მას შემდეგ, რაც ნეაპოლელებმა ხოსე კალეხონი იყიდეს და გონსალო იგუაინს შეუთანხმდნენ (ბოლო დროს ეს საეჭვო გახდა), შეტევაში კონკურენცია გაიზარდა და ბევრის აზრით, ლორენცო ინსინიეს პოზიციები შეირყა.
22 წლის თავდამსხმელს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ. ამბიციების ნაკლებობას არც თვითონ უჩივის და ამიტომ ბევრი მის შესაძლო წასვლაზე ალაპარაკდა. ისიც კი ითქვა, რომ ინსინიეს გადაბირებით "იუვენტუსია" დაინტერესებული, სადაც არანაკლები კონკურენციაა. ამ თემაზე კომენტარი თავად ლორენცომ გააკეთა:
"მე
"იუვეში" ჩემი უამრავი მეგობარი თამაშობს, მაგრამ იქ წამსვლელი მაინც არ ვარ. და თუ მაინც მომიწევს "ნაპოლის" დატოვება, უცხოეთში წასვლას ვამჯობინებდი. ახალი ქვეყნის გაცნობა საინტერესო იქნებოდა, მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი "ნაპოლიში" თამაშია".
ბინძური იუვენტინო
"ნაპოლი"-"იუვენტუსის" თემა აქტუალური იყო ხუან ცუნიგას შემთხვევაშიც... საქმე იმაშია, რომ 27 წლის კოლუმბიელის გადაბირება ტურინულ გრანდს სურს და ნეაპოლელებმა კონკრეტული შეთავაზებაც მიიღეს.
ჩრდილოელებმა სამხრეთელებს ცუნიგას სანაცვლოდ 10 მილიონი ევრო შესთავაზეს, თუმცა მტკიცე უარი მიიღეს. ხუანს "ნაპოლისთან" მომდევნო ზაფხულს ეწურება კონტრაქტი და ნეაპოლელებმა ნახევარმცველს მყისვე შესთავაზეს ხელშეკრულების გახანგრძლივება.
ბევრისთვის მოულოდნელად, ცუნიგამ კონტრაქტის გაგრძელებაზე უარი განაცხადა, რითაც მიანიშნა ყველას, რომ მომდევნო ზაფხულს ნეაპოლის დატოვებას აპირებს. არის საფუძვლიანი ეჭვი, რომ ტურინელები ცუნიგას "ნაპოლის" ზურგს უკან გაურიგდნენ და ერთი წლის თავზე, თავისუფალი აგენტის სტატუსით, ხელშეკრულების გაფორმება შესთავაზეს. მოკლედ, კოლუმბიელის უარი ასე აიხსნა და რა გასაკვირია, რომ ამ ფაქტმა ნეაპოლელ ტიფოზთა აღშფოთება გამოიწვია... ამ თემაზე კომენტარი თავად ფეხბურთელმა გააკეთა:
"რამდენიმე დღეა, სოციალური ქსელების მეშვეობით უამრავ შეტყობინებას ვიღებ, სადაც კარგს ვერაფერს ვკითხულობ. რატომღაც მოღალატედ შემრაცხეს და ათასგვარ შეურაცხყოფას მაყენებენ. ბინძური იუვენტინო მიწოდეს და შემდეგ ეს ფრაზა ყველამ აიტაცა.
მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ არანაირი წინასწარი შეთანხმება არ არსებობს და შესაბამისად, არც ჩემი "იუვენტუსში" გადაბარგებაა გადაწყვეტილი. "ნაპოლისთან" კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი მაკავშირებს, რომლის გახანგრძლივებაც ნებისმიერ დროს შეიძლება - ვერ ვხვდები, რა საჭიროა ამ ყველაფრის დაჩქარებული ტემპებით კეთება. იმედია, გულშემატკივრები შეწყვეტენ ჩემთვის უსაფუძვლო შეურაცხყოფის მოყენებას".
ომი სკუდეტოსთვის
ამასობაში პრესასთან გასაუბრება "ნაპოლის" ერთ-ერთმა ლიდერმა მარეკ ჰამშიკმა განიზრახა და საინტერესო კომენტარი გააკეთა:
"ნეაპოლიდან ჩემს შესაძლო აბარგებაზე ბევრი იწერება, თუმცა თამამად შემიძლია გითხრათ, რომ მომდევნო სეზონსაც "ნაპოლიში" გავატარებ. აქ ყველაფერი მაკმაყოფილებს და არც ერთი მიზეზი არ მაქვს, რომ სხვაგან გადასვლაზე ვიფიქრო. გუნდი ძლიერდება და მიზნებიც უმაღლესი გვაქვს დასახული. იტალიის მოქმედ ჩემპიონს სკუდეტოსთვის ომს ვუცხადებთ და ვპირდებით ყველას, რომ ამ ომში თავს არ დავზოგავთ. ამასთან, არც ჩემპიონთა ლიგა უნდა დავივიწყოთ, ამ ტურნირში ასპარეზობა ნებისმიერი ფეხბურთელის ოცნებაა".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
"ნაპოლის" ფეხბურთელმა პლაჟზე გართობისას მხარი ამოიგდო