რაფაელ ბენიტესის გუნდი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე აღზევდა და, როგორც იტალიურ საფეხბურთო წრეებში ალაპარაკდნენ, სკუდეტოსთვის ბრძოლაში ჩაება...
ახალი კონტრაქტი ბენიტესს
რაფაელ ბენიტესის ხელშეკრულებას ვადა მიმდინარე სეზონის ბოლოს გასდის და თუ აქამდე ნეაპოლელები არ ჩქარობდნენ მის გახანგრძლივებას, ბოლო წარმატებებმა ეს პროცესიც დაძრა - ამაზე კლუბის პრეზიდენტ აურელიო დე ლაურენტისის სიტყვები მოწმობს:"რაფაელ ბენიტესი თავის საქმეს იდეალურად ასრულებს და ამიტომ ხელშეკრულების გახანგრძლივება ჩვენი
ფეხბურთში ყველაფერი ხდება და არ შეიძლება, წარუმატებლობა მხოლოდ მწვრთნელს დაბრალდეს. ვიცოდი, რომ კრიზისს რაფასთან ერთად დავძლევდით და ასეც მოხდა.
ახალი ხელშეკრულების პირობებზე მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ერთწლიანი იქნება. გრძელვადიანი კონტრაქტის გაფორმება თავად მწვრთნელს არ სურს და მის ამ პოზიციას პატივს ვცემთ".
"გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, რაფაელ ბენიტესმა თავად მოისურვა მხოლოდ 1-წლიანი ხელშეკრულების გაფორმება, რადგან სამომავლოდ ინგლისის პრემიერლიგაში სურს დაბრუნებაო.
ჯაკერინი სამიზნეში
"გაძეტა დელო სპორტმა" გვამცნო, რომ "ნაპოლის" სპორტული დირექტორი რიკარდო ბიგონი ლონდონში იყო ჩასული, სადაც არგენტინა-ხორვატიის ამხანაგურ მატჩს დაესწრო. გამოცემამ ბიგონს რამდენიმე კითხვა დაუსვა და საინტერესო პასუხები მიიღო...
- რომელ ფეხბურთელებზე დასაკვირვებლად გაემგზავრეთ ლონდონში?
- რამდენიმე ფეხბურთელს ვაკვირდებით, მაგრამ ამ ეტაპზე გვარების დასახელებისგან თავს შევიკავებ. ჩვენთვის საინტერესო მოთამაშეები თამაშობენ როგორც არგენტინის, ისე ხორვატიის ნაკრებში და ლონდონშიც ამიტომ ჩავედი. ამის უარყოფა და იმის მტკიცება, რომ ბრიტანეთის დედაქალაქში ტურისტის როლში ჩავედი, სისულელე იქნება.
- ამბობენ, რომ ემანუელე ჯაკერინის შეხვდით და მისი გადაბირებაც გსურთ...
- კი, ნამდვილად ასეა. ემანუელეს გაუჭირდა ინგლისურ ფეხბურთთან ადაპტაცია და "სანდერლენდის" ძირითად შემადგენლობაში ვერ დაიმკვიდრა ადგილი. მართალია, ამჟამად ტრავმირებულია, მაგრამ დეკემბრის პირველ რიცხვებში გამოჯანმრთელდება და სურს, რომ სათამაშო პრაქტიკა ჰქონდეს. ემანუელე თავის პოზიციას შეგვატყობინებს და შემდეგ უკვე "სანდერლენდის" მესვეურებს შევეხმიანებით.
- ისიც ითქვა, რომ ლორენცო ინსინიეს ჩანაცვლება სებასტიან ჯოვინკოთი იგეგმება...
- ჯოვინკო უმაღლესი კლასის ფეხბურთელია და "იუვენტუსში" თამაში, პრაქტიკულად, არ უწევს. თუ ტურინელები გამოუშვებენ, სიამოვნებით დავიმატებთ. თუმცა, ჩემი ინფორმაციით, "იუვენტუსის" მესვეურებს უცხოეთში გაშვება უნდათ. ვნახოთ, ყველა კითხვას უახლოეს დღეებში გაეცემა პასუხი.
ალეგრი: "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს
ამასობაში, მედიას "იუვენტუსის" მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი გაესაუბრა და განაცხადა, რომ "ნაპოლი" სკუდეტოსთვის იბრძოლებს:"რუდი გარსიას კომენტარს გავეცანი, რომელიც აცხადებს, რომ "რომა" იტალიის საუკეთესო გუნდია და სადაც სამართალია, სკუდეტო უნდა მოიპოვოს. ასეთი თამამი განცხადებისგან თავს შევიკავებდი, რადგან წინ მთელი სეზონია, კონკურენცია კი ძალიან დიდია.
ბრძოლა სკუდეტოსთვის ბოლო ტურებამდე გაგრძელდება და მასში არა მარტო "რომა" და "იუვენტუსი", "ნაპოლიც" იქნება ჩართული. რაფაელ ბენიტესის გუნდმა ჩავარდნა დაძლია და მათი გაჩერება ურთულესი იქნება".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"