ჯან პიერო ვენტურამ იტალიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

AutoSharing Option
იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯან პიერო ვენტურამ იმ ფეხბურთელების გვარები დაასახელა, რომლებსაც ორ უახლოეს შეხვედრაში დაეყრდნობა: 7 ივნისს, "სკუადრა აძურა" ამხანაგურად ურუგვაის შეხვდება, 11 ივნისს კი მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ეგიდით - ლიხტენშტაინს.

იტალია-ურუგვაი ნეიტრალურ მოედანზე, ნიცაში გაიმართება, ლიხტენშტეინს კი "აძურა" უდინეში უმასპინძლებს. დროა, გავეცნოთ ვენტურას სიას...

მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი), სიმონე სკუფეტი (უდინეზე);

მცველები: ჯორჯო კიელინი (იუვენტუსი), ლეონარდო ბონუჩი (იუვენტუსი), ანდრეა ბარძალი (იუვენტუსი), დავიდე ასტორი (ფიორენტინა), მატია კალდარა (ატალანტა), ლეონარდო სპინაცოლა (ატალანტა), ფედერიკო ჩეკერინი (კროტონე), დანილო
დამბროზიო (ინტერი), მატეო დარმიანი (მანჩესტერ იუნაიტედი, ინგლისი), ემერსონ პალმიერი (რომა);

ნახევარმცველები: დანიელე დე როსი (რომა), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), ანტონიო კანდრევა (ინტერი), მარკო ვერატი (პსჟ, საფრანგეთი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ფედერიკო ბერნარდესკი (ფიორენტინა), ლორენცო პელეგრინი (სასუოლო);

თავდამსხმელები: ანდრეა ბელოტი (ტორინო), ჩირო იმობილე (ლაციო), მარტინს ედერი (ინტერი), მანოლო გაბიადინი (საუთჰემპტონი, ინგლისი), სტეფან ელ შაარავი (რომა), ლორენცო ინსინიე (ნაპოლი).

ჯან პიერო ვენტურას სიაში განსაკუთრებულ სიურპრიზებს ვერ ვხედავთ - ერთადერთი, ვისი არყოფნაც თვალშისაცემია, რობერტო გალიარდინი გახლავთ. "ინტერის" ახალგაზრდა ნახევარმცველს ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და მას უთამაშია ეროვნული გუნდის შემადგენლობაში.

აღსანიშნავია ემერსონ პალმიერის გამოძახება, რომელმაც იტალიის მოქალაქეობა მიიღო და "სკუადრა აძურაში" თამაშის სურვილი გამოთქვა. ვენტურამ გამოიძახა ემერსონი, თუმცა შესაძლოა მისი დებიუტი გადაიდოს - "რომა"-"ჯენოას" შეხვედრაში პალმიერიმ ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა. ემერსონს დეტალური გამოკვლევა ჩაუტარდება და გაცხადდება, შეძლებს თუ არა ის ურუგვაისთან და ლიხტენშტეინთან ასპარეზობას. განაცხადშია სტეფან ელ შაარავი, რომელსაც შესანიშნავი სეზონი ჰქონდა, თუმცა ვენტურა აქამდე არასდროს სწყალობდა. ეროვნულ ნაკრებს დაუბრუნდა ორი გამოცდილი ნახევარმცველი: რიკარდო მონტოლივო და კლაუდიო მარკიზიო.

იტალიის ნაკრებმა უკვე დაიწყო შეკრება, თუმცა "იუვენტუსის" ფეხბურთელები "აძურას" 5 ივნისს შეუერთდებიან - მიზეზი გასაგებია: 3 ივნისს ტურინულ გრანდს ჩემპიონთა ლიგის ფინალი აქვს სათამაშო. ბოლოს, სიტყვა ვენტურას გადავცეთ:

"თითოეული მატჩისთვის მაქსიმალურად კარგად უნდა მოვემზადოთ. ჩემთვის არ არსებობს ადვილი მეტოქე და ასეთი არც ლიხტენშტაინია. ურთულეს ჯგუფში ვართ და ამიტომ შეცდომის უფლება არ გვაქვს. გამოვიძახე ის ფეხბურთელები, რომლებიც მოცემულ მომენტში საუკეთესო ფორმაში არიან. ბუნებრივია, რომ უკვე გამოკვეთილია ფეხბურთელთა ის ბირთვი, რომლებიც ნაკრებში ასპარეზობენ, თუმცა კარი ყველასთვის ღიაა, ვინც ამას დაიმსახურებს. "იუვენტუსის" ფეხბურთელები გვიან შემოგვიერთდებიან, თუმცა მათ ამისთვის საპატიო მიზეზი აქვთ - იმედია, "იუვენტუსი" ჩემპიონთა ლიგას მოიგებს და ტურინელები კარგ ხასიათზე ჩამოვლენ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული