"ლაციოს" მესვეურები დიდხანს აწარმოებდნენ მოლაპარაკებას "ანდერლეხტთან" და საბოლოოდ, მიაღწიეს შეთანხმებას ლუკას ბილიას ტრანსფერთან დაკავშირებით. 27 წლის არგენტინელი ბოლო 7 წლის განმავლობაში სწორედ ბელგიურ გრანდში თამაშობდა და ამ გუნდის კაპიტანი გახლდათ.
"ანდერლეხტის" მაისურით ბილიამ 204 მატჩი გამართა და 14 გოლი გაიტანა. ვთქვათ ისიც, რომ ლუკასი ნახევარმცველია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, მცველის ფუნქციებსაც ითავსებს.
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბილიამ რომაულ კლუბთან 5-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა, მისი წლიური გასამრჯელო კი ჯერჯერობით არ ხმაურდება. ლუკასმა უკვე გააკეთა პირველი რომაული კომენტარი და შემდეგი განაცხადა:
"კლუბებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებში პირადად ვიყავი ჩართული და დიდი სურვილი მქონდა, რომ ტრანსფერი შემდგარიყო. "ანდერლეხტში" საოცარი წლები გავატარე, მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი დასასრული. იტალიის ჩემპიონატში თამაში ჩემი ოცნება იყო და ბედნიერი ვარ, რომ ამ ოცნებას ფრთები შეესხა. ერთი სული მაქვს, როდის დაიწყება ახალი სეზონი და როდის ჩავერთვები დიდ ბატალიებში".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"ასევე იხილეთ:"ლაციო": ლუკას ბილია გაირკვა, სარატე არა