- "ინტერს" სეზონის ჩაგდებას უწინასწარმეტყველებენ. თუ ეთანხმებით ამ მოსაზრებას?
- ამხანაგურ შეხვედრებში წაგება ბევრს არაფერს ნიშნავს და უმჯობესია, გულშემატკივრებმა სიმშვიდე შეინარჩუნონ. ევროპულ გრანდებთან პაექრობებში კარგად გამოჩნდა, რომ "ინტერს" აქვს მომავალი და ეს მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე მატჩი დიდი ანგარიშით წავაგეთ.
- ჩვენ ახალი მწვრთნელი გვყავს, ახალი იდეებით, რომელთა ხორცშესხმასაც გარკვეული დრო სჭირდება. შესაძლოა, სეზონის სტარტზე "მფრინავი ინტერი" ვერ იხილოთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, გუნდი მალე მოძლიერდება და ყველასთვის ანგარიშგასაწევ ძალად იქცევა. ასეთი იყო მაცარის "ნაპოლი" და ასე იქნება "ინტერის" შემთხვევაშიც. რაც მთავარია, ჩვენ გვჯერა ჩვენი მწვრთნელის და მასაც სჯერა ფეხბურთელების.
- გამოდის, რომ ოპტიმიზმის ერთადერთი საბაბი ახალი მთავარი მწვრთნელია...
- არა, რატომ? გუნდში ბევრი ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელთა სინთეზი გამოცდილ მოთამაშეებთან სასურველ შედეგს მოიტანს. ბუნებრივია, მთავარი იმედები სწორედ ახალ მწვრთნელს უკავშირდება, რადგან ნებისმიერი გუნდი კარგი დირიჟორის გარეშე განწირულია წარუმატებლობისთვის. ფეხბურთელები მივყვებით მწვრთნელს და მჯერა, რომ დიდ წარმატებამდე მივალთ.
- ბოლო პერიოდში ხშირად ისმის, რომ კარიერის დასრულებაზე ფიქრობთ...
- კარიერის დასრულების სურვილი ნამდვილად არ მაქვს და ყველაფერს ვაკეთებ, რომ მოედანს დავუბრუნდე. ერთ-ერთ ინტერვიუში ვთქვი, რომ გამორიცხული არაა, თამაში ვეღარ გავაგრძელო, რამაც ააგორა კიდეც ჭორები. ჩემი მიზანი კარიერის გაგრძელებაა, მაგრამ გამორიცხვა მართლა არაფრის შეიძლება. უკვე 40 წლის ვარ, რთული ტრავმების გადატანა კი ახალგაზრდა ფეხბურთელებსაც უჭირთ.
- და მაინც, ჩემპიონთა ლიგის მომგები "ინტერისგან" აღარაფერია დარჩენილი...
- ნებისმიერ გუნდს აქვს აღმასვლის და დაღმასვლის პერიოდები. ჩვენ მოვიგეთ ყველაფერი, ასეთ დროს კი რეგრესის ალბათობა მაღალია. მთავარია, რომ ახალი გუნდის შენება უკვე დაწყებულია და პირველი შედეგებიც მალე გვექნება.
- როგორ აფასებთ "ინტერის" უცხოელ ბიზნესმენთა ხელში გადასვლის ალბათობას?
- "ინტერში" უცხოური ინვესტიციის დაბანდება დადებითად შეგვიძლია შევაფასოთ, რადგან ამით მხოლოდ გაძლიერდება გუნდი, მაგრამ ეს არ უნდა მოხდეს მასიმო მორატის კლუბიდან წასვლის ხარჯზე. სენიორ მასიმოს გარეშე "ნერაძური", უბრალოდ, წარმოუდგენელია. მორატების ოჯახმა ამ კლუბს უამრავი ენერგია, დრო და ფული დაახარჯა, რაც თითოეულმა გულშემატკივარმა უნდა დააფასოს.
- რისთვის იბრძოლებს მომდევნო სეზონში "ინტერი"?
- შესაძლოა, ბევრს ეს უტოპიად მიაჩნია, მაგრამ "ინტერი" აუცილებლად იბრძოლებს სამეულში მოსახვედრად. ამ გარდამავალ ეტაპზე ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება შესანიშნავი შედეგი იქნება და საამისოდ გუნდი ყველაფერს გააკეთებს. გასული სეზონი კოშმარული გამოდგა და გულშემატკივართა წინაშე სარეაბილიტაციოდ გვაქვს საქმე.
- თქვენი ინფორმაციით, ახალი ფეხბურთელების დამატება თუ იგეგმება?
- ვიცი, რომ რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობს მუშაობა და შეთანხმების ალბათობაც მაღალია. გაძლიერება არც ერთ გუნდს არ აწყენდა და მით უმეტეს "ინტერს", რომელიც ჩამოყალიბების ფაზაშია. ვალტერ მაცარი ფეხბურთელებს დიდი დაკვირვების შემდეგ არჩევს და დარწმუნებული ვარ, ტრანსფერთა უმრავლესობა სრულად გაამართლებს მოლოდინს.
- იმედია, კიდევ გიხილავთ მოედანზე...
- ჩემი ყველაზე დიდი სურვილი და რაც მთავარია, მიზანი სწორედ ეს არის. ფეხბურთის თამაში არ მომბეზრებია და ყველაფერს გავაკეთებ, რომ კიდევ არაერთხელ მოვირგო "ინტერის" მაისური.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
მილანის "ინტერმა" ხავიერ ძანეტისთან ახალი კონტრაქტი გააფორმა