მასიმო მორატი: ვალტერ მაცარი ცოტას ლაპარაკობს და ბევრს აკეთებს

AutoSharing Option
მიუხედავად იმისა, რომ სერია A-ს 2013-14 წლების გათამაშება სულ ორი ტურია, რაც დაიწყო, უკვე შეგვიძლია გარკვეულ ასპექტებზე ყურადღების გამახვილება...

მაგალითად, ბევრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა "ინტერის" წარმატებული სტარტი, რომელმაც ორიდან ორივე თამაში მოიგო. აქ არა იმდენად ორი მატჩის მოგებასა და ექვსი ქულის დაგროვებაზე, რამდენადაც თამაშის მაღალ ხარისხზე უნდა გავამახვილოთ ყურადღება - მოკლედ, "ნერაძურიმ" ცოტა გაგვაკვირვა და ექსპერტთა დიდი ნაწილი უკვე ამ წარმატებული სერიის გაგრძელებას ელოდება. ამ ყველაფერზე "გაძეტა დელო სპორტი" კლუბის პრეზიდენტს, მასიმო მორატის ესაუბრა...

- თქვენთვის თუ იყო მოულოდნელი ასეთი წარმატებული
სტარტი?
- სიმართლე გითხრათ, არ მეგონა, თუ გუნდი ასე მალე ითამაშებდა გამართულ ფეხბურთს. ფაქტია, რომ ვალტერ მაცარიმ საწვრთნელი პერიოდი იდეალურად გამოიყენა, რის შედეგსაც უკვე ვხედავთ. აქ საქმე იმდენად ქულებში არაა, რამდენადაც თამაშის ხარისხში; ჩვენ ორივე მეტოქე პირწმინდად დავჯაბნეთ და დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ.

ყველამ კარგად იცით, თუ რა ძნელია "კატანიასთან" სიცილიაზე მოგება, ჩვენ კი მეტოქეს სამი უპასუხო გოლი გავუტანეთ. ერთი სიტყვით, "ინტერის" თამაშით სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ.

- და როგორც ჩანს, ამ ყველაფერში "მთავარ დამნაშავედ" ვალტერ მაცარის მიიჩნევთ...
- დარწმუნებული ვარ, რომ ვალტერ მაცარი "ინტერისთვის" იდეალური მწვრთნელია. ჩვენ შეგვეძლო უფრო ამბიციური, სახელიანი სპეციალისტი მოგვეწვია, მაგრამ არჩევანი იმაზე შევაჩერეთ, ვინც ცოტას ლაპარაკობს და ბევრს აკეთებს.

მაცარისთან პირველივე შეხვედრისას მივხვდი, რომ საქმეს იდეალურად წარუძღვებოდა. ვალტერს უჩვეულო უნარი აქვს, ენერგიით და ოპტიმიზმით აგავსოს, რაც გუნდს ყველაზე მეტად სჭირდებოდა. ახალმა მწვრთნელმა საკუთარი თავის რწმენა განგვიმტკიცა, დანარჩენს კი დრო მოიტანს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მაცარის ბოლომდე ვენდობი.

- მაინც რა არის მაცარის მთავარი იარაღი?
- როგორც აღვნიშნე, ვალტერ მაცარი ცოტას ლაპარაკობს და ბევრს აკეთებს. მას უყვარს მოსმენა, განსაკუთრებით, ფეხბურთელების და ეს მთავარ პლუსად მიმაჩნია. ვალტერის ვარჯიშებს ყურადღებით ვადევნებ თვალს, არადა, საწვრთნელ ბაზაზე აქამდე იშვიათად დავდიოდი. მაცარი არ მიიჩნევს, რომ ყველაფერი იცის და ყველაფერი მისი გადასაწყვეტია. ეს მის მთავარი პლუსია.

- ანუ ის მზადაა, ნებისმიერი ადამიანის რჩევა გაითვალისწინოს, მათ შორის, თქვენი...
- არ იფიქროთ, მწვრთნელის კომპეტენციაში ვიჭრებოდე და მაცარისთან ურთიერთობა ამიტომ იყოს ჩემთვის კომფორტული. წლებია, "ინტერის" პრეზიდენტი ვარ და მწვრთნელის საქმეში ჯერ არ ჩავრეულვარ. მაცარი თავმდაბალი და შრომისმოყვარე ადამიანია, რაც არ შეიძლება, არ გხიბლავდეს.

- კი, მაგრამ თქვენ დღემდე დიდი სიყვარულით იხსენებთ ზეამბიციურ ჟოზე მოურინიოს...
- ჟოზე მართლაც განსაკუთრებული ადამიანია და მას ყველაფერი ეპატიება. მოურინიოს უხდება კიდეც ამბიციურობა და ეს ადრეც არაერთხელ მითქვამს. თუმცა ყველა ჟოზე ვერ იქნება და ყოველთვის მიკვირდა იმ ხალხის, ვისაც უსაფუძვლო ამბიცია ამოძრავებს. საქმე გვაჩვენებს ყველაფერს და დარწმუნებული ვარ, მაცარი "ინტერშიც" ისეთივე წარმატებული იქნება, როგორც "ნაპოლიში" გახლდათ.

- რა სატრანსფერო პოლიტიკა აქვს "ინტერს", რით ახსნით ასეთ პასიურობას?
- რა მიზნებიც გვქონდა სატრანსფერო ფანჯრის წინ, ყველა შევასრულეთ და მთლიანობაში, ძალიან კმაყოფილი ვარ. ჩვენ ახალ გუნდს ვაშენებთ და აქცენტიც ახალგაზრდებზე გვაქვს გადატანილი. შეტევაში ისაკ ბელფოდილი და მაურო იკარდი დავიმატეთ, რომლებიც მომავალში დიდ ფეხბურთს ითამაშებენ. მჯერა ჩვენი არჩეული გეზის და ვიცი, რომ წარმატება არ დაახანებს. შესაძლოა, გულშემატკივრები სუპერვარსკვლავებს ელოდნენ, მაგრამ ათეულობით მილიონის ხარჯვა ნამდვილად არ იქნებოდა გამართლებული.

- გულშემატკივართა ბოლო იმედი სამუელ ეტოოს ტრანსფერი იყო...
- არა, ეტოოს ტრანსფერთან დაკავშირებით მოლაპარაკებაც კი არ წამოგვიწყია და არ მესმის, საიდან გავრცელდა ეს ცნობები. სამუელმა "ინტერის" ისტორიაში დაიმკვიდრა ადგილი და ის მუდამ ჩვენს გულებში იქნება, მაგრამ როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე, "ინტერში" გაახალგაზრდავების პროცესი მიმდინარეობს. თუმცა იყო ერთი გამოცდილი მოთამაშე, რომლის ტრანსფერზეც ვმუშაობდით...

- ვის გულისხმობთ?
- რიკარდო კაკას, რომელიც საბოლოოდ "მილანში" გადაბარგდა. ბრაზილიელი შემტევის თამაში ძალიან მომწონს და სიამოვნებით ვიხილავდი მას შავ-ლურჯი მაისურით. თავიდანვე მცირე იყო იმის შანსი, რომ კაკას "ინტერში" გადმოსვლაზე დავიყოლიებდით, რადგან საუკეთესო წლები "მილანში" აქვს გატარებული.

მილანურ გრანდებს შორის ფეხბურთელთა გაცვლა არცთუ იშვიათი ამბავია, მაგრამ კაკა მაინც ნამეტანი იქნებოდა. მესმის რიკის და მას წარმატებებს ვუსურვებ. მიხარია, რომ კაკა იტალიაში ითამაშებს, მისი კალიბრის ვარსკვლავები ჩვენს ჩემპიონატს ძალიან სჭირდება.

- და მაინც, რა შეუძლია მიმდინარე სეზონში "ინტერს"?
- რთული სათქმელია და მოდი, პროგნოზებისგან თავს შევიკავებ. როგორც გითხარით, ჩემთვის "ინტერის" წარმატებული სტარტიც მოულოდნელი სიურპრიზი აღმოჩნდა, რადგან მოსამზადებელ ციკლში გუნდი შორს იყო ოპტიმალური ფორმისგან. გამომდინარე აქედან, დღეს გაცილებით ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, ვიდრე თუნდაც გუშინ ვიყავი, მაგრამ პროგნოზებს მაინც მოვერიდები. ვფიქრობ, "ინტერს" შესწევს იმის ძალა, რომ უმაღლესი მიზნებისთვის იბრძოლოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმო მორატი და ერიკ ტოჰირი მილანის "ინტერს" ინაწილებენ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული