იტალია. სერია A. II ტურის გამოხმაურება და სიმბოლური: ბევრი გოლი და დიდი ინტრიგა

AutoSharing Option
სერია A-ს მეორე ტურში ფავორიტებმა იმარჯვეს და დაგეგმილი ქულები მოიპოვეს. ჯერჯერობით იტალიური საკლუბო ფეხბურთის გრანდები მაგრად დგანან და თუ ასე გაგრძელდა, სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილში ვითარება უკიდურესად დაიძაბება. მართალია, ცხრილზე ლაპარაკი ჯერ ადრეა, მაგრამ ისეთი პირი უჩანს, რომ მიმდინარე ჩემპიონატში ძლიერნი ამა ქვეყნისანნი "დაჭამენ" ერთმანეთს.

არც ისე მოსაწყენი კალჩო
ჯერ კიდევ გავრცელებულია აზრი იმასთან დაკავშირებით, რომ იტალიური ფეხბურთი ზედმეტად ჩაკეტილი და შესაბამისად, მოსაწყენია. განვლილი ტურით თუ ვიმსჯელებთ, ასე ნამდვილად არაა, რადგან 10 შეხვედრაში 43 გოლი გავიდა - ანუ ერთ თამაშში
საშუალოდ 4.3 გოლი. ასეთი რამ ბოლოს სერია A-ს 2004-05 წლების სეზონის 34-ე ტურში მოხდა.

ყველაზე მეტი გოლი "ჯენოა"-"ფიორენტინას" შეხვედრაში გავიდა, სადაც ფეხბურთელებმა შვიდჯერ დალაშქრეს კარი. ექვსი გოლი გავიდა "კიევო"-"ნაპოლის" პაექრობაში; "იუვენტუსმა" და "ლაციომ" კი ხუთი გოლი იკმარეს, რომელთაგან ოთხი რომაელთა კარში გავიდა. მოკლედ, კალჩო რიხით დაიწყო, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

ტენდენცია და სიურპრიზი
"იუვენტუსის" მიერ "ლაციოს" განადგურება უკვე ტენდენციაა, "ნაპოლის" მოგებაც არ გვიკვირს; აი, "ინტერის" ასეთი წარმატებული სტარტი კი მართლაც მოულოდნელობაა.

თავად ის ფაქტი, რომ "ნერაძურიმ" "კატანიას" სძლია, გაოცებას ნამდვილად არ იწვევს, მაგრამ ვალტერ მაცარის გუნდის შთამბეჭდავი სტარტი მართლაც მოულოდნელია... ერთი, რომ "ინტერის" მესვეეურებმა სატრანსფერო ბაზარზე ვერ იაქტიურეს და სხვათა გაძლიერების ფონზე, შესუსტებულნი ჩანან და მეორე, მოსამზადებელ ციკლში მილანური გრანდი ძალიან შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან - თვითონ მაცარი ამბობდა, ჯერ გუნდად უნდა ვიქცეთ და დანარჩენზე შემდეგ ვილაპარაკოთო...

ორი უპასუხო გოლი "ჯენოას" კარში, სამი "კატანიას" და ნუთუ "ინტერი" უკვე იქცა გუნდად?..

აღზევებულთა მჩაგვრელი
პირველ ტურში "რომამ" "ლივორნოს" სძლია, მეორეში კი "ვერონაც" მოინელა - გუნდები, რომლებიც ელიტაში ახლად აღზევებულნი არიან. რაც მთავარია, რუდი გარსიას "ჯალოროსი" ლაღ და შემტევ ფეხბურთს თამაშობს, რაც გულშემატკივრებს განსაკუთრებულად მოსწონთ - მოკლედ, გარსიას "რომა" უტევს ისე, როგორც ზემანის "რომა" უტევდა, მაგრამ თავს გაცილებით უკეთ იცავს, რაზეც განვლილ ორ ტურში არცერთი გაშვებული ბურთი მეტყველებს.

დაცვის ხაზს დუგლას მაიკონი, მეჰდი ბენატია, ლეანდრო კასტანი და ფედერიკო ბალცარეტი ამაგრებენ, ფეხბურთელები, რომლებსაც კლასი და გამოცდილება ნამდვილად არ დაეწუნებათ. მაიკონი ცალკე სალაპარაკო თემაა - ბრაზილიელმა "ვერონასთან" ბრწყინვალედ ითამაშა და პირველ გოლში ლომის წილი დაიდო. საინტერესოა, საბოლოოდ დაძლევს თუ არა კრიზისს ბრაზილიელი მცველი და ვიხილავთ თუ არა ისეთ მაიკონს, რომელიც "ინტერიდან" გვახსოვს...

სასიკვდილო იარაღი
"ფიორენტინა" "ჯენოას" ესტუმრა და გამანადგურებელი ანგარიშით დაამარცხა, 5:2. ორ-ორი გოლი ჯუზეპე როსიმ და მარიო გომესმა გაიტანეს, ფორვარდებმა, რომლებზეც ფლორენციაში უდიდეს იმედებს ამყარებენ. "თავდამსხმელთა ტანდემი, რომელიც მეტოქეთათვის სასიკვდილო იარაღია" - ასე დაასათაურა "ჯენოა"-"ფიორენტინას" შეხვედრა "გაძეტა დელო სპორტმა" და ამ ფრაზას ნამდვილად აქვს არსებობის უფლება.

ერთი მხრივ, ტანმორჩილი, მოძრავი და ტექნიკური ჯუზეპე როსი და მეორე მხრივ, გიგანტი, ფიზიკურად ძლიერი და მეორე სართულის ბატონ-პატრონი მარიო გომესი - ეს ყველაფერი ერთ გუნდში კი უდავოდ დიდი ძალა და გნებავთ, სასიკვდილო იარაღია. აქამდე გომესს უჭირდა დამაგვირგვინებელ ფაზაში, გენუაში გატეხა ნავსი და "ვიოლამაც" გადაურბინა მეტოქეს...

ციფრები და ფაქტები
* მარეკ ჰამშიკი ერთადერთი ფეხბურთელია ბოლო 10 სეზონში, რომელმაც ჩემპიონატის პირველ ორ შეხვედრაში დუბლი შეასრულა.
*"ნაპოლიმ" ისტორიაში მეორედ სძლია "კიევოს" ვერონაში.
* "იუვენტუსმა" და "ნაპოლიმ" მიჯრით მესამე სეზონი დაიწყეს ორ-ორი გამარჯვებით.
* "ლაციოს" "იუვენტუსისთვის" ჩემპიონატში 2003 წლის შემდეგ არ მოუგია.
* მირკო ვუჩინიჩმა მე-100 გოლი გაიტანა სერია A-ში.
* მიროსლავ კლოზემ პირველი გოლი გაუტანა "იუვენტუსს" კარიერაში.
* "ვერონამ" ბოლო შვიდი მატჩი წააგო რომში, გაუშვა რა 22 გოლი.
* "მილანმა" მიჯრით მეათე საშინაო მატჩი მოუგო "კალიარის". "როსონერის" სარდინიელებთან 22 მატჩია, არ წაუგია.
* "ატალანტამ" 5-მატჩიანი საშინაო მოუგებელი სერია შეწყვიტა.
* "ტორინოს" და "სამპდორიას" გასვლაზე იანვრის შემდეგ არ მოუგიათ.
* "ინტერმა" პირველად დაიწყო ჩემპიონატი ორი მოგებით 2003-04 წლების სეზონის შემდეგ.
* "ჯენოას" სერია A-ში 5-მატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.
* ალბერტო ჯილარდინომ 160-ე გოლი გაიტანა სერია A-ში; მოქმედი ფეხბურთელებიდან წინ მხოლოდ ფრანჩესკო ტოტი და ანტონიო დი ნატალე არიან.
* "ფიორენტინას" გასვლაზე 30 მარტის შემდეგ არ წაუგია, ბოლო 5 შეხვედრაში კი გაიმარჯვა.
* სიმონე ძაძამ "სასუოლოდან" პირველი გოლი გაიტანა სერია A-ში.

ტურის სიმბოლური ნაკრები

Sportall.Ge

ასევე იხილეთ:
იტალია. სერია A. II ტური: "იუვენტუსი" და "ნაპოლი" ბრდღვნიან [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული