ფაბიო კვალიარელა - ღალატი, რომელიც... არ ყოფილა

AutoSharing Option
ფაბიო კვალიარელას გულშემატკივრის წინაშე წარდგენა არ სჭირდება - "ნაპოლისა" და "იუვენტუსის" ყოფილი ფორვარდი, მსოფლიოს ჩემპიონი, რომელსაც "სკუადრა აძურაში" 25 მატჩი (7 გოლი) აქვს ჩატარებული, ნიჭიერი ფეხბურთელი, რომლის ბიოგრაფიის ერთი ეპიზოდი არ უნდა იყოს მკითხველისთვის უინტერესო...

2010 წელს "ნაპოლიმ" ის "იუვენტუსს" მიჰყიდა. გონსალო იგუაინის ბოლო მაგალითზე ვნახეთ, რომ ნეაპოლელი ფანატები ასეთ ტრანსფერებს არავის ჰპატიობენ, თუმცა...

..."კრეტინის ხუმრობა" - ალბათ, ეს იყო პირველი, რაც ფაბიო კვალიარელამ გაიფიქრა მის მისამართზე მისული ანონიმური წერილის წაკითხვისას. ეს ანონიმი ფეხბურთელს მაფიოზად, ნარკოდილერად და პედოფილად მოიხსენიებდა...

"ხუმრობების"
სერია გაგრძელდა და ერთი წლის შემდეგ, როცა კვალიარელა "ნაპოლიდან" "იუვენტუსში" გადავიდა, ერთ-ერთ წერილში მას პირდაპირ სიკვდილით დაემუქრნენ, და არა მარტო მას, არამედ, მისი ოჯახის წევრებსაც. ერთი შეხედვით, ეს მართლაც ჩვეულებრივი ისტორია უნდა ყოფილიყო, მაგრამ...

იყო ერთი შემთხვევა, როცა კვალიარელას ძალიან დაეხმარა ვინმე რაფაელე პიკოლო, რომელიც პროკურატურაში კიბერდანაშაულის გამოძიების განყოფილებაში მუშაობდა. ეს ის პერიოდია, როცა ფეხბურთელს კომპიუტერი "გაუტეხეს" და პრივატული მიმოწერები გაუსაჯაროეს...

პიკოლოსთვის ეს მარტივი საქმე იყო. "ჰაკერი" დაიჭირეს და დასაჯეს. ჰოდა, ვინ უნდა შეეწუხებინა მუქარის წერილების გამო, თუ არა ძველი მეგობარი? პიკოლოც გამოძიებას შეუდგა...

ერთ დღესაც, როცა ფაბიო სახლში არ იყო, მუქარის გზავნილი მამამისმა მიიღო: "თქვენი შვილი ახლა სასეირნოდაა წასული. ჩვენ მას ფეხებს გადავუმტვრევთ, მერე მოვკლავთ და მის გვამს გამოგიგზავნით", - ეწერა წერილში.

რა თქმა უნდა, მამა შეშფოთდა და უმალ შვილის ნომერი აკრიფა - ფაბიოს ტელეფონი არ პასუხობდა. თუმცა ეს ჩვეულებრივი შემთხვევითობა აღმოჩნდა, უბრალოდ, მობილური მოშორებით ჰქონდა და მამის ზარებს ვერ უპასუხა. ოღონდ, ეგ იყო, რომ მერე გაითვალისწინა მამის მკაცრი მითითება და ტელეფონს წამითაც არ იშორებდა...

...ამ დროს გუნდში ყველაფერი კარგად იყო. ნეაპოლში ისე ძალიან უყვარდათ კვალიარელა, სიმღერებსაც კი უძღვნიდნენ, თუმცა მას არაფერი უხაროდა. ყოველი დღე იწყებოდა საშინელი შეგრძნებით, რომ ვიღაც უთვალთვალებდა. ყველას ეჭვის თვალით უყურებდა - "ის არის? თუ ის არ არის?" ოჯახშიც იგრძნობოდა დაძაბულობა და ცხადია, ეს ფეხბურთელის კარიერაზეც ახდენდა ნეგატიურ გავლენას...

გამომძიებელი კი ხშირად დადიოდა ფაბიოსთან სახლში, არწმუნებდა მას, თითქოს ძიება სწორი გზით მიდიოდა, მეტიც - ის და კვალიარელა დამეგობრდნენ კიდეც. ფეხბურთელი გამომძიებელს ხშირად მაისურებს ჩუქნიდა...

ამასობაში, კვალიარელას "ნაპოლიში" პრობლემები დაეწყო...

* * *
რა თქმა უნდა, "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი საქმის კურსში იყო მუქარებთან დაკავშირებით. დიდ კინომაგნატს ეს უნიჭო ხუმრობად მიაჩნდა და კვალიარელასაც არწმუნებდა, რომ ეს სერიოზულად არ მიეღო. თუმცა, ყოველი შემთხვევისთვის, "ნაპოლის" მესვეურებმა ფეხბურთელს შესთავაზეს, საცხოვრებლად ქალაქის სხვა უბანში გადასულიყო...

რამდენიმე დღის შემდეგ მეხივით გავარდა - შვედურ "ელფსბორგთან" მატჩის წინ "ნაპოლის" ბოსებმა კვალიარელას უხმეს და პირდაპირ მიახალეს - შემადგენლობაში არ ხარ, "იუვენტუსში" გყიდითო!

როგორც ჩანს, დე ლაურენტისს არ სურდა რეპუტაციით გარისკვა და გუნდში ისეთი მოთამაშის ყოლა, ვისაც ყოველდღე ემუქრებიან, ფეხბურთს ძველებურად ვეღარ თამაშობს და, შესაბამისად, გუნდისთვის სარგებელიც ვეღარ მოაქვს...

ფაბიოსთვის ეს დიდი დარტყმა იყო. ოცნება ინგრეოდა, პიკოლო კი არწმუნებდა მას, რომ დამნაშავის კვალზე იდგა და დღე-დღეზე დააპატიმრებდა კიდეც...

ამასობაში, ნეაპოლის ტიფოზერია აღშფოთებას ვერ მალავდა: "ნაპოლის" ფეხბურთელი "იუვენტუსში" - ეს თითქმის ვეზუვის ამოფრქვევის ტოლფასია. ახლა წარმოიდგინეთ, ძირძველი ნეაპოლელის "იუვეში" გადასვლას რა ამბები მოჰყვებოდა. ჭკუადმყოფელი ფეხბურთელი ამას, უბრალოდ, არ გააკეთებს - ეს ხომ ცეცხლთან თამაშია?!

* * *
ასე იყო თუ ისე, კვალიარელა "იუვენტუსში" გადავიდა, მაგრამ ანონიმი მაინც არ ასვენებდა. ამას დაემატა "ნაპოლის" ქომაგთა მუქარები... არადა, ის ვერ გაექცეოდა ნეაპოლში ვიზიტებს - ქალაქში, სადაც მისი მშობლები და ახლობლები ცხოვრობდნენ. ყოველ ჯერზე მას ლამის გრიმით უწევდა მათი მონახულება, პარიკი და სათვალე ხომ აუცილებელი ატრიბუტი იყო. იმის შიშით, რომ ვიღაცას ქუჩაში ან რესტორანში არ ეცნო, ძველ მეგობრებს დროის ერთად გატარებაზეც უარს ეუბნებოდა...

...ერთ დღესაც, გამომძიებელმა პიკოლომ კვალიარელას მამას აცნობა, რომ მანაც მიიღო მუქარის ისეთივე წერილები, როგორსაც ფაბიო იღებდა. თუმცა არ უჩვენებია ეს წერილი, იმ მოტივით, რომ - ელექროფოსტიდან წავშალეო...

ამან ეჭვი გააჩინა, რომ "რაღაც ისე არ იყო". რატომ წაშალა პიკოლომ წერილი?! ეს ხომ სამხილი უნდა ყოფილიყო გამოძიებისთვის?! ცოტა ხანში, ფაბიომ გაიგო, რომ ანალოგიური მუქარის მესიჯებს იღებდნენ მისი ნაცნობებიც, რომლებიც სატელეფონო კონტაქტებში ჰყავდა მონიშნული...

მამამ დაარწმუნა ფაბიო, რომ ვინმე რიგით გამომძიებელს კი არა, საქმე უშუალოდ პროკურატურას უნდა ეწარმოებინა. და მიაკითხეს კიდეც პროკურატურას, სადაც შოკისმომგვრელი ამბავი გაიგეს - კვალიარელას ოჯახისგან არანაირი საჩივარი მუქარაზე არ შესულა და არც არანაირი გამოძიება ამ საქმეზე არ დაწყებულა!..

დანარჩენი ტექნიკის საქმე იყო - ფეხბურთელის მამა რამდენჯერმე ესტუმრა გამომძიებელს "მუქარის საქმეზე", პერანგის ქვეშ დამალული ჩამწერით, და ყველაფერი მარტივად გაიშიფრა...

* * *
...გასული წლის დასაწყისში, როცა უკვე ნამდვილი გამოძიება პიკოლოს სხვა დანაშაულებებს ჰფენდა ნათელს, კვალიარელა "ტორინოსთან" ერთად ნეაპოლს ესტუმრა. მასპინძელთა კარში დაინიშნა პენალტი, რომელიც ზუსტად შეასრულა ჩვენი წერილის გმირმა და ბოდიშის ნიშნად მაღლა აღმართა ხელი, ოღონდ, ეს არ იყო ჩვეულებრივი ჟესტი, როგორიც ასეთ დროს გვინახავს:

"მე თქვენი საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, თქვენ ჩემთვის ცუდი არაფერი გაგიკეთებიათ. არც მე გამიკითებია თქვენთვის ცუდი. დამიჯერეთ და გამიგეთ მეც", - ამბობა ფაბიოს ჟესტი.

...ამასობაში, მანიაკ გამომძიებელ პიკოლოს სხვა არაერთი მსხვერპლიც გამოუჩნდა. სასამართლომ ის 4 წლითა და 8 თვით გამოამწყვდია დილეგში, პლუს, მორალური კომპენსაციის გადახდაც დააკისრა...

ახლა კვალიარელა 34 წლისაა და, დიდი ალბათობით, "ნაპოლიში" მას აღარ დაუძახებენ, თუმცა ის იმედს არ კარგავს: "ნეაპოლში დაბრუნება? ეს ვინმეს აზრადაც თუ მოუვა თავში, უკვე შესანიშნავი იქნება, მოლაპარაკება კი პრობლემა არ არის".

თუმცა მისთვის სხვა რამ არის მნიშვნელოვანი. როცა სასამართლომ გამომძიებელ პიკოლოს განაჩენი გამოუტანა, "ნაპოლის" ფანებმა ერთ-ერთი მატჩისას გადმოფინეს ბანერი: "შენ ღირსეულად და ამაყად გაიარე ეს ჯოჯოხეთი. ნეაპოლი ისევ გულში გიკრავს, შენ ისევ ნეაპოლის შვილი ხარ".

გახარებული კვალიარელას რეაქცია კი ასეთი იყო: "ნაპოლის" ქომაგები უბრალო და გულიანი ხალხია. ისინი დააჯერეს, რომ მოღალატე ვიყავი, მაგრამ, როგორც კი სიმართლე გაიგეს, ისევ თავისიანად მიმიღეს".

ასეთია ერთი ღალატის ისტორია, ღალატისა, რომელიც... არ ყოფილა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
კარგი ისტორიაა,ესეთები მხოლოდ იტალიაში ხდება,ვგიჟდები იტალიურ ფეხბურთზე
levan
17:18 07-06-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული