორენცო ინსინიე გუნდის ერთ-ერთი ლიდერი და მთავარი სიმბოლოა. გულშემატკივრებს ის განსაკუთრებულად უყვართ, რადგან ნეაპოლელია. ახალ ხელშეკრულებასთან დაკავშირებით გვქონდა პრობლემები, მაგრამ ყველაფერი მოგვარდა. დასამალი არაფერია - ლორენცოს სურდა 4 მილიონი ევრო წელიწადში და პლუს, მისი საიმიჯო ატრიბუტიკის გაყიდვებიდან შემოსული თანხის ნახევარი.

საბოლოოდ, სეზონში 5 მილიონ ევროზე შევთანხმდით, საიმიჯო შემოსავალი კი მთლიანად კლუბს დარჩა. ეს ჩემი მუშაობის სტილია - თავის დროზე, იგუაინიც მედავებოდა საიმიჯო შემოსავლებზე, მაგრამ სიმართლე ჩემს მხარეს იყო. მიხარია, რომ ინსინიესთან ყველა საკითხი მოგვარდა და ის ჩვენთან რჩება - ლორენცო გუნდისთვის უმნიშვნელოვანესი ფიგურაა.

მილიკი და პავოლეტი
როდესაც გონსალო იგუაინი წავიდა, თავდასხმა გაძლიერების საჭიროების წინაშე იდგა და სწორედ მაშინ დავიმატეთ არკადიუშ მილიკი და შემდეგ ლეონარდო პავოლეტი. პოლონელს არ გაუმართლა, რადგან მალევე მძიმე ტრავმა მიიღო და შემდეგ ვეღარ შევიდა ფორმაში.

"რეალთან" მატჩის შემდეგ სარი გავაკრიტიკე, რომ ფორვარდებს, რომლებშიც დიდი თანხა გადავიხადე, სათამაშო დრო არ ეძლევათ - ეს ცხელ გულზე გაკეთებული კომენტარი იყო, რადგან მწვრთნელის საქმეში არასდროს ჩავრეულვარ. იმედია, მილიკი და პავოლეტი წარმოაჩენენ შესაძლებლობებს, რადგან მათ მიმართ გაცემული ავანსები ძალაშია.

ახალი ფეხბურთელები
როგორც აღვნიშნე, მწვრთნელის საქმეში არ ვერევი და ახალი ფეხბურთელების შერჩევაც მაურიციო სარის პრეროგატივაა.

ჩემი მხრივ, ყველაფერს გავაკეთებ, რომ მწვრთნელის სურვილი ავასრულო. როგორც ვიცი, მწვრთნელს მონიშნული აქვს რამდენიმე ფეხბურთელის გვარი, რომელთა გადმობირებასაც შევეცდებით. იყო შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ფეხბურთელის გადაბირება მსურდა, მაგრამ მწვრთნელი წინააღმდეგი იყო და შესაბამისად, ტრანსფერი დაიბლოკა - არადა, შემდეგ მინანია ეს გადაწყვეტილება.

მაგალითად, ლორენცო ინსინიესთან ერთად, "პესკარადან" მარკო ვერატის წამოყვანა მსურდა, მაგრამ ვალტერ მაძარიმ კატეგორიული უარი განაცხადა. მწვრთნელმა დამარწმუნა, რომ ვერატი მის სქემას ვერ მოერგებოდა და შესაბამისად, ფულის წყალში გადაყრა არ ღირდა.

არადა, შემდეგ ვერატიმ ძალიან მოუმატა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი გახდა. მიუხედავად ამისა, ვფიქრობ, რომ ტრანსფერები მწვრთნელის მითითებით უნდა განხორციელდეს, რადგან შედეგზე პასუხისმგებელი სწორედ ისაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული