დანიელე დე როსის არჩევანი: "რომა" თუ "ინტერი"?

AutoSharing Option
მიმდინარე სეზონის ბოლოს დანიელე დე როსის "რომასთან" ხელშეკრულების ვადა ეწურება. რომაული კლუბის მესვეურები 33 წლის ნახევარმცველისთვის ახალ კონტრაქტს ამზადებენ, რომელიც ერთწლიანი იქნება, გახანგრძლივების პერსპექტივით.

რომაული კლუბი დე როსის სეზონში 3 მილიონ ევროს ჰპირდება - საგულისხმოა, რომ მოქმედი ხელშეკრულებით, დანიელე წელიწადში 6 მილიონ ევროს იღებს და ერთ-ერთი ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელია იტალიაში.

ამასობაში, დე როსის გადაბირების სურვილი "ინტერმა" გამოთქვა - მილანური გრანდის მესვეურები გამოცდილ ნასევარმცველს 2-წლიან კონტრაქტს და სეზონში 4 მილიონ ევროს სთავაზობენ.

"ნერაძურის" წინადადება გაცილებით სარფიანია, მაგრამ თავად ფეხბურთელს "რომაში" სურს
დარჩენა - მიმდინარე სეზონის ბოლოს ფრანჩესკო ტოტი, სავარაუდოდ, დაასრულებს კარიერას, გუნდის კაპიტანი კი დანიელე გახდება. ამ თემაზე დე როსიმ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"მთელი კარიერა "რომაში" გავატარე და მსურს, მშობლიურ გუნდში დავრჩე. ჩემთვის ფული არ არის მთავარი, თუმცა კლუბისგან პატივისცემას ველოდები. უახლოეს პერიოდში, შევხვდები კლუბის წარმომადგენლებს და იმედია, მარტივად მივაღწევთ შეთანხმებას. "ინტერის" შემოთავაზება? - სასიამოვნოა, რომ ჩემი გადაბირებით ევროპული გრანდები არიან დაინტერესებულნი".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული