"იუვენტუსი": დუგლას კოშტა? არ არის ცუდი იდეა...

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხებული "იუვენტუსი" გაძლიერებას აპირებს, რათა მომავალ სეზონში კიდევ ერთხელ შეუტიოს ევროსაკლუბო ფეხბურთის მწვერვალს და სანუკვარ მიზანსაც უწიოს.

"ბებერი ქალბატონი" რამდენიმე მიმართულებით მუშაობს. აგერ, გაჩნდა დუგლას კოშტას შეძენის იდეა, რომელსაც ნამდვილად არაფერი დაეწუნება, მაგრამ "ბაიერნი" მაგრად დგას - ჯერჯერობით, "რეკორდმაისტერი" 50 მილიონ ევროს ფეხს არ უცვლის.

"სქაი იტალია" კი გვარწმუნებს, რომ მხარეებს შორის მოლაპარაკებები უკვე გაჩაღებულია. უკვე ცნობილია კოშტას პირველი და უმთავრესი მოთხოვნა - ყოველწლიური 7მილიონი ევრო მარტო ხელფასის სახით.

მოგეხსენებათ, "იუვენტუსი" ძალიან ფრთხილად უდგება ჯამაგირის თემას, დაწესებულია
ერთგვარი "ჭერიც" და როგორ გადაწყდება ეს საკითხი, ძნელი სათქმელია. ეგ არის, რომ "ბაიერნისა" და "იუვეს" მესვეურებს შორის კარგი ურთიერთობაა და ეს თუ გაამარტივებს მოლაპარაკების პროცესს...

ვიდრე "შახტარის" ყოფილი "ვინგერის" საკითხი ჰაერშია გამოკიდებული, "იუვენტუსი" შიდა ბაზარზეც აქტიურობს და "ფიორენტინადან" ფედერიკო ბერნარდესკის (9 მატჩი იტალიის ნაკრებში) გადაბირებას ცდილობს. მართალია, "ვიოლას" არ ეთმობა 23 წლის გარემარბი, მაგრამ ფული ჯოჯოხეთსაც გაანათებს. დაუზუსტებელი ინფორმაციით, "ფიორენტინა" ბერნარდესკიში 40 მილიონ ევროს ითხოვს.

"ბაიერნისგან" განსხვავებით, "იუვენტუსსა" და "ფიორეს" შორის ურთიერთობას "კონსტრუქციული" ნამდვილად არ ეთქმის, ორ კლუბს შორის ოდინდელი მტრობაა, მაგრამ აქაც ფულმა შეიძლება ითამაშოს გადამწყვეტი როლი...

მთავრდება მუშაობა პატრიკ შიკის ფრონტზე. 21 წლის ჩეხი (3 მატჩი და 1 გოლი ეროვნულ გუნდში) ფორვარდი, ჯერჯერობით, "სამპდორიას" მოთამაშეა, თუმცა არსებობს ინფორმაცია, რომ მხარეები უკვე შეთანხმდნენ 30 მილიონ ევროზე ("სამპა" გამოსასყიდ თანხად 25 მილიონს ითხოვდა), რომელსაც "იუვე" ერთი წლის შემდეგ გადაიხდის, მომავალი სეზონისთვის კი ფეხბურთელს იჯარით წაიყვანს.

* * *
"ლაციოს" სპორტული დირექტორი იგლი ტარე "იუვენტუსის" მესვეურებს უპატიოსნო საქციელში ადანაშაულებს. საქმე ეხება სენეგალელი ფორვარდის, კეიტა ბალდე დიაოს ტურინში შესაძლო (თუმცა ახლა უკვე ნაკლებად მოსალოდნელ) ტრანსფერს.

"ლაციალეს" ალბანელი ჩინოსანი ირწმუნება, რომ "იუვენტუსის" მენეჯერები რომაული კლუბის ნებართვის გარეშე დაეკონტაქტნენ 22 წლის ფეხბურთელის აგენტს.

"ტუტოსპორტთან" ინტერვიუში ტარე ამბობს, რომ კეიტასთან დაკავშირებით "ლაციომ" წინადადებები მიიღო იტალიის 3 დიდი კლუბისგან, მაგრამ არც ერთი მათგანი არ ყოფილა "ბებერი ქალბატონისგან".

სენეგალელს "ბიანკოჩელესტესთან" ხელშეკრულება მომავალ წელს უმთავრდება. ტარეს თქმით, "იუვენტუსის" მენეჯერები თურმე ურჩევენ კეიტას, არ გააფორმოს ახალი ხელშეკრულება, რათა ერთი წლის შემდეგ თავისუფალი აგენტის სტატუსით ტურინში უკრან თავი.

ასე რომ, "ლაციო" ახლა სასწრაფოდ უნდა ეცადოს, გაუგრძელოს კონტრაქტი ფეხბურთელს ან იმ "სამი დიდი კლუბის წინადადება" განიხილოს, ვისზეც "ტუტოსპორტთან" ინტერვიუში ლაპარაკობდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული