არტურო ვიდალი: მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველი ვარ!

AutoSharing Option
არტურო ვიდალის გოლები უკვე აღარავის უკვირს, მაგრამ მაინც: ტურინის "იუვენტუსის" 26 წლის ჩილელ ფეხბურთელს იტალიის მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი, ჩემპიონთა ლიგაში კი ხუთის გატანა მოახერხა, რაც ცენტრალური ნახევარმცველისთვის მართლაც გრანდიოზული შედეგია. შესაბამისად, თითქოს ლოგიკურია ისიც, რომ ვიდალს თავმდაბლობისა არაფერი ეტყობა და პირდაპირ ამბობს - ჩემს პოზიციაზე საუკეთესო ვარო.

გერმანულმა სპორტულმა ჟურნალმა "შპორტ ბილდმა" 22 იანვარს ვიდალის ექსკლუზიური ინტერვიუ გამოაქვეყნა, სადაც "იუვენტუსის" ახალი ლიდერი თამამად აცხადებს, რომ თავს მსოფლიოში საუკეთესო ნახევარმცველად მიიჩნევს.

"თანამედროვე ფეხბურთში უამრავი შესანიშნავი ცენტრალური ნახევარმცველია.
მაგალითად - სამი ხედირა, ბასტიან შვაინშტაიგერი, ანდრეს ინიესტა, ჩავი და ასე შემდეგ, მაგრამ ამ პოზიციაზე დღესდღეობით საუკეთესო მე ვარ!"
- აცხადებს ვიდალი და აზუსტებს:

"ბოლო დროს აშკარად ვამჩნევ, რომ არაერთი ნახევარმცველი ცდილობს ისე თამაშს, როგორც მე ვთამაშობ. უკვე მართლა ბევრი მბაძავს, მაგრამ მე მაინც საუკეთესოდ ვრჩები, რადგან სხვა არც ერთი ცენტრალური ნახევარმცველი არ ეხმარება თანაგუნდელებს შეტევების ჩაშლაში ისე, როგორც მე და სხვა ვერც ერთი ცენტრალური ნახევარმცველი ვერ ახერხეს იმდენი გოლის გატანას, რამდენიც მე გამაქვს!
"

როგორც იცით, ვიდალი "იუვენტუსში" "ლევერკუზენიდან" გადავიდა და სანამ ტურინში აღმოჩნდებოდა, მიუნხენის "ბაიერნში" ეპატიჟებოდნენ. რეკორდმაისტერის მთავარ მწვრთნელ იუპ ჰაინკესს ვიდალის გადაბირება სიგიჟემდე უნდოდა, მაგრამ არტურომ "ბაიერნს" "იუვენტუსი" ამჯობინა. კითხვაზე, ნანობს თუ არა ამ გადაწყვეტილებას, ვიდალი ასე პასუხობს: "ალბათ იმას გულისხმობთ, რომ "ბაიერნმა" ჰეთ თრიქი შეასრულა... სამაგიეროდ, მე ორჯერ გავხდი იტალიის ჩემპიონი და "იუვესთან" კონტრაქტი 2017 წლამდე მაკავშირებს. მჯერა, რომ ჩემპიონთა ლიგის მოგებას აქაც შევძლებ."

ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებას "იუვე" უკვე გამოეთიშა, თუმცა ისტორიული შანსი აქვს, ზედიზედ მესამედ მოიგოს სერია A. "ზედიზედ მესამე ჩემპიონობა მართლაც გრანდიოზული მიღწევა იქნებოდა," - ამბობს ვიდალი.

არტურომ ჩვენს გერმანელ კოლეგებს ისიც გაუმხილა, რომ ძალიან უნდა, "იუვენტუსმა" "ბაიერნის" გოლეადორი მარიო მანჯუკიჩი გადაიბიროს: "მარიო ნამდვილი ჩემპიონი და შესანიშნავი თავდამსხმელია. ასეთი გოლეადორი ნებისმიერ კლუბს დაამშვენებდა," - დასძენს ჩილელი.

თავად ვიდალსაც ბევრი მთხოვნელი ჰყავს. ყოველ შემთხვევაში, მისი მომავლის შესახებაც არაერთი სპეკულაცია ვრცელდება, მაგრამ ჩილელს ეს ყველაფერი არ აღელვებს: "ჭორები ყოველთვის იარსებებს. ამბობენ, რომ ყველაზე მეტად "მანჩესტერ იუნაიტედს" ვუნდივარ. როცა ტოპ-კლუბში თამაშობ და თანაც, გამორჩეული ფეხბურთელი ხარ, ასეთი სპეკულაციები ლოგიკურია. ფაქტი ის არის, რომ ახლა "იუვენტუსში" თავს მართლა მეფესავით ვგრძნობ და კლუბის გამოცვლას ჯერჯერობით ნამდვილად არ ვგეგმავ."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული