31 მარტს იტალიის ეროვნული გუნდი სან მარინოს ამხანაგურად გაეჯიბრება, 7 ივნისს ჩეხეთთან მოუწევს მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპში პაექრობა, 16 ივნისიდან კი კონფედერაციათა თასზე ჩაერთვება და პირველ მატჩს მექსიკასთან გამართავს. ჩეზარე პრანდელიმ შეგირდები უკვე დარაზმა და კოვერჩიანოს საწვრთნელ ბაზაზე ავარჯიშებს. აქვე "აძურას" გაფართოებულ შემადგენლობას გაგაცნობთ, საიდანაც კონფედერაციათა თასისთვის 23 მოთამაშე შეირჩევა.
მეკარეები: ჯანლუიჯი ბუფონი (იუვენტუსი), ფედერიკო მარკეტი (ლაციო), სალვატორე სირიგუ (პსჟ, საფრანგეთი), მიკაელ აგაცი (კალიარი).
მცველები: ინაციო
ნახევარმცველები: ალბერტო აკვილანი (ფიორენტინა), ჯაკომო ბონავენტურა (ატალანტა), ანტონიო კანდრევა (ლაციო), ალესიო ჩერჩი (ტორინო), დანიელე დე როსი (რომა), ალესანდრო დიამანტი (ბოლონია), ემანუელე ჯაკერინი (იუვენტუსი), ანდრეა პირლო (იუვენტუსი), კლაუდიო მარკიზიო (იუვენტუსი), რიკარდო მონტოლივო (მილანი), ანდრეა პოლი (სამპდორია).
თავდამსხმელები: სტეფან ელ შაარავი (მილანი), მარიო ბალოტელი (მილანი), ალბერტო ჯილარდინო (ბოლონია), სებასტიან ჯოვინკო (იუვენტუსი), მარკო საუ (კალიარი).
ამ სიაში პაბლო დანიელ ოსვალდოც იყო, მაგრამ აურელიო ანდრეაცოლისთან კონფლიქტის გამო ჩეზარე პრანდელიმ ნაკრებიდან მოკვეთა. ამრიგად, თავდასხმაში მხოლოდ ხუთი მოთამაშე დარჩა და გამომდინარე აქედან, დიდი ალბათობით, სეკვესტრი შეტევას არ შეეხება. თუმცა, მაინც არ არის გამორიცხული, პრანდელიმ ოთხი ფორვარდი დატოვოს და რომელიმე სახლში გაუშვას.
ფორვარდთაგან დებიუტანტია მარკო საუ, რომელსაც "კალიარიში" შესანიშნავი სეზონი ჰქონდა. საუმ "გაძეტა დელო სპორტთან" კომენტარი გააკეთა და როგორც ასეთ დროს ხდება, სიხარული საჯაროდ გამოხატა - მადლობა თავის გუნდს, "კალიარის" გადაუხადა, რომელმაც ეროვნული ნაკრებისკენ გზა გაუხსნა.
ფორვარდთა შორის ვერ ვხედავთ ალესანდრო მატრის, ფაბიო კვალიარელას და ჯამპაოლო პაცინის, თუმცა ეს უკანასკნელი ტრავმირებულია და მაინც ვერ გამოიძახებდა პრანდელი.
ნახევარდაცვას მარკო ვერატი აკლია, რომელიც პრანდელიმ ევროპის ჩემპიონატის სამზადისში მყოფ ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმო. სამაგიეროდ, გუნდშია ანდრეა პოლი - კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ეროვნულ ნაკრებში აქამდე ერთხელ უთამაშია.
როგორც იქნა, გამოძახება დაიმსახურა ალბერტო აკვილანიმ, რომელმაც მთელი სეზონი ბრწყინვალედ ითამაშა. დაცვაში ყველაზე მეტი მოულოდნელობაა - განაცხადს მიღმა დარჩნენ ფედერიკო ბალცარეტი და კრისტიან მაჯო... არადა, ევროპის ჩემპიონატზე სწორედ ისინი იყვნენ ძირითად შემადგენლობაში. როგორც ჩანს, პრანდელი ფლანგებს "მილანისტებს" მიანდობს: ინაციო აბატეს და მატია დე შილიოს.
აქვე ვთქვათ, რომ ბოლო ვარჯიშზე ტრავმა მიიღო სტეფან ელ შაარავიმ და გადაწყვეტილია, რომ სან მარინოსთან ამხანაგურ შეხვედრას გამოტოვებს. საეჭვოა მისი ჩეხეთთან ასპარეზობაც. აი, კონფედერაციათა თასისთვის კი, წესით, სრულ მზადყოფნაში უნდა იყოს.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
სტეფან ელ შაარავი და ინსინიე "აძურინიში"