არადა, საბაბი აქვთ და თანაც, სერიოზული: ჩეზარე პრანდელის გუნდმა ჯერ ჩეხეთთან ვერ ივარგა მუნდიალის შესარჩევ ეტაპზე და იმ ქულასაც ნაკლებად იმსახურებდა; ჰაიტისთან კი მხოლოდ ფრეს გამორჩა, რაც მსოფლიო ფეხბურთის გრანდისთვის მარცხის ტოლფასია.
პრანდელის ფეხბურთელთა ძირითადი ბირთვი შერჩეული ჰყავს და ტაქტიკასაც, მეტწილად, ორს იყენებს (4-3-3, 4-3-1-2), მაგრამ გუნდის თამაშში გარკვეული კორექტივები ყოველთვის შეაქვს. მაგალითად, ჩეხებთან პაექრობაში ჯორჯო კიელინი დაცვის მარცხენა ფრთაზე გადასწია, ცენტრი კი
ამით იმ კითხვას გაეცა პასუხი, რომელიც იტალიურ სპორტულ პრესაში ბოლო რამდენიმე დღეა, ისმევა: რატომ წაიყვანა ჩეზარემ ბრაზილიაში მხოლოდ ერთი მარცხენა მცველი მატია დე შილიო? - როგორც აღმოჩნდა, "სკუადრა აძურას" მწვრთნელს კიელინისთვის ძველი პოზიციის დაბრუნება ჰქონდა განზრახული. შეგახსენებთ, რომ კარიერის საწყის წლებში ჯორჯო სწორედ ფლანგზე ირჯებოდა. ამ და სხვა აქტუალურ თემებზე ქვემოთ თავად 28 წლის ფეხბურთელი ისაუბრებს...
- რა მოხდა ჰაიტისთან შეხვედრაში?
- მრცხვენია იმის, რაც ამ პაექრობაში მოხდა. საშინლად ვითამაშეთ და მხოლოდ ფრეს დავჯერდით, რაც დაუშვებელი იყო. როგორც ჩანს, ჯაკერინის სწრაფმა გოლმა იოლ გამარჯვებაში დაგვაჯერა. ეს იყო დიდი შეცდომა. ჰაიტის ნაკრებისადმი ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ასეთ გუნდებთან აუცილებლად უნდა ვიგებდეთ.
- ასეთი თამაშით რისი იმედი უნდა გვქონდეს კონფედერაციათა თასზე?
- ხშირად ფეხბურთში ლოგიკა არ არსებობს და ჰაიტისთან შეხვედრით შორს მიმავალი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, კონფედერაციათა თასზე სულ სხვა იტალიას იხილავთ, რომელიც ნებისმიერი მეტოქისთვის საშიში ძალა იქნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფეხბურთში ლოგიკა არ უნდა ვეძებოთ; წარმოიდგინეთ, ჰაიტისთან მატჩი 6-7 წუთით ადრე რომ დამთავრებულიყო, 2:0-ს მოვიგებდით და საფეხბურთო ექსპერტები ერთხმად ისაუბრებდნენ, რომ "აძურამ" ძალების დაზოგვით, კლასის ხარჯზე გაიმარჯვა.
- ჩეზარე პრანდელიმ მარცხენა ფრთაზე გადაგწიათ...
- თუ მწვრთნელი დამავალებს, მზად ვარ, კარშიც ჩავდგე და მით უმეტეს, მარცხენა ფრთაზე ადრეც მითამაშია. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ახალ პოზიციაზე თავი საუკეთესო კუთხით წარმოვაჩინო, მაგრამ საკუთარ თავზე მაღლა ვერ ავხტები. თუ ვინმე ელოდება, რომ რობერტო კარლოსივით მთელ ფლანგზე ვირბენ, ალბათ, იმედი გაუცრუვდება. სამწუხაროდ, ამ მხრივ ჩემი შესაძლებლობები შეზღუდულია.
- ბრაზილიაში თამაში, ალბათ, ეგზოტიკურია თქვენთვის...
- დიახ, ბრაზილიაში აქამდე არასდროს მითამაშია და პირდაპირ გეტყვით, აქ სრულიად განსაკუთრებული, საოცარი ატმოსფეროა. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება კონფედერაციათა თასი და როდის ვითამაშებთ ბრაზილიელი გულშემატკივრებით გადაჭედილი ტრიბუნების ფონზე. ისეთი განცდა მაქვს, რომ მუნდიალი უკვე დაიწყო და წარმომიდგენია, რა ატმოსფერო იქნება მომავალი წლის ზაფხულში.
- კონფედერაციათა თასის ფავორიტად, სავარაუდოდ, ბრაზილიას და ესპანეთს მიიჩნევთ...
- ეს ორი ნაკრები მუნდიალის ფავორიტიც იქნება და ამაში გასაკვირი არაფერია. კონფედერაციათა თასი ისეთი ტურნირია, რომელზეც ნებისმიერ გუნდს შეუძლია გაიბრწყინოს, თუნდაც მექსიკას, რომელთანაც პირველი მატჩი გვაქვს ჩასატარებელი. ასე რომ, წინ მეტად საინტერესო ბატალიები გველის.
- ხანგრძლივი სეზონის შემდეგ ფეხბურთელთა უმეტესობა სხვადასხვა კურორტზე ნებივრობს, თქვენ კი ისევ შეკრებაზე ხართ და წინ ურთულესი ტურნირი გელით. პროტესტის გრძნობა არ გაგჩენიათ?
- ეროვნულ ნაკრებთან ერთად ყოფნა ჩემთვის არა მარტო პატივი, დიდი სიამოვნებაცაა. დასვენებას კიდევ მოვასწრებ, დღეს კი მხოლოდ მოახლოებულ თამაშებზე ვარ კონცენტრირებული. ფეხბურთელის კარიერა მეტისმეტად მოკლეა იმისთვის, რომ თამაში დაგეზაროს, თუნდაც ასეთი გადატვირთული კალენდრის ფონზე.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
იტალიამ ჰაიტის ვერაფერი დააკლო