ჯუზეპე მაროტა: პოგბა "იუვენტუსში" დარჩება!

AutoSharing Option
ბოლო დღეებში სულ უფრო ხშირად ვრცელდება ცნობები პოლ პოგბას "იუვენტუსიდან" შესაძლო აბარგების და ინგლისური პრემიერლიგის რომელიმე გრანდში გადასვლის შესახებ. ყველაზე ხშირად მაინც "არსენალს" ახსენებენ, რომლის მთავარი მწვრთნელი არსენ ვენგერი, ტრადიციულად, ახალგაზრდა ფეხბურთელებზე აკეთებს აქცენტს.

მოკლედ, 20 წლის ფრანგ ნახევარმცველზე დიდი მოთხოვნაა, მაგრამ ტურინული გრანდის მესვეურები მის გაშვებას არ აპირებენ. ამ თემაზე კომენტარი "იუვენტუსის" სპორტულმა დირექტორმა ჯუზეპე მაროტამ გააკეთა:

"პოგბას გადაბირება არაერთ გრანდს სურს და იმასაც დავადასტურებ, რომ "არსენალისგან" ოფიციალური წინადადება გვაქვს მიღებული - თუმცა, მინდა დავამშვიდო გულშემატკივრები და დავპირდე მათ,
რომ პოლი აუცილებლად დარჩება "იუვენტუსში".

აზრადაც არ მოგვსვლია პოგბას გასხვისება, რადგან ის წამყვან ფეხბურთელთა შორის მოიაზრება. ამ ეტაპზე კონტეს განკარგულებაში ექვსი წამყვანი ნახევარმცველია, რომლებზეც, სავარაუდოდ, თანაბრად გადანაწილდება სათამაშო დრო. შესაბამისად, ფრანგის გასხვისება სრული სისულელე იქნებოდა.

მინდა ერთხელ და საბოლოოდ განვაცხადო, რომ პოგბა "იუვენტუსში" რჩება".


მაროტას კომენტარს იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა დიდი ყურადღება დაუთმეს და ექვსი ნახევარმცველის ამბავიც გაუშიფრეს - ანდრეა პირლო, არტურო ვიდალი, შტეფან ლიხტშტაინერი, კლაუდიო მარკიზიო და კვადვო ასამოა; აი, მეექვსე ნახევარმცველი კი სწორედ პოლ პოგბა გახლავთ.

ამ შუახაზელებს ენდობა ანტონიო კონტე და ვითარება არც უკვე მიმდინარე სეზონში შეიცვლება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული