გოტფრიდ ლენცის რეპორტაჟი ტურინიდან: სინიორე, სინიორი...

AutoSharing Option
ქალაქი დერბის მოლოდინში
მთელი ტურინი ტურინული დერბით ცხოვრობდა. ქალაქში დილიდანვე იგრძნობოდა საფეხბურთო განწყობა.

ტურინულმა სპორტულმა გაზეთმა "ტუტოსპორტმა" დერბის სპეციალური, 26-გვერდიანი ჩანართი მიუძღვნა - 10 ლეგენდარული დერბი გამოარჩიეს, "იუვესა" და "ტოროს" ფანებს ისტორიული დაპირისპირებები შეახსენეს და ისედაც აღტყინებულები, კიდევ უფრო მეტად მოიყვანეს დერბის "მუღამზე"...

ეს წუთია, "ოლიმპიკოს" პრესლოჟაში მოვთავსდი და როცა ამ სიტყვებს ვწერ, "ტორინოს" ჰიმნი ჟღერს, რომელსაც "იუვეს" ფანები ყველასათვის კარგად ნაცნობი შეძახილებით ხვდებიან: "მერდა" და "ვა ფანკულო" ტორო-ტოროს ყოველი შეძახილისას.

"ტორინო" მასპინძელია და შესაბამისად, სტადიონზე მოსული ქომაგების აბსოლუტური უმრავლესობა
სწორედ "ტოროს" ქომაგობს. თუმცა ჯერჯერობით, მატჩის დაწყებამდე ერთი საათით ადრე, "იუვეს" ფანები უფრო აქტიურობენ.

თუმცა ეს-ესაა, "ტორინოს" ტიფოზებიც ახმაურდნენ და "იუვეს" ფანების ხმა ჯერ სტვენით, შემდეგ კი "მერდა იუვეს" შეძახილებით გადაფარეს.

იტალიის ჩემპიონატის მატჩს პირველად არ ვესწრები და არ მიკვირს, ტიფოზები დროის ძირითად ნაწილს მეტოქის ლანძღვა-გინებაში რომ ატარებენ. ასე იყო "ლაციო"-"მილანზეც", რომელსაც ორი წლის წინ დავესწარი და მაშინ "ლაციალეს" ტიფოზებმა მთელი 90 წუთი მილანელებისა და ზოგადად, ჩრდილოიტალიელების გინებაში გაატარეს და "ფორცა ლაციალეზე" ხშირად "მერდა ნორდი ბასტარდის" ყვიროდნენ...

"ტორინოს" ტიფოზების მთავარი მიზანიც დღეს "იუვეს" ქომაგების გაბრაზებაა და იმედი აქვთ, რომ ამას არა მარტო სალანძღავი შეძახილებით, არამედ მატჩის შედეგითაც მოახერხებენ. თუმცა, საქმე ისაა, რომ ლამის თვითონაც აღარ ახსოვთ, როდის მოიგო ბოლოს "ტორომ" ტურინული დერბი.

"სინიორე, სინიორი, იიიიილ, ტორინოოოო!" - გამოაცხადეს სტადიონზე და... ლამის დავყრუვდი!

"ოლიმპიკო" სავსე ჯერ კიდევ არაა. არადა, თამაშის დაწყებამდე ნახევარი საათიღაა დარჩენილი. იტალიური მენტალიტეტი ქართულს რომ ჰგავს, მოგეხსენებათ - ჰოდა, ალბათ, ბოლო წუთებში უნდა ველოდო ტრიბუნების შევსებას.

პრესლოჟაში გუნდების განაცხადები რომ მოვითხოვე, ტიპური იტალიური ღიმილით გამიღიმეს, ისედაც ყველამ ზეპირად იცის შემადგენლობაო. როგორც კი ფეხბურთელები მოედანზე გამოვლენ, მაშინვე ყველა მიხვდება, რა შემადგენლობით და როგორი ტაქტიკებით თამაშობენ გუნდებიო.

გრაციე, მაგას მეც მივხვდები-მეთქი...

იტალიაში თამაშის წინ, თამაშის დროს და მატჩის შემდეგაც ყველა შემადგენლობას, ტაქტიკას და განლაგებას განიხილავს.

ვის მეტი ტიფოზი ჰყავს
საყოველთაოდ ცნობილი ამბავი, რომ ტურინში "ტორინოს" უფრო მეტი ტიფოზი ჰყავს, ბოლომდე თავად "ტოროს" ფანებმაც არ დამიდასტურეს. ავტობუსი სწორედ "ტორინოს" ფანებით იყო გადაჭედილი, მაგრამ ეს იმიტომ, რომ დღეს მასპინძელი სწორედ "ტოროა".

ტიფოზებმა გულდაწყვეტილებმა მითხრეს, რომ ნელ-ნელა წარსულს ბარდება ის დრო, როცა ტურინში "ტოროს" უფრო მეტი ფანი ჰყავდა, რაც იმითაა გამოწვეული, რომ ახალი თაობები, შედეგებიდან გამომდინარე, "იუვეს" უფრო ქომაგობენ.

აი, ამ წუთას, მატჩის დაწყებამდე 20 წუთით ადრე, განაცხადები მომიტანეს და პრესსამსახურის წარმომადგენელმა თვალი ჩამიკრა - წეღან გეხუმრე, განაცხადები, რა თქმა უნდა, გვაქვს, თუმცა შემადგენლობები მართლა ყველამ ზეპირად იცისო.

იტალიური იუმორი განუმეორებელია!

"ტორინოს" პრესატაშე ანდრეა კანტაც მეხუმრა - გავიგე, რომ "იუვეს" ფანი ყოფილხარ და აკრედიტაციის მოცემას აღარ ვაპირებდიო...

ანდრეამ, რა თქმა უნდა, არ იცის, რომ სინამდვილეში მართლა "იუვენტუსის" ქომაგი ვარ ბავშვობიდან. მეც აღარ ვუთხარი, გული არ გავუტეხე.

ამას "ლელოს" მკითხველებსაც პირველად გიმხელთ...

კონტემ ოგბონა დაინდო
განაცხადებს გადავხედოთ - ანჯელო ოგბონა სასტარტოში, რა თქმა უნდა, არ არის. როგორც იცით, ეს უკანასკნელი "ტორინოს" ფეხბურთელი იყო და ამ ზაფხულს "იუვენტუსში" გადავიდა, რის გამოც "ტოროს" ფანებისთვის საძულველი მოთამაშე გახდა.

ოგბონა "იუვეს" ძირითადი შემადგენლობის შეუცვლელი ფიგურა ნამდვილად არ არის, თუმცა ანტონიო კონტე ჩემპიონთა ლიგის გამო ხშირად მიმართავს ხოლმე როტაციას, მაგრამ დღეს ოგბონა, რა თქმა უნდა, დაინდო... იოლი წარმოსადგენია, რა დღეში ჩააგდებდნენ ოგბონას "ტოროს" ტიფოზები.

გვერდით ბავშვები (!) მომისხდნენ - როგორც ჩანს, იტალიაშიც გასცემენ აკრედიტაციებს ახლობლებზე, თანაც, ბავშვებზე... თამაშამდე 10 წუთით ადრე "ოლიმპიკო" უკვე თითქმის სავსეა.

გამომცხადებელმა "იუვეს" შემადგენლობა სწრაფად ჩამოთვალა და ოგბონას გვარი განსაკუთრებით ჩუმად გამოაცხადა... "ტორინოს" შემადგენლობებს კი გრანდიოზული ოვაციების ფონზე აცხადებენ - გვარს, ტრადიციულად, სტადიონი ყვირის. ალესიო ჩერჩის გვარს ყველაზე დიდი ოვაციები მოჰყვა - ჩერჩი ხომ "ტოროს" ლიდერი და ფანტაზისტაა...

თამაში პეტარდების და ტრადიციული კვამლის ფონზე დაიწყო. სტადიონზე სუნიც დადგა. პირველი სტვენა ჯორჯო კიელინიმ დაიმსახურა იმის გამო, რომ "ტოროს" მარგალიტ ჩერჩის ეუხეშა...

კონტეს ძირითადში, წინა ხაზზე ჯოვინკო-ტევესის ტანდემი ჰყავს. შესაბამისად, "იუვე" ფლანგებს ნაკლებად ტვირთავს და აქცენტს ცენტრიდან, კომბინაციურ იერიშებზე აკეთებს. "ტორინოს" სტრატეგია კი კონტრშეტევები და ჩერჩი-იმობილეს წყვილია. კონტე პირლოს ასვენებს (ალბათ, "გალათასარაისთვის" ინახავს).

"იუვენტუსის" შუა ხაზის ცენტრში მარკიზიო, პოგბა და ვიდალი შრომობენ. ამ სამეულიდან მთავარ, ანუ პირლოს როლში ვიდალია.

ტევესმა უკვე ორი სისულელე ჩაიდინა - ორივეჯერ უაზროდ დაკარგა ბურთი. ახლახან კი კარგად გახსნილ ვიდალს არაზუსტი პასი მისცა - არგენტინელი მოედნის ხედვის კრიტერიუმში მოიკოჭლებს. ვიდალი ტევესს ღიად აკრიტიკებს და უკვე წუთზე მეტია, უხსნის, როგორი პასი უნდა მიეცა ტევესს მისთვის. ვერ გეტყვით, მიხვდა თუ არა ტევესი, რა შეეშალა.

მხოლოდ ჩერჩი ცოდოა
"იუვე" არ უტევს ისე აგრესიულად, როგორც ამას "ტორინოს" თავკაცი ჯამპიერო ვენტურა აქცენტის კონტრშეტევებზე გაკეთების გამო ინატრებდა და "ტორო" ვალდებულია, პოზიციურად შეუტიოს. ეს კონტეს კონტრ-სტრატეგიაა.

მოედნის ცენტრში უხეშობისთვის მსაჯმა პოგბას ყვითელი ბარათი აუფრიალა და პირველად დაიმსახურა "ტორინოს" ტიფოზებისგან ტაში.

ჯოვინკომ აუტის ხაზთან ისიმულანტა და მთელმა ტრიბუნამ აგინა...

სტადიონზე წამით შედარებითი სიჩუმე ჩამოვარდა. სწორედ ამით ისარგებლა ჩემთან ახლოს მყოფმა "ტოროს" დაახლოებით 50 წლამდე ტიფოზმა, სკამიდან წამოდგა და უკანასკნელ ხმაზე აგინა "იუვენტუსს"...

"ტოროს" ულტრასებს ასეთი შინაარსის ტრანსფარანტი აქვთ: "კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ტურინში". იუვენტუსელებს ტურინელებად არ მიიჩნევენ?! მათი ღრმა რწმენით, ნაღდი ტურინელი "ტოროს" უნდა ქომაგობდეს...

ვიდალის ლექციამ შედეგი გამოიღო - ტევესმა არტუროს ახლა უკვე აზრიანი პასი მისცა, თუმცა ამჯერად უკვე ვიდალმა დააგვიანა რეაქცია და არგენტინელს ხელის აწევით მოუბოდიშა.

"იუვეს" დაცვა შეუვალია, ცენტრალურ ნახევარმცველთაგან ყველაზე უკან მდგომი პოგბა კი აშკარად ნერვიულობს და უხეშობს. თუკი დღეს შეიძლება ვინმე გააძევონ, ჯერჯერობით ამის ყველაზე დიდი შანსი სწორედ პოგბას აქვს.

ტევესი წააქციეს. კაცმა არ იცის, მართლა სჭირდება თუ არა კარლიტოს სამედიცინო დახმარება, ფაქტი კი ისაა, რომ "ტორინოს" ულტრასები უსტვენენ და ბასტარდო-ბასტარდოს სკანდირებენ.

პირველი ტაიმი რეალური საგოლე მომენტის გარეშე დამთავრდა, მაგრამ დაძაბულობა ყოველ წამს იგრძნობოდა. თუ "იუვეს" დერბის მოგება უნდა, მეორე ტაიმში მეტი ძალისხმევით უნდა შეუტიოს.

* * *
მეორე ნახევარი "იუვენტუსმა" ოდნავ მეტი აქტიურობით დაიწყო, კონტემ კი კვალიარელა, პადოინი და ვუჩინიჩი გასახურებლად გაგზავნა. "ტორინო" დაცვაში ყურადღებით თამაშობს და უტევს კიდეც. თუ ასე გაგრძელდა, კონტეს წინა ხაზის გაძლიერება მოუწევს.

"ტორინო" მეშვიდე ადგილზეა, რაც ვენტურას გუნდის შემხედვარეს, ალოგიკურად არ მეჩვენება. "ტორომ" შესაძლებლობები "მილანთანაც" დაამტკიცა (2:2) და "იუვესთან" მით უმეტეს მობილიზებულია.

მობილიზებულიაო? ამ სიტყვის დაწერა და "იუვეს" გოლი ერთი იყო! პადელის საჯარიმოში შექმნილი არეულობით პოგბამ ისარგებლა! ტორინოს ულტრასები დადუმდნენ... თამაში "იუვეს" ტიფოზების სიმღერით გრძელდება.
იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

"ფორცა, რაგაცი! ფორცა, რაგაცი!" - "ტორინოს" ტიფოზერია გამოფხიზლდა, რასაც ფეხბურთელებზე ჯერ ვერ ვიტყვი.

მყისიერი სიჩუმით კიდევ ერთმა ტიფოზმა ისარგებლა. "შეუტიეთ მაგ ბასტარდებს!" - აღრიალდა ხმის ჩახლეჩვამდე და გარშემო მსხდომთა ტაში დაიმსახურა, მაგრამ ვენტურას შეგირდები სასოწარკვეთილები ჩანან. "იუვე" უტევს...

გოლის შემდეგ კონტე კიდევ უფრო აქტიურია - ერთ ადგილზე ვერ ჩერდება და შეგირდებს თითქმის ყველა ნაბიჯს კარნახობს. ფეხბურთელებიც უჩვეულოდ ხშირად უყურებენ მწვრთნელს - განსაკუთრებით, მარკიზიო და ვიდალი, მერე კი იმავეს სხვა თანაგუნდელებსაც კარნახობენ.

"ტორინო" საერთოდ ვეღარ უტევს. ცვლილებაც დროულია: ელ კადურის ნაცვლად, მეჯორინი.

თამაშს მაინც "იუვენტუსი" აკონტროლებს - თანაც, 100 პროცენტით. ვენტურა გადაირია - ხელებს შლის, ილანძღება, შეგირდებს მეტი აქტიურობისკენ მოუწოდებს. არაფერიც! პოგბას გოლის შემდეგ "ტორინო" დაღდასმულია. ტრიბუნებზე კი დაძაბულობა მატულობს! მიუხედავად იმისა, რომ "იუვეს" ორი ფეხბურთელი შველას ითხოვს, ფანები "ტორინოს" ფეხბურთელებს შეტევის გაგრძელებისკენ მოუწოდებენ...

შეცვლაზე შემოსული მეჯორინიც "არ უქნია ღმერთს"... ერთადერთი ტორინოელი, რომელსაც კლასი ეტყობა, ჩერჩია, მაგრამ ჩერჩი მარტოა, აბსოლუტურად მარტო...

ვენტურას თამაშში გარდატეხა ვერ შეაქვს, კონტე კი ცვლილებას აკეთებს - პადოინი ასამოას ნაცვლად. კვადვოს შეუძლია, უკვე "გალათასარაიზე" იფიქროს.

"ტორინო" პოგბას გოლის შემდეგ, ფაქტობრივად, პირველად გადავიდა "იუვეს" ნახევარზე - ჩერჩი, რა თქმა უნდა, მაგრამ ბარძალიმ, ბონუჩიმ და კიელინიმ ძალიან კარგად იციან, როგორ უნდა აკონტროლონ "ტოროს" "ფანტაზისტა".

კონტეს ჯოვინკოც გაჰყავს და შემოჰყავს ვუჩინიჩი. "ტოროს" ფანების სტვენა ჯოვინკოს, "მერდა" და "ბასტარდო" შეძახილები ვუჩინიჩს. "იუვეს" ტიფოზები კი მღერიან.

ისევ მშრალზე
"ტორინო" გააქტიურდა. ვენტურას ბიჭებს 9 წუთი აქვთ. არა, არაფერი გამოსდით. "ტორო" ამ თამაშის გადამრჩენელს არ ჰგავს. პირიქით, ვუჩინიჩს პადელიმ აუღო.

ბოლო წუთები, "ტორინო" უტევს. "იუვენტუსის" ფეხბურთელები მხოლოდ დაცვაზე ფიქრობენ. შეუძლია "ტოროს" "იუვეს" დასჯა?

მსაჯმა სამი წუთი დაამატა. კონტეს ტევესის ნაცვლად კვალიარელა შემოჰყავს - დროის გასაყვანი ცვლილებაა. ვენტურამ კონტესკენ გაიწია, მეოთხე მსაჯმა გააჩერა... კონტეს ვიზავისკენ არც კი გაუხედია, მთელი არსებით თამაშში იყო ჩართული.

მსაჯის სასტვენი. ფინიტა! "ტორინო" "იუვენტუსთან" ისევ ვერაფერს გახდა.

ჰო, მართლა, პოგბას გოლი სტადიონზე არ გამოუცხადებიათ...

Sportall.Ge
"ტორინოს" ფანებმა "იუვეს" მაქსიმალურად არაკომფორტული სიტუაცია შეუქმნეს

Sportall.Ge
იყო თუ არა თამაშგარე? მგონი, კითხვა ზედმეტია

Sportall.Ge
უკან "იუვეს" ტიფოზები

Sportall.Ge
პოლ პოგბა კინაღამ ანტიგმირი გახდა, თუმცა საბოლოოდ გამარჯვების გოლი მან შეაგდო

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ტურინის დერბი "იუვენტუსმა" საეჭვო გოლით მოიგო
მკითხველის კომენტარები / 2 /
ბატონო გოტფრიდ, დაახლოვებით ხუთი წელია ყოველდღიურად ვეცნობი თქვენს სტატიებს, მაშინ ინტერნეტზე არ მიმიწვდებოდა ხელი, ამიტომ გაზეთი "ლელო" იყო ჩემი ინფორმაციის მიღების ძირითადი საშვალება, მე როგორც გერმანული ფეხბურთის გულშემატკივარი აღფრთოვანებული ვიყავი და ვარ თქვენი სტატიებით, ახლა ვიგებ რომ, თქვენ იუვენტუსის გულშემეტკივარი ყოფილხართ. შეკითხვა მაქვს, როგორი შეგრძნებაა იყოთ იუვეს ფანი და ამავდროულად წერდეთ გერმანულ ფეხბურთზე ისე, რომ თავიდან გერმანელიც კი მეგონეთ წარმოუდგენელია უბრალოდ.
0
მეც გერმანელი მეგონა და თან ბავარიის ან რომელიმე გერმანული გუნდის გულშემატკივარი და თურმე იუვეს გულშეატკივარი ყოფილა
ბებერო
11:29 01-10-2013
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული