რამდენად რეალურია ჩეზარე პრანდელის ნაკრებიდან წასვლა

AutoSharing Option
იტალიური სპორტული პრესა სანაკრებო ბატალიებზეა გადართული, რადგან "სკუადრა აძურა" მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურის მოსაპოვებლად ემზადება.

თუ აპენინელებმა 10 სექტემბერს ჩეხეთის ეროვნულ ნაკრებს სძლიეს, მუნდიალის საგზურს გაინაღდებენ, დარჩენილი თამაშები კი უკვე ფორმალობა იქნება. ბუნებრივია, ჟურნალისტებს ხშირი ურთიერთობა აქვთ იტალიის ნაკრების მთავარ მწვრთნელთან, რომელმაც ერთი ისეთი განცხადება გააკეთა, მთელი ქვეყანა აალაპარაკა...

ჩეზარე პრანდელის თქმით, არ არის გამორიცხული, 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ "სკუადრა აძურას" გამოეთხოვოს და ეს განურჩევლად იმისა, რა შედეგს აჩვენებს მისი გუნდი ბრაზილიაში. მოკლედ, პრანდელიმ პირველად ჩამოაგდო სიტყვა წასვლაზე და იტალიურ
საფეხბურთო სამყაროში დიდი აურზაური გამოიწვია.

სპორტულ გაზეთებში უმალ დაიბეჭდა სტატიები პრანდელის შესაძლო წასვლაზე და რაც ყველაზე საინტერესოა, უკვე დასახელდა მისი შესაძლო შემცვლელების ვინაობა. ჯერჯერობით ოთხი გვარი ახსენეს: მასიმილიანო ალეგრი, ლუჩანო სპალეტი, ფრანჩესკო გვიდოლინი და ანტონიო კონტე.

ოთხივე ვარიანტი ძალიან საინტერესოა, თუმცა ჟურნალისტები აქედანვე აცხადებენ, რომ კონტეს ვარიანტი ნაკლებ სავარაუდოა. ანტონიოს "იუვენტუსთან" კიდევ რამდენიმე წლით აკავშირებს ხელშეკრულება და არაერთხელ უთქვამს, რომ მის გაწყვეტას არ აპირებს. "ვეკია სენიორაში" კონტეს ეპოქა დგას და ამ ეპოქის ასე ერთი ხელის მოსმით დასრულება მეტად რთული ამბავია...

სხვა კანდიდატებმა უკვე გააკეთეს კომენტარები - მასიმილიანო ალეგრის პოზიცია ერთ-ერთ წინა ნომერში გაგაცანით, როდესაც მან დიდი სურვილი გამოთქვა "აძურას" გაწვრთნის, მაგრამ იქვე დასძინა, ეს ყველაფერი ალბათ წლების შემდეგ თუ მოხდებაო. სპალეტის და გვიდოლინს ქვემოთ მოვუსმინოთ.

ფრანჩესკო გვიდოლინი ("უდინეზეს" მწვრთნელი): "იცით, რომ ბოლო რამდენიმე სეზონია, არაერთი გრანდიდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ "უდინეზე" არაფერზე გავცვალე. ერთადერთი გუნდი, რომელსაც სიამოვნებით ჩავიბარებდი, იტალიის ეროვნული ნაკრებია. თანაც, კლუბში ყოველდღიურმა მუშაობამ და სტრესმა თავისი ქნა და აშკარად დასვენებას ვსაჭიროებ. ჩემს ასაკში (57) ეროვნული ნაკრების ჩაბარება ნამდვილად მისწრებაა, საინტერესო საქმეა და ამასთან, ბევრი თავისუფალი დრო გაქვს.

არ დავმალავ, რომ იტალიის ეროვნული გუნდის მესაჭეობას დიდი სიამოვნებით დავთანხმდებოდი".


ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი): "ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა უდავოდ საინტერესოა და ვფიქრობ, ამაზე ყველა სპეციალისტს უფიქრია. ნამდვილად არ ვარ იმის წინააღმდეგი, რომ ერთ მშვენიერ დღეს "სკუადრა აძურას" ჩავუდგე სათავეში, თუმცა ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას დღის წესრიგში. მე ჩემი საქმე მაქვს, იტალიის ნაკრები კი მუნდიალისთვის ჩეზარე პრანდელისთან ერთად უნდა მოემზადოს. ჯერჯერობით ჩემი გეგმები მხოლოდ "ზენიტს" უკავშირდება".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩეზარე პრანდელი: იტალიის ნაკრებში ჩემს მომავალზე ჯერ არ ვფიქრობ
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული