არიგო საკი: იმისთვის, რომ კარგი ჟოკეი გამოხვიდე, აუცილებელი არ არის, ჯერ ცხენი იყო

AutoSharing Option
იტალიური ფეხბურთის ისტორიაში არიგო საკი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მწვრთნელად ითვლება.

66 წლის საკიმ თანამედროვე ფეხბურთზე უდიდესი გავლენა მოახდინა და გარდა ამისა, მწვრთნელთა მთელი თაობა აღზარდა.

კარლო ანჩელოტი, ფრანკ რაიკარდი, მარკო ვან ბასტენი, რობერტო დონადონი, რუუდ გულიტი და მაური ტასოტი - ყველა ეს ადამიანი თავის დროზე საკის ხელმძღვანელობით თამაშობდა, ახლა კი სამწვრთნელი საქმიანობას ეწევა.

არიგო საკის ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე არასდროს უთამაშია, მწვრთნელობამდე კი ფეხსაცმელების გამყიდველი იყო.

ამ ფაქტის გამო მის კვალიფიკაციას ხშირად ეჭვის ქვეშ აყენებდნენ, რაზეც სპეციალისტმა ერთხელ უპასუხა: "იმისთვის, რომ
კარგი ჟოკეი გამოხვიდე, აუცილებელი არ არის, ჯერ ცხენი იყო".

ერთად გადავხედოთ საკის ყველაზე ცნობილ გამოთქმებს და გავეცნოთ მის შეხედულებებს ფეხბურთელებზე, მწვრთნელებზე და ზოგადად, ფეხბურთზე.

როგორც ვთქვით, საკის ფეხბურთი პროფესიონალურ დონეზე არასდროს უთამაშია, მაგრამ მცდელობა კი ჰქონდა, თუმცა: "მე თამაშს თავი 19 წლის ასაკში დავანებე, რადგან მივხვდი, რომ ჩემპიონი ვერ გავხდებოდი".

"დღეს აქცენტი შედეგზე კეთდება და არა იმაზე, რამდენად კარგად მუშაობ. ცათამბჯენს ერთ დღეში ვერ ააგებ, სამაგიეროდ, ქოხს ააშენებ," - საკის აზრით, მწვრთნელებს მუშაობისთვის საკმარის დროს არ აძლევენ.

"როდესაც "მილანში" მივედი, ბერლუსკონიმ მითხრა, რომ სამ წელს მაძლევდა. მე კი ვიფიქრე, რომ ეს საკმაოდ ბევრი იყო, რადგან ფეხბურთში წარმატების მისაღწევად დიდ დროს არ გაძლევენ," - როგორც მოგვიანებით გაირკვა, სერია A-ს მოსაგებად საკის ერთი წელი დასჭირდა, ხოლო ორ წელიწადში მან ჩემპიონთა თასიც მოიგო.

"ღმერთმა ის უსაზღვრო ნიჭით დააჯილდოვა, რომელიც მან ვერ გამოიყენა. ჩემი ფეხბურთელი რომ ყოფილიყო, გარანტიას გაძლევთ, ძალიან ბევრს ივარჯიშებდა, რადგან მე არ მჭირდება ისეთი ფეხბურთელი, რომელიც არ მუშაობს," - რონალდინიოს მიერ "მილანში" გატარებული პერიოდის შესახებ.

"მარიო ბალოტელი უნდა გაიზარდოს და დაჭკვიანდეს. მას უდიდესი ნიჭი აქვს, მაგრამ ყველაფერს საკუთარი ქცევით აფუჭებს," - საკიმ დაახლოებით იგივე წლების შემდეგ უკვე სხვა მოთამაშეზე თქვა.

"იბრაჰიმოვიჩის შეძენით "ბარსელონამ" შეცდომა დაუშვა, რადგან ის მარტოხელაა. თავის დროზე პეპ გვარდიოლას ვუთხარი, რომ მან მსოფლიოში საუკეთესო სოლოარტისტი შეიძინა," - საკის მოსაზრება იბრას შესახებ.

ანდრეა პირლოს შესახებ: "პირლო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია. "იუვენტუსმა" შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა. თან არ დაგვავიწყდეს, რომ ანდრეა ტურინში უფასოდ გადავიდა".

"გუნდის შესაქმნელად საჭიროა, ერთად შეჰყარო ფეხბურთელები, რომლებიც ერთ ენაზე საუბრობენ და რომელთაც გუნდურად თამაში შეუძლიათ. წარმატებას მარტო ვერ მიაღწევ და თუ მაინც მიაღწევ, კარგი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდება," - საკუთარი ფილოსოფიის შესახებ.

"ჩემი "მილანი" შესანიშნავი გუნდი იყო, რადგან იქ თამაშობდნენ პროფესიონალები, რომელთაც სიამოვნების მიღება სურდათ," - "მილანში" გატარებული პერიოდის შესახებ.

"კატალონიური გუნდი სინამდვილეში გუნდი არაა. ეს არის კულტურა, სტილი, ჰარმონია, ნიჭიერი ახალგაზრდები - ყველას ერთი იდეა აერთიანებს," - პეპ გვარდიოლას "ბარსელონას" შესახებ, რომელსაც ხშირად საკის "მილანს" ადარებდნენ.

"ბარსელონა" საკუთარი თამაშის სტილის გამო უსამართლო უპირატესობას იღებს... ზუსტად იგივეს ჩემს "მილანზეც" ამბობდნენ. ჩვენ სხვებზე ბევრს არ დავრბოდით, უბრალოდ, სხვა გუნდებზე უკეთ დავრბოდით" - პასუხი გვარდიოლას "ბარსელონას" და საკის "მილანის" კრიტიკოსებს.

"იტალიური ფეხბურთი მშიშრების ფეხბურთია: ორი მოთამაშე უტევს, ცხრა თავს იცავს, ახალგაზრდები სათადარიგო სკამზე სხედან, სტადიონებზე კი მაყურებელი არ დადის" - 2000-იანი წლების იტალიურ ფეხბურთზე.

"გუშინ "მილანის" თამაშს ვუყურე და მგონი, ზოგიერთი ფეხბურთელი ჩემი ასაკის იყო" - შარშანდელი "მილანის" შესახებ.

"რამდენიმე დღის წინ 15-წლამდელთა თამაშს ვუყურე, სადაც მცველები მეტოქე გუნდის ფორვარდების მეურვეობის გარდა, არაფერს აკეთებდნენ.

ამ ასაკის დამცველები უკვე ნამდვილი სპეციალისტები არიან, მაგრამ ისინი თამაშის უმეტესი ნაწილის განმავლობაში არაფერს ჰქმნიან. ეს კი სასიამოვნო არ შეიძლება იყოს, პირიქით, უფრო ტანჯვას ჰგავს. ეს არ არის ფეხბურთი.

თუ დიდი ხნის განმავლობაში ერთსა და იმავეს გააკეთებ, ამ საქმეში აუცილებლად გაიწრთობი, მაგრამ ნუთუ ფეხბურთის მთელი არსი მხოლოდ ერთი კონკრეტული საქმის კარგად კეთებაა?" - საკის ძალიან არ მოსწონს ახალგაზრდების მიდგომა ფეხბურთის მიმართ.

"ფლორენტინო პერესს უმაღლესი დონის ფეხბურთელები უყვარდა. მე ერთხელ მას ვკითხე, როგორი იქნებოდა მისი იდეალური გუნდი.

პერესის გუნდში ბექჰემი მარჯვენა მცველი, ზიდანი კი ცენტრალური ნახევარმცველი იყო, რადგან სხვა პოზიციებზე სულ ფორვარდები ჰყავდა.

ფლორენტინო დიდებული ადამიანია და დარწმუნებული ვარ, მისი პრეზიდენტობის პერიოდი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ოქროს ასოებით ჩაიწერება," - მადრიდის "რეალში" სპორტული დირექტორის პოსტზე გატარებული პერიოდის შესახებ.

ასეთია არიგო საკის ყველაზე ცნობილი გამოთქმები, ადამიანის, რომელმაც ფეხბურთში მცირე რევოლუცია მოახდინა და რომლის ხელმძღვანელობითაც "მილანმა" მოიგო სერია A (1988 წელს), ჩემპიონთა თასი (1989, 1990), ევროპის სუპერთასი (1989, 1990) და საკონტინენტთაშორისო თასი (1989, 1990), იტალიის ნაკრები კი 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული