სერია A ადრე და ახლა: ციფრებში ასახული ისედაც ნათელი განსხვავება

AutoSharing Option
მართალია, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალშია და ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირის მოგების ერთ-ერთ ფავორიტად ითვლება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ იტალიურმა საკლუბო ფეხბურთმა საბოლოოდ დაძლია კრიზისი.

დღევანდელ სერია A-ს ჯერ კიდევ ბევრი უკლია ძველი დიდების დასაბრუნებლად, რაშიც ქვემოთ დარწმუნდებით. იტალიურ მედიაში გავრცელდა საინტერესო სტატისტიკური ინფორმაცია, რომელიც ამ განსხვავებას ნათლად ასახავს - შევადაროთ ერთმანეთს სერია A-ს 1999/2000 წლების და მიმდინარე სეზონის გათამაშება - თუ რა კრიტერიუმებში, ამაზე ქვემოთ...

მსოფლიოს ჩემპიონები
1999/2000 წლების სეზონში იტალიის უმაღლეს ლიგაში 10 მსოფლიოს ჩემპიონი ასპარეზობდა: ალდაირი, კანდელა,
კაფუ, ბლანი, რონალდო, ზიდანი, ვერხოვოდი, ლეიონარდო, ტიურამი, ბოღოსიანი. როგორც ხედავთ, სერია A-ში 1994 და 1998 წლების მსოფლიოს ჩემპიონები: ბრაზილიელები და ფრანგები ასპარეზობდნენ. სიაშია იტალიელი პიეტრო ვერხოვოდი, რომელიც შორეულ 1982 წელს გახდა მუნდიალის გამარჯვებული.

რა ვითარებაა ამ მხრივ დღეს? - იტალიაში 8 მსოფლიოს ჩემპიონი ასპარეზობს: ბუფონი, ბარძალი, ხედირა, რეინა, ალბიოლი, დე როსი, ტოტი, ჯილარდინო. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი იტალიის ნაკრებმა მოიგო და იმ გუნდიდან 5 მოთამაშე დღესაც თამაშობს ფეხბურთს. როგორც ხედავთ, გასული საუკუნის მიჯნაზე, იტალიაში საუკეთესო ლეგიონერები ასპარეზობდნენ, ამჟამად კი განსხვავებული ვითარებაა - 2014 წლის მუნდიალის გამარჯვებული გუნდიდან სერია A-ში მხოლოდ ერთი ფეხბურთელია, 2010 წლის ტრიუმფატორი გუნდიდან კი ორი.

ევროპის ჩემპიონები
2000/01 წლების სეზონში, სერია A-ში ევროპის 5 ჩემპიონი ასპარეზობდა: კანდელა, ბლანი, ზიდანი, ტიურამი, ბირჰოფი. ძირითადად, ფრანგები, რომლებმაც 2000 წელს მოიგეს კონტინენტის პირველობა, თუმცა ერთი გერმანელიც გახლავთ, რომელმაც 1996 წელს იპირველა. საგულისხმოა, რომ 2000 წელს, ფინალში ფრანგებმა იტალიელებს მოუგეს - წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩემპიონთა რაოდენობა სერია A-ში გაცილებით მაღალი იქნებოდა.

რა ვითარებაა ამ მხრივ დღეს? - რეინა, ალბიოლი, ჟოაო მარიო, ბრუნო ალვეში - სწორედ ეს 4 ფეხბურთელია, რომლებსაც ევროპის ჩემპიონატი აქვთ მოგებული და იტალიაში ასპარეზობენ. რაოდენობაში არა, მაგრამ ხარისხში დიდი განსხვავებაა - აბა, სად ზიდანი, ტიურამი, ბლანი და ბირჰოფი და სად ბრუნო ალვეში ან ჟოაო მარიო.

ყველას გვახსოვს, რომ 1996 წლის ევროპის ჩემპიონატზე ბირჰოფი მთავარი ვარსკვლავი იყო - ფინალში სწორედ მისმა გატანილმა გოლმა მოუტანა გერმანიას გამარჯვება. შედარებისთვის, პეპ რეინაც და რაულ ალბიოლიც ესპანეთის ნაკრებში სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ.

