ტურინის "იუვენტუსი": კოლაროვი მივა, მატრი წავა...

AutoSharing Option
იტალიურ სპორტულ პრესაში იუვენტუსთან დაკავშირებით ბევრი საინტერესო ცნობა ვრცელდება, რომლებზეც ქვემოთ შევაჩერებთ ყურადღებას...

12 მილიონი კოლაროვის სანაცვლოდ
"გაძეტა დელო სპორტის" მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "იუვენტუსის" მესვეურებმა ალეკსანდრ კოლაროვის გადაბირება გადაწყვიტეს და "მანჩესტერ სიტის" წინადადებითაც მიმართეს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, ტურინელები მზად არიან, 27 წლის ფეხბურთელში 12 მილიონი ევრო გადაიხადონ, საბოლოო სიტყვა კი ინგლისელებზეა.

ამბობენ, რომ კლუბის შეცვლა თავად კოლაროვსაც სურს, რადგან "სიტიში" ბევრი სათამაშო დრო არ ეძლევა. გასულ სეზონში ალეკსანდრმა მხოლოდ 20 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და უმეტესობაში შეცვლაზე ჩაერთო თამაშში. მოკლედ,
სერბის პოზიციები მანჩესტერში არცთუ მყარია და თუ კლუბები შეთანხმდებიან, თვითონ არ უნდა წავიდეს წინააღმდეგ.

პირლო ახალ კონტრაქტზე...
მომდევნო ზაფხულს ანდრეა პირლოს "იუვენტუსთან" ხელშეკრულების ვადა ეწურება და ჯერჯერობით უცნობია, გაახანგრძლივებს თუ არა მას. თავად ფეხბურთელი ტურინში თავს ზღაპრულად გრძნობს, მაგრამ ახალ ხელშეკრულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში მოაწერს ხელს, თუ გუნდისთვის კვლავაც მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება:

"რატომ არ ვაფორმებ ახალ ხელშეკრულებას? - "იუვენტუსთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით მაკავშირებს და გამომდინარე აქედან, საჩქარო არაფერია. ჩემი სურვილია, რომ კარიერა ტურინულ გრანდში გავაგრძელო და დავასრულო კიდეც, თუმცა ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი ვიქნები.

ამიტომ, როგორც მინიმუმ, დეკემბრის ბოლომდე დავაკვირდები და თუ ჩემი პოზიციები ძველებურად მყარი იქნება, ახალ ხელშეკრულებას სიამოვნებით მოვაწერ ხელს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ახალ გამოწვევას მივიღებ და სავარაუდოდ, უცხოეთში გავაგრძელებ კარიერას. მიუხედავად იმისა, რომ 34 წლის ვარ, ბუცების ლურსმანზე ჩამოკიდებას ჯერჯერობით არ ვაპირებ".

მატრი ნეაპოლში?
ორი კვირის წინ "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ ღიად განაცხადა, რომ "იუვენტუსი" ორმა თავდამსხმელმა უნდა დატოვოს, ჟურნალისტებმა კი მალევე გაარკვიეს, რომ შავ სიაში ალესანდრო მატრი და ფაბიო კვალიარელა მოხვდნენ. "კორიერე დელო სპორტის" მტკიცებით, მატრი "ნაპოლის" მესვეურებთან აწარმოებს მოლაპარაკებას და არის შანსი, კარიერა იტალიის სამხრეთში გააგრძელოს. თავად 28 წლის ფეხბურთელმა ამის შესახებ მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ტურინში თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ თუ ჩემი გასხვისება უკვე გადაწყვეტილია, ახალი კლუბი უნდა მოვძებნო. "ნაპოლი" ამბიციური გუნდია, რომელიც ყველა ფრონტზე უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. თუ კონკრეტული წინადადება მექნება, სიამოვნებით განვიხილავ. ნეაპოლიდან ნამდვილად შემეხმიანნენ, მაგრამ ამაზე წინ საქმე არ წასულა".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ანდრეა პირლო: არ მინდა, "იუვენტუსს" ზედმეტ ტვირთად დავაწვე
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული