დომენიკო კრიშიტოს რუსეთში აღარ უნდა

AutoSharing Option
სერია A-ს გუნდები ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე აქტიურობას აპირებენ, ერთ-ერთი ყველაზე სასურველი სამიზნე კი დომენიკო კრიშიტოა. "ზენიტის" 27 წლის უკანახაზელი იტალიის ნაკრების წევრია და ბუნებრივია, კალჩოს გრანდებს მისი გადაბირება სურთ. თავად ფეხბურთელი როგორც აცხადებს, შესაძლოა აღარც დაბრუნდეს რუსეთში - ამ და სხვა თემებზე თავად ისაუბრებს.

დაბრუნება იტალიაში
დღე არ გავა, რომ ჩემ შესახებ გაზეთებში სატრანსფერო ცნობები არ წავიკითხო. უნდა ვაღიარო, რომ ჟურნალისტები უსაფუძვლოდ არ წერენ, რადგან სერია A-ს კლუბებს მართლაც სურთ ჩემი გადაბირება. მეტიც, ასეთი ყურადღება აქამდე არასდროს მიგრძვნია. პირადად ჩემი
სურვილია, რომ კარიერა იტალიაში გავაგრძელო და იმედი მაქვს, ეს ასეც იქნება. რუსეთში თავს კარგად ვგრძნობდი, მაგრამ ამ ეტაპზე იქ დაბრუნების სურვილი არ მაქვს. ალბათ არც დავბრუნდები, რადგან ჩემი აგენტი აქტიურ მოლაპარაკებებშია ჩაბმული.

"ნაპოლი"
"ნაპოლი" იტალიური ფეხბურთის ერთ-ერთი ფლაგმანია, სავიზიტო ბარათი და ამ გუნდში თამაში ჩემთვის უდიდესი პატივი იქნებოდა. თანაც, არ დაგავიწყდეთ, რომ ნეაპოლელი ვარ და ამ გუნდს ბავშვობიდან ვქომაგობ. რაფაელ ბენიტესს სურს ჩემი დამატება, თუმცა ჯერჯერობით ოფიციალური წინადადება არ მიმიღია. თუ მივიღებ, ყურადღებით განვიხილავ და საჭიროების შემთხვევაში, დათმობებზეც წავალ - კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ მშობლიურ ქალაქში ასპარეზობა ჩემთვის განსაკუთრებული პატივი იქნება.

სხვა გუნდები
მოლაპარაკება რამდენიმე გუნდთან მიმდინარეობს, მათ შორის - "მილანთან" და "ფიორენტინასთან". პირველი შემოთავაზება "ჯენოასგან" მივიღე, მაგრამ ჩემი სურვილი ისეთ გუნდში ასპარეზობაა, რომელიც უმაღლესი მიზნებისთვის იბრძვის. ბუნებრივია, დაინტერესებული კლუბი "ზენიტთანაც" უნდა მორიგდეს და ეს ცალკე დროს წაიღებს.

ვნახოთ, ყველაფერი ახლო მომავალში გაირკვევა. გამოვრიცხავ თუ არა უცხოურ კლუბებს? - უცხოეთში დიდი ხანია ვასპარეზობ, ფასდაუდებელი გამოცდილება მივიღე და ამ ეტაპზე იტალიაში მსურს დაბრუნება. აქ ჩემი შესაძლებლობები ყველაზე უკეთ იციან.

მუნდიალი
ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა არ დამცალდა და დიდი იმედი მაქვს, რომ მუნდიალზე გავემგზავრები. ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჩეზარე პრანდელის თავი მოვაწონო და 23-კაციან განაცხადში მოვხვდე. ერთ-ერთი მიზეზი, თუ რატომ მსურს მაინცდამაინც იტალიაში თამაში, სწორედ მსოფლიოს ჩემპიონატია.

თქმა არ სჭირდება, რომ "სკუადრა აძურას" თავკაცი უფრო მეტ ყურადღებას სერია A-ს ფეხბურთელებს აქცევს და ეს ასეც უნდა იყოს. ვფიქრობ, იტალიის ნაკრები მუნდიალის ერთ-ერთი ფავორიტია და უმაღლესი მიზნისთვის იბრძოლებს - იმედია, ამ გუნდში ჩემი ადგილი მექნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული