საოცარი ისტორია, რომელიც "კროტონეს" მწვრთნელს თავს გადახდა

AutoSharing Option
მას შემდეგ, რაც "ლესტერი" ინგლისის ჩემპიონი გახდა, რთულია რომ ფეხბურთში რაიმემ გაგაკვირვოს - თუმცა, ის, რაც სერია A-ს გასული სეზონის ფინიშზე "კროტონემ" შეძლო, გაოცებას იწვევს...

კროტონე იტალიის სამხრეთში მდებარეობს და ამ პატარა ქალაქში სულ 60 ათასი ადამიანი ცხოვრობს - გუნდს დებიუტი ჰქონდა იტალიის ელიტარულ ლიგაში და ჩემპიონატის მთავარ აუტსაიდერად ითვლებოდა. მით უმეტეს, გუნდს ჩემპიონატის პირველ ეტაპზე საშინაო შეხვედრები ნეიტრალურ მოედანზე უნდა ჩაეტარებინა, რადგან კროტონეს ცენტრალური სტადიონი ვერ აკმაყოფილებდა სერია A-ს სტანდარტებს.

"კროტონემ" სრულიად უცნობი ფეხბურთელებით შეაბიჯა იტალიური ფეხბურთის ელიტაში, გუნდის
სახელფასო ფონდი კი არა თუ სერია A-ს, სერია B-ს სტანდარტებითაც მცირე გახლდათ. საფეხბურთო ექსპერტებმა და ჟურნალისტებმა "კროტონე" გასავარდნი ზონისთვის გაწირეს და ჩემპიონატის დიდი ნაწილი, ყველაფერი ლოგიკურად მიმდინარეობდა - 29 ტურის შემდეგ, "კროტონეს" აქტივში მხოლოდ 3 მოგება და 14 ქულა იყო - ბუნებრივია, "ზვიგენები" გასავარდნ ზონაში მყარად იყვნენ და გადარჩენის ნიშანწყალი არ ეტყობოდათ...

ჩემპიონატის დასრულებდე 9 ტური იყო დარჩენილი, ღრმა კრიზისში მყოფ "კროტონეს" კი წინ ურთულესი კალენდარი ჰქონდა. როდესაც გადასარჩენად მინიმუმ 12-ქულიანი ფორის აღმოფხვრა გჭირდება და დარჩენილ ტურებში "იუვენტუსთან", "მილანთან", "ინტერთან" და "ლაციოსთან" გიწევს დაპირისპირება, გადარჩენა შეუძლებელ მისიად გეჩვენება - თუმცა, როგორც დაახლოებით ორ თვეში გაცხადდა, "ლესტერის" არ იყოს, ფეხბურთში სასწაულები მართლაც ხდება. დარჩენილ ცხრა ტურში "კროტინემ" ექვსი თამაში მოიგო, ორი ფრედ დაასრულა და მხოლოდ ერთში დამარცხდა. ჩემპიონატის ბოლო 9 ტურში, "კროტონემ" 27 შესაძლებელი ქულიდან 20 მოიპოვა, ასეთი შედეგი კი თვით "იუვენტუსს" არ ჰქონია...

"კროტინემ" ვერონაში გაიღვიძა, როდესაც გასვლით შეხვედრაში "კიევო" დაამარცხა - შემდეგ, "ზვიგენებმა" "ინტერს" უმასპინძლეს და მორიგი სამი ქულა ჩაიწერეს აქტივში. შემდეგ ჩემპიონატის ერთ-ერთი აუტსაიდერი ამბიციურ "ტორინოს" ესტუმრა და მოულოდნელად, იქაც ქულას გამოკრა ხელი. "კროტონე" აღარ ხუმრობდა - ყველასათვის ანგარიშგასაწევი ძალა გახდა, მაგრამ დაქვეითების თავიდან აცილება ჯერ კიდევ შეუსრულებელ მისიად მოჩანდა.

"კროტონე" "სამპდორიას" ესტუმრა და კიდევ ერთი მოულოდნელი გამარჯვება მოიპოვა - "სამპას" მისსავე მოედანზე დამარცხება გრანდებსაც უჭირთ, "ზვიგენებმა" კი სამი ქულა მიითვალეს აქტივში. შემდეგ იყო საპატიო ფრე "მილანთან" და უმნიშვნელოვანესი გამარჯვება უშუალო კონკურენტ "პესკარასთან" - ამას მოჰყვა "უდინეზეს" დამარცხება, ერთადერთი მარცხი "იუვენტუსთან" და დასკვნით ტურში, "ლაციოსთან" მორიგი სამი ქულის მოპოვება. ბოლო ტურში სრულიად მოულოდნელად, "ემპოლიმ" უმოტივაციო "პალერმოსთან" წააგო და "კროტონემ" სასწაული მოახდინა; სერია A-ს დებიუტანტმა, რომელიც განწირული ჩანდა, ელიტაში ადგილი შეინარჩუნა.

მთავარი გმირი
"კროტონეს" წარმატების მთავარი შემოქმედი მწვრთნელი დავიდე ნიკოლაა. მიუხედავად გუნდის კატასტროფული ასპარეზობისა, კლუბის მესვეურებმა ნიკოლას ხელი არ ახლეს და ის გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დატოვეს.

გუნდმა ჩემპიონატის 3/4 საშინლად ჩაატარა, პრაქტიკულად ყველაფერი წააგო და მწვრთნელისთვის პასუხი არავის მოუთხოვია - გაინტერესებთ მიზეზი? - საქმე ისაა, რომ 3 წლის წინათ, დავიდე ნიკოლას ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა: დავიდეს 14 წლის შვილი გარდაეცვალა, რომელიც ველოსპორტით იყო გატაცებული - ნიკოლას შვილი, ალესანდრო ტურინთან ახლოს, პატარა ქალაქ ვიგონეში თავისი ველოსიპედით მიდიოდა, როდესაც ავტობუსი დაეჯახა - ალესანდრო ადგილზე გარდაიცვალა.

ჯერ კიდევ სეზონის სტარტზე, დავიდე ნიკოლამ ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა, რომ "კროტონეში" მუშაობამ მას ძალა შემატა, რამაც ტრაგედიისგან მიღებული ტკივილი ოდნავ შეუმსუბუქა. ეს ინტერვიუ კარგად დაიმახსოვრეს "კროტონეს" მესვეურებმა და უარი თქვეს მის გათავისუფლებაზე მაშინაც კი, როდესაც გუნდი ღრმა კრიზისში იყო, ყველაფერს აგებდა და სერია B-ში გავარდნაც გარდაუვალი ჩანდა.

მარტის ბოლოს, "კროტონეს" მესვეურები შეიკრიბნენ და მწვრთნელს სრული ნდობა გამოუცხადეს - სწორედ აქედან იწყება კრიზისში ჩაფლული პატარა გუნდის საოცარი გარდასახვა და აღმასვლა, რომელმაც "ზვიგენები" ელიტაში დატოვა - როგორც უკვე აღვნიშნეთ, 2 აპრილს "კროტონემ" გასვლაზე "კიევო" დაამარცხა და შემდეგ, პრაქტიკულად ყველაფერი მოიგო, მათ შორის იტალიური ფეხბურთის გრანდებთან. დიახ, "კროტონემ" შეძლო და დარჩენილ 9 ტურში მოაგროვა ყველაზე მეტი ქულა სერია A-ში და ამ მხრივ, თვით "იუვენტუსსაც" კი აჯობა...

გზა კროტონედან ვიგონემდე
ჩემპიონატის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, დავიდე ნიკოლამ განაცხადა, რომ თუ "კროტონე" სერია A-ში დარჩებოდა, ის დაჯდებოდა თავის ველოსიპედზე და ქალაქ კროტონედან ვიგონემდე ჩავიდოდა - ანუ, იქამდე, სადაც მისი შვილი ტრაგიკულად დაიღუპა. შეგიძლიათ ჩახედოთ ფოტოს და ნახოთ, რომ კროტონე იტალიის უკიდურეს სამხრეთში მდებარეობს, ვიგონე კი ჩრდილოეთში - "კროტონე" გადარჩა, დავიდე ნიკოლამ კი დანაპირები შეასრულა, დაადგა გზას და ველოსიპედით 1 250 კილომეტრი გაიარა.

ნიკოლას გმირულ მსვლელობას ყოველდღიურად აშუქებდა "სქაი იტალია" - ხდებოდა პირდაპირი ჩართვები, მწვრთნელს კი გზად გულშემატკივრები ხვდებოდნენ და დიდ სიყვარულს უზიარებდნენ - ნიკოლა უყურადღებოდ არც მისმა კოლეგებმა დატოვეს - სხვადასხვა ქალაქებში მას ცნობილი მწვრთნელები ხვდებოდნენ და ამხნევებდნენ, ვიგონეში კი დავიდეს "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი დახვდა. გზადაგზა, ნიკოლას მოხალისე ველომრბოლელები უერთდებოდნენ და გარკვეულ მანძილს მასთან ერთად გადიოდნენ - ეს იყო სოლიდარობის დიდი აქცია, რომელმაც, თითქოს, მთელი იტალია გააერთიანა. ფინიშზე მოსულმა ნიკოლამ შემდეგი კომენტარი გააკეთა:

"ეს იყო მისია, რომელიც აუცილებლად უნდა შემესრულებინა. თითქმის მთელი იტალია გამოვიარე და ამ გარბენს ვუძღვნი როგორც ჩემ შვილს, ისე ყველას, ვინც ველოსიპედით რბოლისას გარდაიცვალა, მათ შორის ნიკი ჰეიდენს და მიკელე სკარპონის. ეს იყო რთული გზა, რომლის შემდეგაც მინდა გთხოვოთ, რომ იაროთ ფრთხილად, იყოთ ყურადღებით და დაიცვათ თქვენი ოჯახები დიდი ტრაგედიისგან. შვილის გარდაცვალებამ უდიდესი ტანჯვა მომაყენა, მაგრამ ვიპოვე თავში ძალა და შევუდექი საქმეს - დღეს, ჩემი გახარება რთულია, მაგრამ ჩვენ შევძელით და გავახარეთ "კროტონეს" გულშემატკივრები, ამ ქალაქის მთელი მოსახლეობა - ეს ჩემთვის უდიდესი ბედნიერებაა. ჩვენ ყველაზე მძიმე წუთებშიც უნდა ვიპოვნოთ ძალა, რომ ვაკეთოთ საქმე და ჩვენი შრომით, სხვებს სიამოვნება და სიხარული მივანიჭოთ"...

Sportall.Ge

წერილი შვილს
დავიდე ნიკოლამ გმირულად გაიარა მთელი იტალია, რამდენიმე დღეში კი გამოქვეყნდა მისი წერილი - 44 წლის დავიდე თავის გარდაცვლილ შვილს, 14 წლის ალესანდროს მიმართავს და ამ წერილს უცვლელად გთავაზობთ:

"გამარჯობა ჩემო სიყვარულო. არ ვიცი, სად ხარ და რას აკეთებ. შეიძლება სადღაც შორს ხარ და არ იცი ,რა ხდება აქ, მაგრამ შეიძლება აქ ხარ, ჩემთან, ძალიან ახლოს. კი, მჯერა, რომ შენ ჩემთან ხარ და კარგად ხედავ ყველაფერს. მჯერა, რომ ჩვენ ერთად ვიბრძოდით და ერთად მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას. სწორედ შენ მაძლევ ძალას, რომ გავაგრძელო ბრძოლა მაშინაც კი, როდესაც თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა და მარცხი გარდაუვალია.

ალე, ეს მხოლოდ ჩემი მოგება არაა, ეს ჩვენი ერთობლივი გამარჯვებაა. ძალიან მინდა ეს წარმატება შენთან ერთად აღვნიშნო - ჩაგხედო თვალებში, მოგკიდო ხელი და ერთად გავიქცეთ მინდორზე გულშემატკივრებისკენ. ეს ყველაფერი შენ გეძღვნება - ჩემი ყველა გამარჯვება შენ გეკუთვნის და შენი დამსახურებაა. ჩემი გული მხოლოდ იმიტომ ფეთქავს, რომ ჩვენ ერთად მივაღწიოთ დიდ გამარჯვებებს.

მე ვიცი, რომ მხოლოდ შენი წასვლის გამო დამტოვეს გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე - როდესაც ამას მივხვდი, გთხოვე, რომ ყველაზე რთულ მომენტში დამხმარებოდი - რაც მოხდა, ბევრისთვის აუხსნელია, ჩემთვის კი გასაგები - ჩვენ ერთად მივაღწიეთ დიდ გამარჯვებას"...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
სერია ა-დან ბ-ში გავარდნა იმხელა ზარალია, ამას 30 მილიონი არაფერს უშველის
pepe
03 ივლისი 2017 19:36
0
საოცარი ხალხი, ასევე დადასტურება იმის რომ რწმენით (თუნდაც უხილავი ძალის მიმართ) ბოლომდე ბრძოლით მონდომებით და დაჯერებით რომ გამოგივა ყველაფრის მიღეწევა შეიძელბა.
dato
03 ივლისი 2017 12:45
0
საოცარი ისტორიაა ზღაპრული დასასრულით მაგრამ ერთი რამე რაც არ ვიცოდით სერია A წესი აქვს , რო გადახვალ სერია A ში და ეგრევე გავარდები 5 მილიონი გაძლევენ, მეორწელს რომ გავარდები 15 მილიონს, მესამე წელს კი 30, აი მეოთხე წლიდან კი არაფერს, ხოდა თუ ნახავთ რომ ემპოლიდა პალერმო ზუსტად 3 წელი იყვნენ სეია A ში და სავარაუდოდ ემპოლი კვლავ აუტსაიდერებში იქნებოდა.... დასკვნები თქვენთვის მომინდია
mate
02 ივლისი 2017 17:09
0
ნიკოლას მოხალისე ველომრბოლელები უერთდებოდნენ და გარკვეულ მანძილს მასთან ერთად გადიოდნენ - ეს იყო სოლიდარობის დიდი აქცია, რომელმაც, თითქოს, მთელი იტალია გააერთიანა დიდი იულიუს ერი. გმადლობთ სტატიისთვის
ss
02 ივლისი 2017 10:33
0
მიყვარს ეს ერი, ეს ხალხი. საოცარი ისტორიაა. ფორცა იტალია
ნწ ნწ ნწ
01 ივლისი 2017 20:35
0
Saocari istoriaa
Givi g
01 ივლისი 2017 15:08
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული