ლუჩანო სპალეტი "ინტერში" - ყველაფერი კარგად იქნება!

AutoSharing Option
ლუჩანო სპალეტი "რომადან" გაიქცა და "ინტერთან" კონტრაქტს მოაწერა ხელი. ბევრი უკვე მიიჩნევს, რომ მან ძალიან გარისკა. ბოლო დროს "ინტერის" მწვრთნელებს არ უმართლებთ. ისინი მიდიან მილანურ გრანდში და მალე მას უსახელოდ შორდებიან. რომში მას ყველაფერი ჰქონდა: ხელმძღვანელობის ნდობა, ტიფოზების დიდი სიყვარული, დაყენებული თამაში და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის გარანტირებული საგზური.

მილანში მას ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევს. აქ ამბიცია უფრო დიდია და ინტრიგა გაცილებით მეტია. იყო "ინტერის" მწვრთნელი, ეს ნიშნავს, გამუდმებით იარო ბეწვის ხიდზე. იყო მილანური გუნდის მწვრთნელი, ეს ნიშნავს, გამუდმებით იტანჯებოდე.
ქვეცნობიერად მაინც. ბოლოს მხოლოდ ლეონარდომ და ჟოზე მოურინიომ დატოვეს "ინტერი" საკუთარი სურვილით. დანარჩენი მწვრთნელები გაუშვეს.

ამ დროისათვის ისე ჩანს, რომ სპალეტის კლუბის ხელმძღვანელობის მხრიდან ნდობის დიდი ვოტუმი აქვს. "ინტერის" ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ იტალიელი სპეციალისტი მათ სიაში ნომერ პირველი კანდიდატი იყო. არადა, ყველამ იცის, რომ რამდენიმე კვირის განმავლობაში "ნერაძური" წარუმატებლად ელაპარაკებოდა ჯერ ანტონიო კონტეს, მერე კი - დიეგო სიმეონეს.

იქამდე თავად სპალეტის ჰქონდა იმედი, რომ "იუვენტუსში" მასიმილიანო ალეგრის ადგილს დაიჭერდა. კლუბში მის დანიშვნას "იუვეს" ერთ-ერთი ბოსი ლობირებდა, მაგრამ საბოლოო ჯამში, არც ეს ტრანსფერი შედგა. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე ერთმანეთთან მივიდა, ორივეს ინტერესები ერთმანეთს დაემთხვა.

ბოლო წლების განმავლობაში ინტერის საკადრო პოლიტიკა არაფრად ვარგოდა. ამის წინააღმდეგ "ნერაძურის" არაერთმა ლეგენდამ გაილაშქრა. ამ სეზონის დაწყების წინ და ზამთარშიც, თითქოს, ყველაფერი გამოსწორდა. გუნდმა ისეთი ფეხბურთელები აიყვანა, რომლებისაც გულშემატკივრებს ძალიან ეიმედებოდათ - ედერს, კანდრევას, გალიარდინის, დამბროზიოსა და სხვებს იტალიის ნაკრებში იწვევდნენ. ამასთან, შესანიშნავი შედეგი აჩვენა "ინტერის" ახალგაზრდულმა გუნდმა. ლუჩანო სპალეტიმ ძალიან კარგად იცის, რომ მას ძალიან სჭირდება ახალი და კვალიფიციური ფეხბურთელები.

სპალეტის მთავარი მოთხოვნაა სტროტმანისა და ნაინგოლანის გადაბირება. ის მათ კარგად იცნობს "რომადან". ასევე გასაკვირი არაა ის ინტერესი, რომელიც სპალეტის აქვს რიუდიგერისა და პარედესიმ მიმართ.

ამ ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა, როგორმე გააძლიეროს "ინტერის" ყველაზე პრობლემატური პოზიციები. ასეთი ორია. დაცვის ცენტრში მირანდას უსათუოდ სჭირდება კვალიფიციური მეწყვილე. საყრდენი ზონა კი მთლიანადაა გადასახალისებელი. იქ სტროტმანისა და ნაინგოლანის შეთამაშებული წყვილი აუცილებლად დაამყარებს წესრიგს.

სხვა საქმეა, რომ სპალეტის, წესით, უნდა გაუჭირდეს ურთიერთობის დალაგება "ინტერის" ხელმძღვანელობასთან. ისინი ამ ბოლო დროს მიეჩვივნენ, რომ როცა საქმე მწვრთნელს ეხება, თავად უნდა იყვნენ უპირველესი ავტორიტეტები. ასეთი რამ სპალეტისთან მათ ნაკლებად თუ გამოუვათ.

ყველას გვახსოვს სპალეტის "რომაში" მუშაობის ყველაზე სკანდალური მონაკვეთი. მაშინ ლუჩანომ მოიძულა "რომას" ქომაგების ნამდვილი კუმირი, ფრანჩესკო ტოტი. ყველამ იცის, რომ "იმპერატორი" სპალეტის ვერ იტანს. ტოტიმ კარიერის ბოლო წელი დიდწილად სათადარიგოთა სკამზე გაატარა და ამით აბსოლუტურად ყველაფერია ნათქვამი.

ეს იქნება სპალეტის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა "ინტერში" და თუ მან იგი წარმატებით გადაჭრა, ეს ერთიორად დააჩქარებს მილანური კლუბის აღმასვლას. თუ არა და, პროექტი "სპალეტი" შეიძლება ძალიან მალე ჩავარდეს კიდეც.

რა თქმა უნდა, სპალეტი-მწვრთნელს აქვს არაერთი ისეთი თვისება, რომელიც მას მიმზიდველს ხდის ნებისმიერი გუნდისათვის. და მაინც, არის ერთი კონკრეტული მომენტი, რაც ცოტა გვაშფოთებს. ფეხბურთის მოყვარულები, ალბათ, უკვე ხვდებიან, რაც უნდა დავწეროთ. სპალეტიმ არ იცის გადამწყვეტი მატჩების მოგება.

ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი თვისებაა იმ მწვრთნელისათვის, რომელმაც ჩაიბარა გრანდი. შესაბამისად, მან ამ გრანდს რაღაც უნდა მოაგებინოს. რა თქმა უნდა, მომავალ სეზონში "ინტერი" ვერ მოიგებს ჩემპიონთა ლიგას იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ იგი ამ ტურნირზე საერთოდ არ თამაშობს, მაგრამ სამაგიეროდ, გუნდს აუცილებლად მოსთხოვენ იტალიის ჩემპიონატში წარმატებულ თამაშს.

სპალეტის აქვს კიდევ ერთი თვისება, რომელიც მას არცთუ კარგად ახასიათებს. ის ყოველთვის სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარი ფეხბურთელების შესაძლებლობებს. ის ძალიან განაწყენდა, როცა მირალემ პიანიჩმა "რომა" დატოვა და "იუვენტუსში" გადავიდა. მაშინ მან თქვა, რომ ეს პრობლემა არ იყო "რომასათვის", რადგან პიანიჩზე უკეთესი ფეხბურთელი ჰყავდა პარედესის სახით.

პარედესისადმი დიდზე დიდი პატივისცემის მიუხედავად, ყველა დაგვეთანხმება, რომ მისი და პიანიჩის შედარება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. როცა გუნდიდან მიდის ფეხბურთელი, რომელმაც კლუბისათვის ბევრი გააკეთა, უნდა გეყოს გამბედაობა და მას მადლობა უთხრა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩათვლიან, რომ ბოღმა გალაპარაკებს.

დამაინც, თუ სათვალავში ჩავაგდებთ მხოლოდ სპალეტის სამწვრთნელო თვისებებს, ყველაფერი კარგად უნდა დასრულდეს. როგორც იქნა, "ინტერს" თავკაცობს სპეციალისტი, რომელსაც აქვს თავისი გამოკვეთილი საფეხბურთო კონცეფცია. ასეთი მწვრთნელები მილანურ კლუბში ბოლო დროს სანთლით იყვნენ საძებარნი.
ქომაგებს უნდა ახარებდეთ ის გარემოებაც, რომ, როგორც იქნა, "ნერაძურის" სათავეში მოვიდა მწვრთნელი, რომელიც შემტევ ფეხბურთს სცემს პატივს. თუ სპალეტიმ მოახერხა "ინტერში" საკუთარი იდეების ბოლომდე რეალიზება, მაშინ ჩვენ გაცილებით შემტევ მილანურ გრანდს ვიხილავთ.

კიდევ ერთი, არცთუ უმნიშვნელო დეტალი. ბოლო დროს "ინტერის" სათავეში მეტწილად ის მწვრთნელები იდგნენ, რომლებსაც ფეხბურთელებს შორის არ ჰქონდათ მაინცდამაინც დიდი ავტორიტეტი. სპალეტი ამ მხრივაც გამონაკლისია.

იტალიურ ფეხბურთში მას უკვე აქვს საკუთარი, ძალიან მყარი ნიშა და ეს კარგად იციან იმ მოთამაშეებმა, რომლებიც ამჟამად მილანურ კლუბში ირიცხებიან. უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო წლებში "ნერაძურის" ფეხბურთელების საქმისადმი დამოკიდებულება არ იყო მთლად იდეალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, გუნდი ამ შემადგენლობითაც კი უფრო მეტს მიაღწევდა, ვიდრე აქამდე შეძლო. იქმნება შთაბეჭდილება, რომ იწყება თუ არა თამაში, ყველაფერი თავის ნებაზეა მიშვებული. ეს უნდა დასრულდეს!

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული