იტალია. სერია A. III ტურის წინ: დიდი შეტაკება მილანში

AutoSharing Option
III ტურში ერთი ისეთი მატჩია, რომელმაც ყველა დანარჩენი პაექრობა დაჩრდილა, მათ შორის გენუური დერბი... თუმცა, გენუური ჯახი რა მოსატანია, როდესაც წინ დიდი იტალიური დერბი გველოდება, სადაც ერთმანეთის პირისპირ მსოფლიო ფეხბურთის ორი გრანდი: "ინტერი’ და "იუვენტუსი" წარსდგებიან...

დიდი ამბების მოლოდინში
ორივე ბანაკში დიდი სამზადისია, ექსპერტები და ჟურნალისტები კი პროგნოზებს ერიდებიან. სხვაგვარად არც შეიძლება იყოს, რადგან როდესაც ერთმანეთის პირისპირ "ინტერი" და "იუვე" არიან, წინასწარ რაიმეს განჭვრეტა წარმოუდგენელია. გახსოვთ ალბათ, "ბებერი ქალბატნის" ხანგრძლივი წაუგებელი სერია სწორედ "ნერაძურიმ" შეაჩერა და ეს მაშინ, როდესაც ტურინელებისგან
განსხვავებით, მილანელებს ღრმა კრიზისი ჰქონდათ. მოკლედ, გრანდთა ჯახი პროგნოზებს არ ექვემდებარება და ჩვენც, ისღა დაგვრჩენია, რომ დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

საინტერესო სანახავი იქნება ანტონიო კონტესა და ვალტერ მაცარის დუელი, ძველი მეტოქეების, რომელთაგან ერთმა გასულ ზაფხულს ნავსაყუდელი გამოიცვალა. დიახ, კონტე VS მაცარი ამჯერად "იუვე" VS "ინტერია" და არა "იუვე" VS "ნაპოლი"; როგორც არ უნდა იყოს, ამ სპეციალისტთა ტაქტიკური ჭიდილი და ზოგადად, დაპირისპირება ყოველთვის საინტერესოა. მთავარი ბრძოლა ცენტრში გაჩაღდება და ვინც უპირატესობას იგდებს ხელთ და თამაშს წაიყვანს, გამარჯვების შანსი მას მეტი ექნება. ეს კარგად ესმის ორივე მწვრთნელს, რაც კომენტარებიდან ნათლად ჩანს...

ანტონიო კონტე ("იუვენტუსის" მწვრთნელი): "მილანელები პირველ ნომრად შეეცდებიან თამაშს, თუმცა მოვლენათა ასეთ განვითარებას არაფრით შევეგუებით. თუ სასურველი მიზნის მიღწევა გვსურს, აუცილებლად უნდა შევუტიოთ და შესაბამისად, მოედნის ცენტრი ავიღოთ. ეს იქნება ძალიან საინტერესო, ტაქტიკური ორთაბრძოლა, რომელიც იმედია ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. მე, ჯერ კიდევ არ ვიცი კარგად, რას ნიშნავს ვალტერ მაცარის "ინტერი", რაც მეტოიქეს აშკარა უპირატესობას აძლევს. მიუხედავად ამისა, ოპტიმისტურად ვარ განწყობილი".

ვალტერ მაცარი ("ინტერის" მწვრთნელი): "ეს ჩვენი პირველი სერიოზული გამოცდაა მიმდინარე სეზონში, რომელიც წარმატებით უნდა ჩავაბაროთ. თავი დავანებოთ შედეგს და ქულებს, ჩვენ უბრალოდ უნდა ვითამაშოთ ისე, როგორც ეს "ინტერს" ეკადრება. დარწმუნებული ვარ, მეტოქეს არაფერს დავუთმობთ და ტოლსწორი ჯახი იქნება. ბოლო პერიოდში მუდმივად მესმის, რომ ჩვენი გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოლებს - იქამდე ძალიან შორია, მაგრამ მინდა ხალხის ამგვარი განწყობა "იუვეს" ძლევით კიდევ უფრო განვამტკიცო".

კაკა ძირითადში
როგორც უკვე აღვნიშნეთ, დიდმა იტალიურმა დერბიმ სხვა მატჩები დაჩრდილა, მაგრამ ორი სიტყვით მაინც ვთქვათ ყველაზე მნიშვნელოვანსა და მთავარზე. "მილანი" "ტორინოს" ესტუმრება, რიკარდო კაკა კი ძირითად შემადგენლობაში იასპარეზებს. როგორც ჩანს, "როსონერი" 4-3-1-2 ტაქტიკას უბრუნდება, სქემას, რომლითაც კარლო ანჩელოტის "მილანი" მთელი რვა წლის განმავლობაში ასპარეზობდა. იმ "მილანმა" ყველაფერი მოიგო და საინტერესოა, რას გახდება მასიმილიანო ალეგრის გუნდი. ვთქვათ ისიც, რომ მარიო ბალოტელისთან ერთად შეტევის წინა ხაზზე არა სტეფან ელ შაარავი, არამედ ალესანდრო მატრი მოიაზრება.

"ნაპოლი", "ფიორენტინა" და "ლაციო" საკუთარ მოედანზე იასპარეზებენ, ნაკლებად ამბიციურ გუნდებს ხვდებიან და ბუნებრივია, მხოლოდ სამი ქულის მოპოვებას შეეცდებიან. ნეაპოლელთა თავკაცი რაფაელ ბენიტესი ისევ 4-2-3-1 სქემას აირჩევს და შეტევის წინა ხაზზე გამწესებულ გონსალო იგუაინს, სიღრმიდან მარეკ ჰამშიკს, ლორენცო ინსინიეს და ხოსე კალეხონს წაახმარს. კვირის მატჩები გენუური დერბით დასრულდება და იქ უკვე მთავარი მშვიდობაა...

მაროტა: კონტე არსად არ მიდის
ერთ-ერთ წინა ნომერში გაუწყეთ, რომ იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩეზარე პრანდელიმ პირველად ჩამოაგდო სიტყვა პოსტის შესაძლო დატოვებაზე, მის სავარაუდო შემცვლელთა შორის კი "იუვენტუსის" ამჟამინდელი თავკაცი ანტონიო კონტე დაასახელეს. ბუნებრივია, ეს ცვლილებები ამ სეზონში არ მოხდება და ლაპარაკია მუნდიალის შემდგომ პერიოდზე... კონტეს "სკუადრა აძურაში" შესაძლო დანიშვნას "იუვენტუსის" სპორტული დირექტორი ჯუზეპე მაროტა გამოეხმაურა:

"ანტონიო "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელია და ჩემი ინფორმაციი, წასვლის არანაირი სურვილი არ აქვს. მწვრთნელთან რამდენიმე დღის წინ მქონდა შეხვედრა და ჩვენ ძირითად შორეულ, მასშტაბურ გეგმებზე ვისაუბრეთ. ამასთან, იტალიის ეროვნულ ნაკრებს ჯერ ჰყავს მწვრთნელი, რომელიც შესაძლოა მუნდიალის შემდეგაც დარჩეს დაკავებულ პოსტზე. ასე რომ, კონტეს შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით გავრცელებული ხმები ბევრს არაფერს ეფუძნება. დიდი სურვილი მაქვს, რომ კონტესთან ერთად კიდევ ბევრი ტიტული ვიზეიმო და დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება".

სილვესტრი საოპერაციოა
"მილანს" ტრავმების ეპიდემია შეეყარა, განსაკუთრებით კი ეს დაცვის ხაზს ეხება. ინაციო აბატეს, მატია დე შილიოს და დანიელე ბონერას ტრავმების ფონზე, მატიას სილვესტრის გამოჯანმრთელება ნამდვილად მისწრება იყო, მაგრამ 28 წლის არგენტინელმა პირველივე ვარჯიშზე ფეხში ტკივილი იგრძნო და ისევ ლაზარეთს დაუბრუნდა.

"მილანის" მთავარი ექიმის მიერ გაკეთებული განცხადების თანახმად, თერაპიულმა მკურნალობამ შედეგი არ გამოიღო და ფეხბურთელს ოპერაციის გაკეთება მოუწევს. სარეაბილიტაციო პერიოდი სავარაუდოდ 3-4 კვირას წაიღებს. ერთი სიტყვით, "მილანის" მთავარ მწვრთნელს დაცვის ხაზი გაუნახევრდა, რაზეც მან მოკლე კომენტარი გააკეთა:

"ტრავმა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და არსებულ ვითარებას თვალი უნდა გავუსწოროთ. დაცვაში სერიოზული პრობლემები გვაქვს, მაგრამ გამოსავალი აუცილებლად მოიძებნება. "როსონერიში" არაერთი უნივერსალური თვისებებით დაჯილდოვებული მოთამაშეა, რომელსაც პოზიციის შეცვლა შეუძლია. თუნდაც ურბი ემანუელსონი, რომელიც თავდამსხმელიც ყოფილა და დაცვაშიც უთამაშია".

იტალია. სერია A. III ტური
14 სექტემბერი
ინტერი-იუვენტუსი 20.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: კივუ, ძანეტი - პეპე, მარკიზიო, კასერესი.

ურთიერთშეხვედრები
სულ 43 თამაში: +11=14-18, (42-53)

სავარაუდო შემადგენლობები

ინტერი (3-5-1-1): ჰანდანოვიჩი - კამპანიარო, რანოკია, ჟუან ჟესუსი - ჯონათანი, გუარინი, კამბიასო, კოვაჩიჩი, ნაგატომო - ალვარესი - პალასიო.
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - ბარცალი, ბონუჩი, კიელინი - ლიხტშტაინერი, პირლო, პოგბა, ვიდალი, ასამოა - ტევესი, ლორენტე.

ნაპოლი-ატალანტა 22.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბელინი, ჯორჯი, კაცოლა (ატალანტა).

ურთიერთშეხვედრები
სულ 26 თამაში: +8=10-8, (28-25)

ტორინო-მილანი 22.45
დისკვალიფიკაცია: გაცი, ბარეტო, ჟილე (ტორინო).
ტრავმა: ს. მაზიელო - გაბრიელი, დე შილიო, სილვესტრი, პაცინი, ბონერა, აბატე.

ურთიერთშეხვედრები
სულ 21 თამაში: +1=8-12, (12-38)

15 სექტემბერი
ფიორენტინა-კალიარი 14.30
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: პიზანო (კალიარი).

ურთიერთშეხვედრები
სულ 30 თამაში: +16=7-7, (45-30)

ვერონა-სასუოლო 17.00
დისკვალიფიკაცია: ბერარდი (სასუოლო).
ტრავმა: ტონი, რაგაცუ, ალბერტაცი - ტერანოვა, ვალერი, მარონე, გომესი.

ურთიერთშეხვედრები
სულ 8 თამაში: +3=1-4, (4-7)

ლაციო-კიევო 17.00
დისკვალიფიკაცია: ერნანესი, მაური (ლაციო).
ტრავმა: რადუ, ალფარო - დაინელი.

ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +8=9-5, (25-22)

ლივორნო-კატანია 17.00
დისკვალიფიკაცია: დე ლუკა (ლივორნო).
ტრავმა: სილიგარდი, ბოტა - კაპუანო, ბელუში, ისკო, პერუცი.

ურთიერთშეხვედრები
სულ 10 თამაში: +6=1-3, (20-12)

უდინეზე-ბოლონია 17.00
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ბრკიჩი - ალბეცი, კერუბინი, სორენსენი, კრჰინი.

ურთიერთშეხვედრები
სულ 28 თამაში: +11=8-9, (35-29)

სამპდორია-ჯენოა 22.45
დისკვალიფიკაცია: სამპირიზი, მარკეზე (ჯენოა).
ტრავმა: ანტონელი (ჯენოა).

ურთიერთშეხვედრები
სულ 22 თამაში: +7=6-9, (21-24)

16 სექტემბერი
პარმა-რომა 22.45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: გალოპა, პალეტა - ბრედლი, დესტრო, იედვა.
ურთიერთშეხვედრები
სულ 40 თამაში: +6=9-25, (31-74)

სატურნირო მდგომარეობა
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
მასიმილიანო ალეგრი რთულ ვითარებაში - არც ინაციო აბატე, არც მატია დე შილიო
მკითხველის კომენტარები / 1 /
დღეს იგებს ინტერი!
interista
15:19 14-09-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული