თუ 2015 წლის ფინალში, "იუვენტუსი" შეუდარებელ "ბარსელონასთან" აუტსაიდერად მოჩანდა, ამ შემთხვევაში სრულიად განსხვავებული ვითარება იყო - ზინედინ ზიდანის "რეალი" არ ჩანდა ის გუნდი, რომელსაც "იუვენტუსი" ასე ადვილად უნდა დაემარცხებინა - ამად იყო, რომ სან მარკოს მოედანზე 30 000-ზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა და ისინი, ფაქტობრივად, წინასწარ ზეიმობდნენ ჩემპიონობას - როგორც იტალიელი სპორტული ჟურნალისტები იუწყებიან, ტურინში თამაშის დაწყებამდე უკვე საზეიმო განწყობა იყო.
ნაადრევი ფიესტა
2017 წლის 3 ივნისის საღამოს ტურინში ამაღლებული განწყობაა - გულშემატკივრები ფინალური მატჩის მოლოდინში არიან; ისმის სიმღერები, სკანდირება და ოპტიმისტური შეძახილები - საინტერესო კომენტარს აკეთებს "იუვეს" ფან-კლუბის ერთ-ერთი ლიდერი რიკარდო ძაპა:"გულშემატკივართა ერთი ნაწილი კარდიფშია წასული, თუმცა ჩვენ აქ ვართ და აქ ვაპირებთ ჩემპიონობის აღნიშვნას. დღეს "იუვენტუსი" ევროპის საუკეთესო გუნდია და ამაში ყველა დარწმუნდებით. ეს "რეალი" არ არის ორი წლის წინანდელი "ბარსელონა", სადაც მესი, ნეიმარი და სუარესი ბრწყინავდნენ - აქ მხოლოდ კრიშტიანო რონალდოა - ვინ ჰყავთ სხვა მადრიდელებს? - მე ვერ ვიხსენებ. დღეს ჩვენი ტრიუმფის დღეა, რომელსაც ძალიან დიდი ხანია ველოდებით".
დაახლოებით მსგავსი შინაარსის კომენტარს აკეთებს "იუვეს" კიდევ ერთი გულშემატკივარი: "თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგება ჯიჯი ბუფონს არ ეღირსება და თასს ის პუერტორიკოელი მეკარე ასწევს (კეილორ ნავასი, კოსტა რიკა)? - გამორიცხულია. ეს ყველაზე დიდი უსამართლობა იქნება ფეხბურთის ისტორიაში. დადგა დრო, რომ "იუვენტუსმა" მოიგოს და პირადად მე, ამაში დარწმუნებული ვარ. "იუვე" უფრო ძლიერია - მოდით, ჩავხედოთ სიმართლეს თვალებში - ეს "რეალი" კრიშტიანო რონალდოს იმედზეა, მაგრამ მას გავანეიტრალებთ".
პირველი ტაიმის გმირი
პირველი ტაიმი "იუვენტუსის" უპირსატესობით წარიმართა - ტურინელები უფრო მწვავედ უტევდნენ და მეტი სახიფათო მომენტიც შექმნეს. პირველი ტაიმის გმირი მარიო მანჯუკიჩია, რომელმაც ვარდნაში დაარტყა და ბრწყინვალე გოლი გაიტანა - ამ ეპიზოდიდან გადის რამდენიმე წუთი და უკვე კრიშტიანო რონალდო ცდილობს იმავე სტილში გოლის გატანას - პორტუგალიელის დარტყმა უშედეგოა, რამაც ტურინში, სან მარკოს მოედანზე დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია; ქომაგებმა უმალ შექმნეს ახალი სიმღერა, რომლის სიტყვები ასე ჟღერს: "რონალდო, შენ ბევრი გიკლია მანჯუკიჩობამდე"...შესვენებაზე ტურინელების განწყობა კიდევ უფრო ოპტიმისტურია - სან მარკოს მოედანზე ისმის "იუვეს" ჰიმნი, რომელსაც 30 ათასი გულშემატკივარი ერთად ასრულებს. ამ დროს, "რაი სპორტი" 15-წუთიან შესვენებას ინტერვიუებისთვის იყენებს და კომენტარს სთხოვს ტურინული გრანდის ცოცხალ ლეგენდას, ალესანდრო დელ პიეროს:
"ვხედავ, რომ ტურინში შესანიშნავი ატმოსფეროა და დარწმუნებული ვარ, თამაშის შემდეგ ნამდვილი ზეიმი დაიწყება. "რეალი" დიდებული გუნდია, მაგრამ ჩვენ ყველა ვხედავთ, რომ "იუვენტუსი" უკეთესად თამაშობს. ვფლობთ უპირატესობას, რომელიც შედეგში უნდა აისახოს. "რეალი" საოცარი გუნდია, ერთი მომენტი ჰქონდა და გაიტანა, მაგრამ ამ საღამოს ჩვენი გამარჯვების დროა".
დელ პიეროს კომენტარს სან მარკოს მოედანზეც აჩვენებენ - ლეგენდის ხმა მთელ ტურინს ესმის და გულშემატკივრები ექსტაზში მოდიან - მეორე ტაიმი იწყება, ტურინი დიდი გამარჯვების მოლოდინშია...
ასეთი იუვე არასდროს გვინახავს
მეორე ნახევარი მოულოდნელი სცენარით ვითარდება - "რეალმა"' სრულად იგდო უპირატესობა ხელთ და "იუვენტუსი", ფაქტობრივად, უბურთოდ დატოვა. თუ პირველ ტაიმში ტურინელები ფლობდნენ ინიციატივას, მეორე ნახევარში მადრიდელები უტევენ და თანაც, ძალიან სახიფათოდ. სან მარკოს მოედანი მიჩუმდა - გულშემარტკივართა ოპტიმიზმში ჯერ ბზარი გაჩნდა, შემდეგ კი ეს ყველაფერი შიშში გადაიზარდა; "რეალი" აშკარად უკეთესად ირჯება, უმატებს და რჩება შთაბეჭდილება, რომ გოლი მწიფდება.
მოსახდენი მოხდა და 61-ე წუთზე, ჯანლუიჯი ბუფონის კარში მეორე გოლი გავიდა - ბუფონს არავინ არაფერში დაადანაშაულებს - ტურინსა და მთლიანად იტალიაში ეს უბრალოდ გამორიცხულია; რეკოშეტი, რეკოშეტი - ისმის შეძახილები - თითქოს ეს რეკოშეტი შვებაა "იუვეს" ქომაგებისთვის. მართალია, "იუვე" ისევ აგებს და სანუკვარ ტიტულს შორდება, მაგრამ ბუფონს ხომ აშკარა შეცდომა არ დაუშვია, ეს კი მცირე შვებაა ასეთ ვითარებაში...
გულშემატკივრები დადუმდნენ, კომენტატორების ხმა კი უკვე კარგად ისმის - ასეთი "იუვენტუსი" არასდროს გვინახავს, ამბობს ჯანლუკა ვიალი, რომელიც ექსპერტის როლშია პირდაპირი რეპორტაჟის დროს - სამწუხაროდ, ჩვენები ჩაიკარგნენ, საერთოდ აღარ ჩანან; პირადად მე, ასეთი უსუსური "იუვენტუსი" არასდროს მინახავს - არ ჩერდება ვიალი და ეს ქომაგთა კიდევ უფრო გაღიზიანებას იწვევს...
საბედისწერო აფეთქება
64-ე წუთი მიმდინარეობს, როდესაც კრიშტიანო რონალდოს კიდევ ერთი გოლი გააქვს და "რეალი" ორი ბურთის სხვაობით გადის წინ. სან მარკოს მოედანზე სრული სიჩუმეა, 30 ათასი გულშემატკივარი გაირინდა და ამ დროს, ისმის ძლიერი აფეთქების ხმა - იქვე ახლოს შუშებიც ჩაიმსხვრა და შეიქმნა შთაბეჭდილება, რომ ტურინის ცენტრში ტერორისტული აქტი მოხდა. ეს სრულიად ბუნებრივი განცდაა, რადგან ევროპა შეშინებულია - საუბედუროდ, ბებერ კონტინენტზე ტერაქტები ხშირად ხდება და აფეთქება ქალაქის ცენტრში, ხალხმრავალ ადგილას არავის უკვირს.სან მარკოს მოედანზე იწყება პანიკა და მოვლენები უმართავი ხდება - გულშემატკივრებმა ერთმანეთს გადაუარეს, რადგან ცდილობდნენ, რომ მოვლენათა ეპიცენტრს რაც შეიძლება მალე მოშორებოდნენ. ტურინის ცენტრში დიდი ჭყლეტა მოხდა და ბოლო მონაცემებით, 1000-ზე მეტი ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მცირე ასაკის ბავშვები. არაერთი ადამიანი მძიმედ არის დაშავებული, მრავლობითი ჭრილობებით, რამდენიმე კი სიკვდილს ებრძვის.
რაც მთავარია, სან მარკოს მოედანზე ტერორისტული აქტი არ მომხდარა - ერთ-ერთმა ქომაგმა პიროტექნიკა, ე.წ. პეტარდი ააფეთქა, რამაც გულშემატკივრებში პანიკა გამოიწვია. პეტარდს არავინ დაუშავებია, ადამიანებმა კი ერთმანეთი გადათელეს, რაზეც ერთ-ერთი გულშემატკივრის კომენტარი მეტყველებს:
"აფეთქების ხმა გავიგეთ, შემდეგ კი ერთ-ერთ შენობას შუშები ჩაემსხვრა. გვეგონა, რომ ტერორისტული აქტი მოხდა და ყველანი გავრბოდით - შედეგად, დიდი ჭყლეტა მოხდა. პირადად მე, მეგობრებს ვერ ვპოულობ და არ ვიცი, სად არიან ან როგორ არიან. ვნახე ბავშვები, რომლებიც მშობლებს ვერ პოულობენ და ვნახე დაშავებული ქალები, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ. გავიგე, რომ პეტარდი აუფეთქებიათ და ეს ცრუ განგაში იყო. ევროპაში ხალხი შეშინებულია და ეს უბედურებაც ამის ბრალია. იყო დრო, პეტარდებს სტადიონზე ვაფეთქებდით და ამის არავის ეშინოდა - ხალხი სტრესშია, ყველას ეშინია ტერორიზმის და გამოსავალიც არსად ჩანს".
კოშმარი ფიესტას ნაცვლად
ტურინში დიდი ზეიმისთვის ემზადებოდნენ, თუმცა მიიღეს კოშმარული ღამე, რომელიც დიდხანს ემახსოვრებათ...- პირველად ვიგრძენი, რას ნიშნავს სიკვდილის შიში - ტურინის ჭყლეტაში ქართველებიც მოყვნენ
- ტურინში მომხდარი ჭყლეტის შოკისმომგვრელი კადრები [VIDEO+PHOTO]
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"