Sportall.Ge

სამხრეთ ამერიკის ჩემპიონები
ამ საუკუნის მიჯნაზე, სერია A-ში სამხრეთ ამერიკის 11 ჩემპიონი ასპარეზობდა: კაფუ, რონალდო, ბატისტუტა, ფონსეკა, დიეგო ლოპესი, აბეიჰონი, სერჟინიო, ლეონარდო, ამოროზო, სიმეონე, ანდრე კრუზი - გვარები ყველაფერზე ნათლად მეტყველებს; რეალურად, სწორედ იტალიაში ასპარეზობდნენ საუკეთესო სამხრეთამერიკელი ფეხბურთელები და ბუნებრივია, რომ ჩემპიონებიც. მარტო რონალდოს და გაბრიელ ბატისტუტას ხსენება რად ღირს, რომლებიც იმ პერიოდში მსოფლიოს საუკეთესო ფორვარდები იყვნენ.

რა ვითარებაა ამ მხრივ დღეს? - იტალიაში 5 ჩემპიონი ასპარეზობს: დანი ალვეში, მედელი, მატი ფერნანდესი, პინილია, ისლა. ამ შემთხვევაში, განსხვავება საგრძნობია და კიდევ უფრო დიდი იქნებოდა, ბოლო ორი კოპა ამერიკა მოულოდნელად ჩილეს რომ არ მოეგო. ხსენებულ 5-ეულში 3 ჩილელია, რომლებსაც გაგვიჭირდება, რომ მსოფლიო ფეხბურთის გამორჩეული ვარსკვლავები ვუწოდოთ.

ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულები
1999/2000 წლების სეზონში იტალიაში ჩემპიონთა თასის, იგივე ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული 32 ფეხბურთელი ასპარეზობდა: ანტონიოლი, პერუცი, პანუჩი, სოუზა, ზეედორფი, იუგოვიჩი, ტორიჩელი, ამორი, დი ლივიო, ჰეინრიხი, მიატოვიჩი, ვან დერ სარი, რამპულა, ფერარა, პესოტო, ტაკინარდი, დავიდსი, კონტე, დელ პიერო, მაროკი, ვერჰოვოდი, კ. როსი, მალდინი, კოსტაკურტა, ალბერტინი, ბობანი, ფუზერი, მიხაილოვიჩი, ლომბარდო, რავანელი, ბოქსიჩი, ლენტინი - შთამბეჭდავი ჩამონათვალია და არც არის გასაკვირი, რადგან იმ პერიოდში ევროპაში იტალიური გუნდები დომინირებდნენ. ბუნებრივია, სიაში მეტწილად "იუვენტუსის" და "მილანის" ფეხბურთელები არიან.

დღეს, სერია A-ში ჩემპიონთა ლიგის მხოლოდ 12 გამარჯვებულია: დანი ალვეში, ხედირა, მანჯუკიჩი, სანტონი, ვერმაელენი, სტორარი, მაქსი ლოპესი, პანდევი, ბორიელო, ბისარი, მუნტარი, ჯილარდინო - ძირითადად, ვეტერანები, რომლებიც მალე დაასრულებენ საფეხბურთო კარიერას. თუმცა, "იუვენტუსს" აქვს კარგი შანსი, რომ ეს რიცხვი მკვეთრად გაზარდოს - ამისთვის, ტურინელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მართებთ.

ევროპალიგის გამარჯვებულები
17 წლის წინ იტალიაში უეფას თასის, იგივე ევროპალიგის 42 გამარჯვებული ასპარეზობდა: პერუცი, კოლონეზე, ფრეზი, ხ. ძანეტი, სერენა, კოე, მორიერო, რ. ბაჯო, რეკობა, რონალდო, სამორანო, ფიორე, ბალბო, კიეზა, ვან დერ სარი, ფერარა, დავიდსი, პალიუკა, ზე ელიასი, ვესტი, ბუფონი, გუარდალბენი, აპოლონი, ფ. კანავარო, ტიურამი, ვანოლი, ბენარივო, სარტორი, დ. ბაჯო, ბოღოსიანი, ფუზერი, სტანიჩი, კრესპო, სენსინი, კოუტუ, სიმეონე, ვერონი, რავანელი, ბუჩი, გალანტე, გრიპა, ფერანტე - არც ესაა გასაკვირი, რადგან იმ პერიოდში, ევროპის რანგით მეორე საკლუბო ტურნირზე მეტწილად იტალიური გუნდები აღწევდნენ წარმატებას. უეფას თასი "იუვენტუსმა", "ინტერმა", "ლაციომ" და "პარმამ" მოიგეს და ეს ფეხბურთელებიც სწორედ ამ გუნდებში ასპარეზობდნენ.

რა ვითარებაა ამ მხრივ დღეს? - მხოლოდ 11 ჩემპიონი შეგვიძლია ჩამოვთვალოთ: ბუფონი, დანი ალვეში, ალბიოლი, მირანდა, ბანეგა, ფასიო, პეროტი, დეულოფეუ, ბაკა, კრისტოფორო, მორეტი - რაოდენობასა და ხარისხში განსხვავება კოლოსალურია: ბაჯოს, ვერონის, ძანეტის, სამორანოს და რონალდოს შემდეგ, ფასიოზე და კრისტოფოროზე ლაპარაკი ცოტა უხერხულიც კია. ბოლო წლებში, ევროპალიგაზე ესპანური გუნდები დომინირებენ და ამ 11 ფეხბურთელიდან უმეტესობა იტალიაში სწორედ ლა ლიგიდან გადაბარგდა.

Sportall.Ge

"ოქროს ბურთის" მფლობელები
1999/2000 წლების სეზონში, სერია A-ში "ოქროს ბურთის" 4 მფლობელი ასპარეზობდა: ზიდანი, რონალდო, ვეა, რ. ბაჯო. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ მაშინ იტალიაში მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.

დღეს განსხვავებული ვითარებაა - ბოლო წლებში, "ოქროს ბურთს" მუდმივად ლიონელ მესი და კრიშტიანო რონალდო იგებენ, ისინი კი ესპანეთში თამაშობენ. შედეგად, დღეს იტალიაში არ თამაშობს არც ერთი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის სტატუსით დაიკვეხნის.

"ოქროს ბუცის" მფლობელები
ამ კომპონენტში თანაფარდობაა - 17 წლის წინ, იტალიაში მხოლოდ რონალდო ასპარეზობდა, რომელსაც "ოქროს ბუცი" აქვს მოგებული, დღეს კი ასეთი ფრანჩესკო ტოტია.

თუმცა, ეს ინდივიდუალური ტიტული საზომად არ გამოდგება - ცნობილია, რომ იტალიაში გოლების გატანა გაცილებით რთულია, ვიდრე სხვა ჩემპიონატებში და შესაბამისად, სერია A-ს ფეხბურთელი იშვიათად ხდება "ოქრო ბუცის" მფლობელი. თანაც, გასულ საუკუნეში უეფა გოლებს თანაბარი კოეფიციენტით აფასებდა, განურჩევლად ჩემპიონატის დონისა და შესაბამისად, "ოქროს ბუცის" მფლობელები ხშირად სუსტი ჩემპიონატების სრულიად უცნობი ფეხბურთელები ხდებოდნენ.

დასკვნა
იტალიურმა საკლუბო ფეხბურთმა ყველაზე ცუდი უკან მოიტოვა - კალჩოპოლის პროცესმა სერია A-ს დიდი დაღი დაასვა და მას შემდეგ ვითარება შედარებით გამოსწორდა. თუმცა, ზემოთ თქმული ნათელი დასტურია იმის, რომ კალჩოს ჯერ კიდევ დიდი გზა აქვს გასავლელი ძველი დიდების დასაბრუნებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 4 /
ბერგომი არ იყო ჩემპიონი ??? რატო გამოგრჩათ?
Dato
13:48 26-07-2018
0
არა კაცო რა ჩეხი, იტალიელი იყო სამპდორიაში გამოდიოდა წარმოშობით რუსი იყო, ყოველ შემთხვევაში დავით ქლიბაძისგან ასე მაქ მოსმენილი.
zorbegi -is
20:50 02-05-2017
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული