როცა ევროპაში თავისი სიტყვა თქვა და შექმნა "პირლოს ფეხბურთი", კარიერის მიწურულს შედარებით მშვიდ, ნაკლებად სტრესულ გარემოში გადაინაცვლა - 2015 წლიდან "ნიუ იორკ სიტიში" (MLS) აგორებს ბურთს.
ეს მეტად საინტერესო ინტერვიუ პოპულარულ ფრანგულ გამოცემა "ეკიპში" დაიბეჭდა...
- ახლა ევროპაში ყველა ჩემპიონთა ლიგით ცხოვრობს. 2015 წელს, "ბარსელონასთან" ფინალში წაგების შემდეგ, თქვენი ცრემლები ყველას ახსოვს...
- 2005 წელს
- მაგრამ 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის შემდეგ უკვე ბედნიერების გამო ტიროდით. ნახევარფინალში კი, გერმანიასთან, ფაბიო გროსოს დამატებით დროში პასი რომ მიეცით, უბრალოდ, გენიალური იყო...
- დიახ, ეს მართლაც ყველაზე ბედნიერი წუთები იყო ჩემს კარიერაში. ასე მეგონა, გროსოსა და დელ პიეროს გოლებს შორის მთელმა ცხოვრებამ ჩაიარა, არადა, სულ რაღაც ორ-სამ წუთში მოხდა ეს ყველაფერი. გერმანიას მოვუგეთ დორტმუნდში, სადაც მანამდე არასოდეს წაეგო, მერე კი იყო ფინალი...
- საფრანგეთთან ფინალის წინა ღამეს მართლა თამაშობდით "ფლეი სთეიშენს" ალესანდრო ნესტასთან ერთად?
- კი, ასე იყო. და არა მარტო იმ დღეს, ნაკრებშიც და "მილანშიც" ხშირად ვთამაშობდით "ფლეი სთეიშენს". ჩემი გუნდი ყოველთვის "ბარსელონა" იყო... რეალობაში, ემოციები და გრძნობები შეუდარებლად ძლიერია, ვიდრე - ოცნებებში. ოცნებად კი მქონდა, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილია დაგვემარცხებინა, მაგრამ რეალობაში ეს მოხდა საფრანგეთთან და ყველანი ძალიან ბედნიერები ვიყავით, ამას სიტყვებით ვერ აღწერ...
- მოდი, ერთგვარი ფსიქოანალიზის სეანსი ჩავატაროთ. როცა ბურთს იღებთ, რა ხდება ამ დროს თქვენს ტვინში?
- არაფერი განსაკუთრებული. ძალიან ძნელია ამის ახსნა. ფეხბურთის ჩემეულ სტილში მთავარი ხაზი იყო უბრალოება და სიმარტივე. ასეთი ფეხბურთი ჩემს პარტნიორებსაც უმარტივებდა საქმეს.
- თქვენ მაინც განსაკუთრებული, გამორჩეული მანერა გაქვთ, ქმნით, ასეთ ვთქვათ, თამაშის არქიტექტურას. ალბათ, სკოლაში გეომეტრია და მათემატიკა გიყვარდთ. საინტერესოა, რა დამოკიდებულება გაქვთ ხელოვნებასთან?
- მათემატიკისა და გეომეტრიის სიყვარული გამორიცხეთ, ამ საგნებში ვიყავი აბსოლუტური ნული! ხელოვნება კი მართლა ძალიან მიყვარს, განსაკუთრებით - მოდერნი. "მილანის" სპორტული დირექტორი არიედო ბრაიდა იყო ხელოვნების დიდი თაყვანისმცემელი. ამ სფეროში მისგან ბევრი რამ გავიგე და ვისწავლე. ის მირჩევდა ხოლმე, რომელი მხატვრის ნახატი მეყიდა. სახლში პატარა სამხატვრო მეზეუმიც მაქვს...
- საყვარელი მხატვარი...
- პიკასო. რამდენჯერაც უნდა შევხედო მის ნახატებს, ყოველთვის ახალ-ახალი შთაბეჭდილებებით ვივსები. ახლა ნიუ-იორკში ვცხოვრობ და ეს არის მსოფლიოს თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქი. აქ უამრავი გალერეაა და როცა დრო მაქვს, ხშირად შევივლი ხოლმე...
- დავუბრუნდეთ ფეხბურთს. ხედავთ დღეს ევროპულ ფეხბურთში "ახალ პირლოს"?
- ამ პოზიციაზე ძალიან ბევრი კარგი ფეხბურთელია, მაგრამ ჩემი მანერა მაინც განსხვავებული იყო. დღეს თუ არა, ხვალ შეიძლება გამოჩნდეს "ახალი პირლო" და ეს მხოლოდ გამიხარდება.
- მართალია, თითქოს შტეფან ლიხტშტაინერს ერთხელ ასეთი რამ უთხარით - "არაფერზე იფიქრო, უბრალოდ, ყოველთვის მე მომეცი ბურთი"?
- იყო ასეთი სიტყვებიც. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, წარვმართო გუნდის თამაში, იმიტომ, რომ ეს ჩემში ზის, იმიტომ, რომ ვიცი, როგორ უნდა გავაკეთო ეს. მარტო ლიხტშტაინერისთვის კი არა, ეს სხვა პარტნიორებისთვისაც მითქვამს - მომეცით პასი და მე რაღაცას მოვიფიქრებ!.. როგორც კი ბურთი ჩემთანაა, მაშინვე, წამებში ვხვდები, რა უნდა გავაკეთო. ეს არის დიდი ნიჭი, ბურთის მიღებამდე იცოდე, რომელი სვლა იქნება შემდეგი, საითკენ უნდა განვითარდეს შეტევა...
- ცხოვრებაშიც ასე დარწმუნებული ხართ საკუთარ თავში?
- დიახ, ცხოვრებაშიც ასეა, რადგან ძალიან კარგად ვიცი, რა მინდა. ყოველთვის მაქვს მკაფიო მიზანი და კარგია, რომ ასეა მოედანზეც.
- თავის დროზე რთული პერიოდი გქონდათ "ინტერში", რასაც ჯერ "რეჯინაში", მერე კი "ბრეშაში" განათხოვრება მოჰყვა. მაშინაც არ დაეჭვებულხართ საკუთარ თავში?
- თქვენ წარმოიდგინეთ, ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი საკუთარ შესაძლებლობებში, რადგან კარგად ვიცოდი ჩემი ფასი და მჯეროდა, რომ ეს სირთულეები მალე წარსულს ჩაბარდებოდა. ცხოვრებამ დაამტკიცა, რომ არ ვცდებოდი.
- რა იქნება კარიერის დასრულების შემდეგ?
- ჯერ არ ვიცი. არც ის ვიცი, როდის დავასრულებ კარიერას. "ნიუ იორკ სიტიში" კონტრაქტით კიდევ ერთი წელიწადი უნდა ვიყო. ვნახოთ, როგორ ვიქნები სეზონის ბოლოს. ყოველ შემთხვევაში, ჩემი წასვლის დღე არ არის ძალიან შორს...
- რით განსხვავდებიან თანამედროვე ფეხბურთელები თქვენი თაობის მოთამაშეებისგან?
- როცა თამაშის შემდეგ გასახდელში შევდიოდი, ვიჯექი ჩემთვის ჩუმად, თავს ზემოთ არ ვწევდი, მწვრთნელის შენიშვნებს ველოდებოდი... დღევანდელი თაობის ფეხბურთელები კი ყველაფერზე ხმამაღლა ლაპარაკობენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განსხვავება.
- შესაძლებელია, მარკო ვერატის თქვენი მემკვიდრე ვუწოდოთ?
- მარკო ძალიან მაღალი კლასის ფეხბურთელია და მიმაჩნია, რომ ის არის იტალიური და ევროპული ფეხბურთის მომავალი. ველოდები, რომ უახლოეს 20 წელიწადში ვერატი ყველასთვის მაგალითი იქნება. ისიც ზუსტად იმ პოზიციაზე თამაშობს, რომელზეც - მე, მაგრამ ჩემგან განსხვავებით, ვერატი უპირატესობას ანიჭებს მოკლე პასს, უფრო დიდხანს არის ბურთთან...
- ვერატისთვის თავიდანვე ავტორიტეტი იყავით?
- ჩვენ შესანიშნავი ურთიერთობები გვაქვს. როცა პსჟ-მა "ბარსელონას" 4:0 მოუგო, მარკოს გამარჯვება მესიჯით მივულოცე.
- მართალია, თითქოს 2011 წელს პსჟ-ის სპორტულ დირექტორ ლეონარდოს პარიზში გადასვლაზე ელაპარაკებოდით?
- მართალია. ერთ დღესაც მან დამირეკა და მკითხა, მსურდა თუ არა პსჟ-ში თამაში. არ დავმალავ, ჩემთვის ეს ძალიან საინტერესო ვარიანტი იყო, მაგრამ ორი დღით ადრე "იუვენტუსთან" გავაფორმე კონტრაქტი და ჩვენი საუბარიც იქვე დასრულდა.
- ანუ "იუვენტუსთან" კონტრაქტი რომ არ გაგეფორმებინათ, დათანხმდებოდით ლეონარდოს?
- არ ვიცი, მაგრამ ჩვენ აუცილებლად შევხვდებოდით ერთმანეთს და ვილაპარაკებდით...
- მანამდე კი, 2010 წელს, პეპ გვარდიოლა გიწვევდათ "ბარსელონაში"...
- "მილანი" და "ბარსელონა" ამხანაგურ მატჩს თამაშობდნენ "კამპ ნოუზე". მატჩის შემდეგ გვარდიოლამ თავის ოფისში მიმიწვია, რომელიც იქვე, სტადიონზე ჰქონდა. ცხადია, მან მკითხა, მსურდა თუ არა "ბარსელონაში" თამაში. რა თქმა უნდა, ეს ჩემთვის უდიდესი პატივი იყო და ვუთხარი კიდეც ამაზე გვარდიოლას, მაგრამ იმ პერიოდში "მილანი" ჩემ გაშვებაზე ჯერ არ ფიქრობდა...
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"