ანტონიო კონტე: "რომა" უფრო საშიშია...

AutoSharing Option
ტურინულ დერბიში "იუვენტუსმა" "ტორინო" დაამარცხა, თუმცა ანტონიო კონტეს და მის გუნდს ჟურნალისტებმა გვარიანად შეუტიეს. "ბიანკონერიმ" მძიმე შთაბეჭდილება დატოვა და შეეძლო არათუ ორი ქულა დაეკარგა, სულაც წაეგო.

ერთ ეპიზოდში მსაჯს თერთმეტმეტრიანი უნდა დაენიშნა "გრანატას" სასარგებლოდ, მაგრამ დაინდო "იუვე" და ამით თითქოს კიდევ უფრო უსამართლო გახადა მასპინძელთა ტრიუმფი. "კორიერე დელო სპორტი" ანტონიო კონტეს აქტუალურ თემებზე ესაუბრა...

ტურინული დერბი
ფეხბურთელებმა ტაქტიკური დავალებები იდეალურად შეასრულეს და ამად იყო, რომ მეტოქეს ჩვენს კართან თითზე ჩამოსათვლელი მომენტი ჰქონდა. თუმცა შეტევაში ჩვენც ვერ ვივარგეთ და ამას თვალი
უნდა გავუსწოროთ. მიზეზი? - შესაძლოა, გადაღლილობა, რადგან უკვე რა ხანია, კვირაში სამი მატჩის ჩატარება გვიწევს. მიუხედავად ამისა, სასურველ მიზანს ვაღწევთ და ასე იყო "ტორინოსთან" შეხვედრაშიც.

უნდა დანიშნულიყო თუ არა თერთმეტმეტრიანი "იუვეს" კარში? - ეპიზოდი კარგად ვერ დავინახე, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ომარ ელ ქადური მზად იყო წაქცევისთვის და წინასწარ ფიქრობდა პენალტის მოპოვებას. მსაჯის საქმეებში ჩარევა არ მჩვევია და ამ თემაზე უფრო საინტერესოს ვერაფერს გეტყვით.

სკუდეტო
გასულ ჩემპიონატში უფრო მშვიდად ვგრძნობდი თავს თუ მიმდინარე სეზონში? - დაძაბულობა და ნერვიულობა ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია, რომელმაც მთავარია, ხელი არ შეგიშალოს. ეს დაძაბული ფონი მთელ სეზონს გასდევს თან, სანამ ინტრიგა არ მოკვდება და ყველაფერი არ გაირკვევა.

ასე გიპასუხებთ: ჩემი აზრით, რუდი გარსიას "რომა" უფრო საშიში კონკურენტია, ვიდრე გასული სეზონის "ნაპოლი" იყო. გარსია საკუთარ თავს მაგონებს და მისი "რომაც" ისე ირჯება, როგორც ჩემი "იუვე" პირველ სეზონში. რომაელები ყველაფერს სწორად აკეთებენ და როგორც ჩანს, ბოლომდე გაგვიწევენ კონკურენციას.

"ბოლონიასთან" ურთულესი შეხვედრა მოიგეს და ეს ნათელი გზავნილი იყო - "ჯალოროსი" სკუდეტოს უმიზნებს და ეს ტროფეი სწორედ ასეთი პაექრობების მოგებით მოდის. თუმცა დერბის მოგება პასუხი იყო რომაულ გზავნილზე. ვნახოთ, წინ საინტერესო ბატალიები გველის.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული