ვენეტოელებმა ყველა საშინაო მატჩი მოიგეს და თუ გასვლაზეც უკეთ ათამაშდნენ, მათ ბედს ძაღლი არ დაჰყეფს. "ვერონა" ახალგაზრდული გუნდია, თუმცა გუნდში რამდენიმე ვეტერანიც ირიცხება, მაგალითად, 36 წლის ლუკა ტონი. თუმცა, ამ შემთხვევაში ახალგაზრდა ტალანტებზე უნდა შევაჩეროთ თქვენი ყურადღება, რომლებმაც უკვე აალაპარაკეს საფეხბურთო იტალია - ერთი 20 წლის ხუან იტურბე გახლავთ, ხოლო მეორე 21 წლის ჟორჟინიო ფრელო.
იტურბე არგენტინელი თავდამსხმელია, მიმდინარე სეზონში
ჟორჟინიოს უკან ისეთი ფორვარდები ჰყავს მოტოვებული, როგორებიც ფრანჩესკო ტოტი, ანტონიო დი ნატალე, კარლოს ტევესი, მარიო ბალოტელი არიან. მოკლედ, ახალგაზრდები ლიდერობენ გუნდს და ეს გუნდი სად ჰყავთ აყვანილი, ზემოთაც ვახსენეთ. გუნდის მთავარი მწვრთნელი ანდრეა მანდორლინი ეჭვობს, რომ "ვერონას" ამ ტალანტების შენარჩუნება გაუჭირდება:
"იტურბე და ფრელო გამორჩეული ნიჭის ფეხბურთელები არიან, რომლებიც აუცილებლად ითამაშებენ დიდ ფეხბურთს. სერია A ურთულესი ჩემპიონატია და როდესაც ამ ასაკში ასე კარგად ირჯები, დიდი პოტენციალი გაქვს. ერთი ეგაა, რომ ამ ახალგაზრდა ტალანტების შენარჩუნება ძალიან გაგვიჭირდება.
სეზონი ხეირიანად დაწყებული არაა და იტალიური გრანდების მესვეურებმა უკვე სცადეს მოლაპარაკების დაწყება. წარმომიდგენია, რა მოხდება ზამთრის და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდებში. ბოლო წლებში "ვერონამ" ახალგაზრდებზე გააკეთა აქცენტი და ამან შედეგი უკვე გამოიღო - მსოფლიოში ბევრი ტალანტი იკარგება და კარგი იქნება, თუ სხვებიც მოგვბაძავენ".
ბოლოს, კვლავ ჟორჟინიო ფრელოს დავუბრუნდეთ, რომელიც ბრაზილიაში დაიბადა, მაგრამ ადრეულ ასაკშივე იტალიაში გადავიდა საცხოვრებლად და საფეხბურთო კარიერაც აპენინებზე დაიწყო.
მისი პირველი გუნდი "სამბონიფაჩეზე" იყო, რის შემდეგაც პირდაპირ "ვერონაში" ამოჰყო თავი. ფრელომ უკვე ჩაატარა ერთი მატჩი იტალიის ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში და თუ ასე გააგრძელა, ალბათ, ეროვნული გუნდიდანაც მიიღებს მიწვევას. "გაძეტა დელო სპორტმა" ურჩია კიდეც ჩეზარე პრანდელის, რომ ფრელო უახლოეს ამხანაგურ მატჩში გამოიძახოს, რათა მაურო იკარდის ისტორია არ განმეორდეს - შეგახსენებთ, რომ ერთი ხანობა იკარდის სწორედ "სკუადრა აძურაში" სურდა თამაში და პრანდელიმ იმდენ ხანს არ იხმო, სანამ არგენტინიდან არ დაუძახეს და ფეხბურთელსაც იქით არ გაუწია გულმა... ვნახოთ, რა მოხდება ჟორჟინიო ფრელოს შემთხვევაში.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"