ჯანლუიჯი ბუფონი - კაცი, რომელიც იმსახურებს "ოქროს ბურთს"

AutoSharing Option
3 ივნისს სეზონის კულმინაციაა - ჩემპიონთა ლიგის ფინალში ერთმანეთს "იუვენტუსი" და მადრიდის "რეალი" დაუპირისპირდებიან. ერთ-ერთი ნავსი უნდა გატყდეს - ან "რეალმა" უნდა წააგოს ფინალი, რაც აქამდე არასდროს მომხდარა, ან ერთმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა ზედიზედ ორჯერ უნდა მოიგოს, რაც აქამდე ასევე არასდროს მომხდარა.

თუმცა, გავრისკავთ და ვიტყვით რომ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ერთი რამ: მოიგებს თუ არა ჯანლუიჯი ბუფომი ჩემპიონთა ლიგას? - რაც აქამდე ასევე არასდროს მომხდარა...

თუ "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, დიდი ალბათობით, 39 წლის ჯანლუიჯი ბუფონი "ოქროს ბურთს"აიღებს და ეს
იქნება პირველი შემთხვევა 1963 წლის შემდეგ, როდესაც მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი მეკარე გახდება. მაშინ, "ოქროს ბურთი" ლეგენდარულ ლევ იაშინს ერგო და ვინ უნდა იყოს მეორე, თუ არა ასევე ლეგენდად ქცეული ჯიჯი ბუფონი? ... ბოლო 9 წელია, რაც "ოქროს ბურთს" ან ლიონელ მესი იგებს, ან კრიშტიანო რონალდო, ბუფონი კი ერთადერთია, ვისაც ამ სერიის შეწყვეტა შეუძლია - ამისთვის, ბუფონს ჩემპიონთა ლიგის მოგება სჭირდება, ტურნირის, რომელიც აქამდე არასდროს მოუგია...

წაგებული ფინალები
ჯანლუიჯი ბუფონს ჩემპიონთა ლიგის ორი ფინალი აქვს წაგებული: 2003 წელს "მილანთან" თერთმეტმეტრიანების სერიაში და 2015 წელს "ბარსელონასთან" - 1:3. პირველ შემთხვევაში, "იუვე" უფრო ფავორიტად ითვლებოდა, ვიდრე პირიქით და ამას ჰქონდა თავისი ახსნა - იმ წელს, "იუვემ" სკუდეტო დიდი უპირატესობით მოიგო და "მილანს" მთელი 11 ქულით გაუსწრო; იმ პერიოდში, "იუვენტუსი" უკეთესი გუნდი ჩანდა და ეს მიუხედავად იმისა, რომ "მილანშიც" ბრწყინვალე შემადგენლობას მოეყარა თავი. ფინალში, ბუფონი დიდებულად იდგა - ერთ ეპიზოდში, პიპო ინძაგის ურთულესი ბურთი აუღო, რის შემდეგაც "როსონერის" ფორვარდი უბრალოდ გაოგნებული იყო. თამაში პენალტების სერიამდე მივიდა, იქ კი მილანელებმა უკეთ დაარტყეს და ბუფონი ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო თასის გარეშე დარჩა.

2015 წელს "ბარსელონა" იყო აშკარა ფავორიტი - კატალონიური გრანდი შეუჩერებელი გახლდათ, "იუვე" კი თითქოს, მოულოდნელად გაძვრა ჩემპიონთა ლიგის ფინალში და ეს ამ გუნდის მაქსიმუმი იყო. ასეც აღმოჩნდა - "ბარსამ" აშკარად აჯობა მეტოქეს და დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა. იყო პერიოდი, როდესაც ტურინელებმა გაათანაბრეს ანგარიში და აქტიურად შეუტიეს, მაგრამ მთლიანობაში, "ბარსას" უპირატესობა ეჭვქვეშ არ დამდგარა.

"იუვემ" წააგო და თითქოს, ეს ბოლო შანსი იყო უკვე 37 წლის ბუფონისთვის. თუმცა, ჯიჯი არ დანებდა და ორი წლის შემდეგ, ის ისევ ფინალშია. უკვე სხვა რეალობაა და "იუვენტუსი" სულაც აღარ ჩანს აუტსაიდერი - პირიქით, ბევრის აზრით, სწორედ "ვეკია სენიორაა" ის გუნდი, რომელმაც ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო ტურნირი უნდა მოიგოს.

ჯიჯის ეს ტიტული აკლია
ჯანლუიჯი ბუფონი იტალიის 8-გზის ჩემპიონია. ზედიზედ 6-ჯერ მოგებული სკუდეტოს შესახებ ამ დღეებში ბევრი ითქვა - ჯიჯიმ კიდევ ორი საჩემპიონო ტიტული 2002 და 2003 წლებში მოიპოვა. ბუფონმა კიდევ ორი სკუდეტო მოიგო: 2005 და 2006 წლებში, მაგრამ კალჩოპოლის შემდეგ, ეს ტიტულები ჩამოართვეს.

ლეგენდარულ მეკარეს იტალიის თასი 4-ჯერ აქვს მოგებული: სამჯერ "იუვენტუსის", ხოლო ერთხელ "პარმას" შემადგენლობაში. 6-ჯერ მოიგო იტალიის სუპერთასი - ხუთჯერ "იუვენტუსის" და ერთხელ "პარმას" რიგებში. 1998-1999 წლების სეზონში, "პარმასთან" ერთად უეფას თასი მოიგო და ჯერჯერობით, ეს მისი პირველი და ერთადერთი ევროთასია. 2006 წელს, ბუფონი იტალიის ეროვნულ ნაკრებთან ერთად მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. საგულისხმოა, რომ ჯიჯი ევროპის ჩემპიონიც არის - ოღონდ, იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად 1996 წელს. ბუფონს სჭირდება ჩემპიონთა ლიგა, რომ ეს შთამბეჭდავი ნუსხა ევროპის უპრესტიჟულესი საკლუბო თასით გაამდიდროს - ჯიჯიმ ჩემპიონთა ლიგის თასი დაიმსახურა და მისთვის "ოქროს ბურთიც" ალალია.

Sportall.Ge

ბუფონი ჟურნალისტთა ყურადღების ცენტრშია მოქცეული - ლეგენდარულმა მეკარემ კითხვებს მეტად საინტერესოდ უპასუხა...

- რა არის თქვენთვის ჩემპიონთა ლიგა?
- ყველაზე პრესტრიჟლი საკლუბო ტურნირი, რომლის მოგება ნებისიერი ფეხბურთელის ოცნებაა. ჩემთვის ჩემპიონთა ლიგის მოგება იქნებოდა ჯილდო და გვირგვინი იმ გზის, რომლის გავლაც უდიდეს შრომასთან, სპორტულ სიჯიუტესთან, მიზადასახულობასთან და ვაჟკაცობასთან იყო დაკავშირებული. ეს იყო ურთულესი გზა, რომელიც გავიარე სწორედ ასეთი წუთებისთვის. ფინალში ორჯერ წავაგე და ის ემოციები დღემდე მწარე მახსოვს. იმედია, ამჯერად მოვიგებთ და გულშემატკივარს გავახარებთ. "იუვენტუსი" იმსახურებს ამ დიდ გამარჯვებას.

- ახლოა ეს ჯილდო?
- შესაძლოა, ისე ახლოს, როგორც არასდროს, მაგრამ მას მოპოვება სჭირდება. იოლად არასდროს არაფერი მიმიღია და არც ამჯერად ველოდები. წინ დიდი ბრძოლა გველოდება, რომლისთვის სრულ მზადყოფნაში ვართ. "რეალს" საუკეთესო თავდასხმა ჰყავს ევროპაში და მის წინააღმდეგ თამაში ურთულესი იქნება. პირადად მე, გამარჯვებისთვის მაქსიმუმს გავიღებ.

- ეს "რეალი" უფრო ძლიერია, თუ 2015 წლის "ბარსელონა"?
- ჩემპიონთა ლიგის ფინალში მხოლოდ უძლიერეს გუნდთან მოგიწევს თამაში და მთავარია, შენ თვითონ როგორ ფორმაში ხარ. მთავარია, ჩვენ ვიყოთ მზად როგორც ტექნიკურად, ისე ტაქტიკურად, ფიზიკურად და მენტალურად. ამ კომპონენტების გარეშე, დიდი წარმატების მიღწევა წარმოუდგენელია. ვფიქრობ, ამჯერად ჩვენ უკეთ ვართ მზად, ვიდრე ორი წლის წინ.

- როგორც ამბობენ, ჩემპიონთა ლიგის მოგების შემთხვევაში, "ოქროს ბურთი" თქვენ გერგებათ...
- თუ "ოქროს ბურთს" დავიმსახურებ, ეს ძალიან გამახარებს, მაგრამ საჩუქარი არ მჭირდება. განვლილი კარიერის დაფასება არ მითხოვია და არც ველოდები. მაგრამ, თუ ჩვენ ჩემპიონთა ლიგა მოვიგეთ და ეს ბრწყინვალე სეზონი დამიფასდა, ბედნიერი ვიქნები. მეკარეები იჩაგრებიან, მათ იშვიათად ერგებათ ინდივიდუალური ჯილდოები, რაც შეცდომაა. მე ჩემი კოლეგებისთვისაც ვთამაშობ და მათ სოლიდარობას ვუცხადებ.

- როგორი განცდაა, რომ ლევ იაშინის შემდეგ, თქვენ შესაძლოა, პირველი მეკარე გახდეთ, ვინც წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდება?
- ჯერჯერობით, ამაზე არ ვფიქრობ. შესაძლოა, არ გჯერათ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ ამ ეტაპზე, ჩემი და მთელი გუნდის ერთადერთი მიზანი ჩემპოიონთა ლიგის ფინალის მოგებაა. "იუვენტუსს" ერთი თამაშის მოგება სჭირდება იმისთვის, რომ ბრწყინვალე სეზონი ტრიპლეტით დაასრულოს და შესაბამისად, დღეს სხვა რამეზე ფიქრისთვის არ მცალია. თუ ჩემპიონთა ლიგას მოვიგებთ, "ოქროს ბურთზე" შემდეგ დავფიქრდები.

- კიდევ ერთი სეზონი აპირებთ ფეხბურთის თამაშს, ფრანჩესკო ტოტი კი კვირას ბოლო თამაშს ჩაატარებს "რომას" შემადგენლობაში...
- მიკვირს მათი, ვინც 32-33 წლის ასაკში ამთავრებს კარიერას. მე და ტოტი 40 წლამდე შემოვრჩით და ეს დროც არ გვყოფნის. ფრანჩესკო ფენომენალური ფეხბურთელია და შესანიშნავი ადამიანი. ბედნიერი ვარ, რომ მასთან ერთად ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობდი და 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატი მოვიგე. მინდა, სამომავლოდ ტოტის ყველაფერი საუკეთესო ვუსურვო. მას შეუძლია გახდეს როგორც კარგი მწვრთნელი, ისე კარგი მენეჯერი, რადგან ამისთვის ყველა მონაცემი აქვს. ტოტი რასაც მოკიდებს ხელს, ყველაფერში პროფესიონალი იქნება.

- მწარედ გახსენდებათ მის მიერ თქვენ კარში გატანილი გოლები?
- ჩემს კარში გატანილი არც ერთი გოლი არ მახსენდება სასიამოვნოდ, მაგრამ ფრანჩესკო ტოტის გოლები განსაკუთრებული მოვლენაა და არასდროს დამავიწყდება. მისთვის რომ არც ერთხელ არ მიმეცა გატანის საშუა;ება, გოლი-შედევრები დაიკარგებოდა. იმედი მაქვს, ფრანჩესკო არ დაასრულებს კარიერას და კიდევ ერთი წელი მაინც ითამაშებს ფეხბურთს.

- თქვენი გეგმები უცვლელია და კარიერას 2018 წლის მუნდიალის შემდეგ დაასრულებთ?
- ლოგიკურად ასე უნდა მოხდეს, თუმცა დღეს ამაზე ყველაზე ნაკლებს ვფიქრობ. წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალია და ყველაფერი სწორედ ამ მატჩის ირგვლივ ტრიალებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
თითქმის დარწმუნებული ვარ რომ იუვე მოიგებს!
burusa
14:56 28-05-2017
0

სიახლეები პოპულარული