ანჯელო ოგბონა "იუვენტუსში" ითამაშებს

AutoSharing Option
ხანგრძლივი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და ანჯელო ოგბონა ერთი ტურინული კლუბიდან მეორეში გადავიდა. 25 წლის ოგბონა "ტორინოს" აღზრდილია, ამ გუნდის შემადგენლობაში 159 მატჩი აქვს ჩატარებული, მომდევნო სეზონიდან კი "იუვენტუსში" იასპარეზებს. ტრანსფერის ღირებულება 12 მილიონი ევროა, ხელშეკრულების დეტალები კი მოგვიანებით გაცხადდება.

ანჯელო ოგბონა იტალიის ეროვნული ნაკრების კანდიდატია და "იუვენტუსში" სწორედ "აძურელების" მხარდამხარ ითამაშებს. ანტონიო კონტეს "იუვენტუსი" სამი მცველით ასპარეზობს და თუ ბარცალი-ბონუჩი-კიელინის ტრიოდან რომელიმე დაშავდებოდა, მწვრთნელს ალტერნატივა, ფაქტობრივად, არ ჰყავდა. ამიტომ ხან ლუკა მარონეს უცვლიდა პოზიციას და ხანაც მარტინ კასერესს. ამრიგად, "იუვემ"
საჭირო ფეხბურთელი დაიმატა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს.

ვიდალი: ტოპ-კლუბში უკვე ვთამაშობ
ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად გვესმის არტურო ვიდალის "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგების შესახებ, მის მომავალ კლუბად კი მადრიდის "რეალი" სახელდება. თუმცა, თვითონ 26 წლის ფეხბურთელმა მოვლენათა ასეთი განვითარება გამორიცხა:

"მადრიდული გრანდის ინტერესმა ნებისმიერ ფეხბურთელს შეიძლება დაახვიოს თავბრუ და ბუნებრივია, ეს მეც მსიამოვნებს. თუმცა ტურინში თავს შესანიშნავად ვგრძნობ და არსად წასვლას არ ვაპირებ. რამდენჯერმე წავიკითხე, რომ ევროპის ტოპ-კლუბში გადასვლის შანსი მაქვს, რამაც ძალიან გამაკვირვა - მე უკვე ვთამაშობ ტოპ-გუნდში, სადაც უმაღლესი მიზნები გვაქვს დასახული. "იუვენტუსთან" ერთად ტროფეების მოგება არასდროს მომბეზრდება და შესაბამისად, არსად წასვლას არ ვაპირებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
"ბებერი ქალბატონი" ახალი შეტევით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული