სინიშას "სამპა" კარგია
ტურის მთავარი დაპირისპირება ტურინში შედგა, მაგრამ ნამდვილი დერბი, ანუ თანაქალაქელთა ჯახი გენუაში ვიხილეთ. ნომინალური მასპინძელი "ჯენოა" იყო, მაგრამ გულშემატკივართა მხურვალე მხარდაჭერამ ჯამპიერო გასპერინის შეგირდებს ვერ უშველა - "სამპდორიამ" უკეთ წარმართა შეხვედრა და გამარჯვების გოლი დამსახურებულად გაიტანა. მატჩის გმირი მაქსი ლოპესი გახდა, რომელსაც დებიუტი
მიხაილოვიჩმა 4-2-3-1 სქემა აირჩია და ცენტრფორვარდად გამწესებულ ლოპესს უკნიდან სორიანო, გაბიადინი და ედერი დაახმარა; "ჯენოას" დაცვას დიდი ჯაფა დაადგა და თავისუფლად შეიძლებოდა, ანგარიში გამანადგურებელიც კი ყოფილიყო. სინიშას ხელში, "სამპდორია" კარგად ათამაშდა, სატურნირო ცხრილშიც დაწინაურდა და გასავარდნ ზონასაც გვარიანად დასცილდა.
ლეგენდები ლაპარაკობენ
დიდ იტალიურ დერბიზე 4 თებერვლის ნომერშიც ბევრი ვწერეთ. ახლა მხოლოდ საინტერესო კომენტარებს შემოგთავაზებთ ორი ლეგენდისგან.
მარჩელო ლიპი: "ნათლად გამოჩნდა, რომ ამ ორ გუნდს შორის დღეს დიდი სხვაობაა კლასში. ტურინელებმა შანსი არ დაუტოვეს მეტოქეს და დამსახურებულად მოიგეს. "იუვეს" უფრო ძლიერი კონკურენტები სჭირდება და იმედია, სხვა იტალიური გუნდებიც გაძლიერდებიან. "ვეკია სენიორამ" იოლად მოუგო "რომას", "ნაპოლის" და "ინტერს", უმთავრეს კონკურენტებს, რაც კარგი ნამდვილად არაა".
ჯუზეპე ბერგომი: "მეტად უჩვეულოა, როდესაც დიდ იტალიურ დერბის გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს. არავისთვის იქნება გასაკვირი, თუ ვიტყვი, რომ მე "ინტერს" ვგულშემატკივრობდი, მაგრამ ასე პესიმისტურად განწყობილი წინასამატჩოდ არასდროს ვყოფილვარ. "ნერაძურის" მესვეურებმა გუნდის გაძლიერებაზე უნდა იზრუნონ და საამისოდ, მხოლოდ ერნანესის გადაბირება საკმარისი არაა".
უამინდობა და კალჩო
ისევე, როგორც მთელ ევროპაში, იტალიაშიც უამინდობაა. ყინვამ და თოვლმა ფეხბურთსაც შეუქმნა პრობლემები, კერძოდ, სერია A-ს ერთი პაექრობა გადაიდო. ბოლო წუთებამდე კითხვის ნიშნის ქვეშაა იტალიის თასის ნახევარფინალური მატჩის ჩატარება "რომასა" და "ნაპოლის" შორის, რომელიც დღესაა დაგეგმილი. რაც შეეხება "რომა"-"პარმას" პაექრობას, აპრილის დასაწყისში განახლდება. რუდი გარსიამ ჟურნალისტებთან საგულისხმო კომენტარი გააკეთა:
"გუნდი კარგ ფორმაში მყავს და დასანანია, რომ "პარმასთან" თამაშის საშუალება არ მოგვეცა. თასის პაექრობაც კითხვის ნიშნის ქვეშაა და ბუნებრივია, ეს ყველაფერი ფეხბურთელებზეც მოქმედებს. რიტმიდან არ უნდა ამოვვარდეთ, ეს უმთავრესია".
რამის პრემიერა
"მილანმა" "ტორინოსთან" მორიგი უსახური მატჩი გამართა, მაგრამ კლარენს ზეედორფის შეგირდთაგან ერთი ფეხბურთელის გამორჩევა ნამდვილად შეიძლება. ეს ადილ რამი გახლავთ, რომელიც დაცვის ცენტრში მოქმედებდა, უშუალო მოვალეობას თავი კარგად გაართვა და დიდებული გოლიც გაიტანა. მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც რამიმ ერთ მეურვეს გვერდი კარგად აუარა და უძლიერესი დარტყმით, ბურთი ბადეში გაახვია - ადილს "მილანის" ძირითად შემადგენლობაში მყარად სურს ფეხის მოკიდება:
"სამწუხაროა, რომ ვერ მოვიგეთ, მაგრამ რას ვიზამთ, დროს უკან ვერ დავაბრუნებთ. სამუშაო ბევრი გვაქვს და "ტორინოსთან" პაექრობამ ეს კიდევ ერთხელ დაგვანახვა. ჩემი მიზანია, რომ ძირითად შემადგენლობაში მყარად მოვიკიდო ფეხი და იმედია, განვლილი პაექრობა ამაში დამეხმარება".
ახალი ბუფონი
"ბოლონია"-"უდინეზეს" შეხვედრაში ერთი მეტად საინტერესო ამბავი მოხდა - ფრიულური გუნდის კარს 17 წლის მეკარე სიმონე სკუფეტი იცავდა. ამ ასაკში, იტალიის ელიტარულ დივიზიონში ასპარეზობა უდავოდ განსაკუთრებული მოვლენაა და მით უმეტეს, როდესაც საქმე კარის დარაჯს ეხება. საგულისხმოა, რომ სკუფეტიმ კარი მშრალად შეინახა და რამდენჯერმე გადაარჩინა კიდეც გუნდი გაშვებული გოლისგან.
იტალიურ საფეხბურთო სამყაროში უკვე ალაპარაკდნენ, რომ კალჩოს ახალი ჯანლუიჯი ბუფონი მოევლინა. ასეთი დასკვნების გაკეთება ჯერ ნაადრევია, მაგრამ დასაწყისი სიმონეს მართლაც შესაშური გამოუვიდა. ვნახოთ, როგორი გაგრძელება ექნება ამ ისტორიას...
ტურის სიმბოლური ნაკრები
პადელი (ტორინო) - ლიხტშტაინერი (იუვენტუსი, მარჯვ.), რამი (მილანი, ცენტრი), კიელინი (იუვენტუსი, ცენტრი), დელ გროსო (ატალანტა, მარცხ.) - პირლო (იუვენტუსი, ცენტრი), ვიდალი (იუვენტუსი, მარჯვ.), ლაძარი (უდინეზე, მარცხ.) - კანდრევა (ლაციო, მარჯვ.), ემეგარა (ლივორნო, მარცხ.), დენისი (ატალანტა, ცენტრი).
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"