ადრიანო გალიანიმ "კალიარი" გამორიცხა, ის "მილანის" ერთგულია

AutoSharing Option
იტალიელმა სპორტულმა ჟურნალისტებმა ერთი ამბავი ატეხეს, ადრიანო გალიანი "მილანს" ტოვებს და "კალიარის" პრეზიდენტი ან გნებავთ, გენერალური დირექტორი გახდებაო.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარდინიული კლუბის მფლობელი მასიმო ჩელინო საპრეზიდენტო სკამის დათმობას სწორედ გალიანისთვის აპირებს, თვითონ კი მფლობელის სტატუსს დასჯერდება და მართვის პროცესში ნაკლებად ჩაერევა.

მართალია, გალიანიმ გადაიფიქრა "მილანიდან" წასვლა და ბარბარა ბერლუსკონისთან კოაბიტაციურ რეჟიმშია, მაგრამ ყველამ კარგად იცის, რომ სენიორ ადრიანო და "ლედი B" ერთმანეთს მთლად კარგად ვერ უგებენ. გალიანის პოზიციები აშკარად შერყეულია - მწვრთნელად კლარენს ზეედორფის დანიშვნაც სილვიო ბერლუსკონიმ უფრო ბარბარას
გავლენით გადაწყვიტა, ადრიანო კი აშკარად მასიმილიანო ალეგრის დატოვების მომხრე იყო.

მოკლედ, გალიანი ისე კომფორტულად ვეღარ გრძნობს თავს, როგორც ადრე და მისი კლუბიდან წასვლის შესახებ კვლავაც ვრცელდება ცნობები.

თუმცა თავად ადრიანომ "როსონერიდან" აბარგება გამორიცხა:

"არ უარვყოფ, რომ მასიმო ჩელინოსთან მქონდა ლაპარაკი, მაგრამ ჩემი სარდინიაზე გადაბარგება გამორიცხულია. 28 წელია "მილანში" ვარ, ჩემი გული შავ-წითლად არის შეღებილი და ყოველთვის ასეთად დარჩება.

ვერასდროს დავჯდები "სან სიროზე" სტუმრის რანგში, ეს, უბრალოდ, გამორიცხულია. მე ვიქნები "მილანში" იქამდე, სანამ კლუბს დავჭირდები; შემდეგ კი, ალბათ, პენსიაზე გავალ. ყოველ შემთხვევაში, "როსონერის" კონკურენტი არასდროს გავხდები"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული