დიდი თამაშები მოედანს მიღმა - ზამთრის საინტერესო ტრანსფერები აპენინებზე

AutoSharing Option
ფოტოზე: "ნაპოლის" წლის პირველ ვარჯიშზე დასასწრებად "სან პაოლოზე" 25 000 გულშემატკივარი მივიდა

საშობაო შესვენების მიუხედავად, იტალიურ ფეხბურთში ბევრი საინტერესო ამბავი მოხდა და ქვემოთ სწორედ მათზე უნდა მოგითხროთ...

სნეიდერი "იუვეს" სამიზნეში
ტურინის "იუვენტუსი" ერთბაშად ორი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობდა: ერთი ჯერდან შაჩირი გახლდათ, ხოლო მეორე ვესლი სნეიდერი.

ბოლო დღეებში მეტ ინტერესს მაინც სნეიდერის შესაძლო ტრანსფერი იწვევს, რომელსაც "გალათასარაის" დატოვება გადაწყვეტილი აქვს. მით უმეტეს, 4 იანვარს გავრცელებული ცნობით, შაჩირის "ინტერში" გადასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

რაც შეეხება ვესლის, "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, ტურინელები მზად არიან, რომ
30 წლის ჰოლანდიელს სეზონში 4.5 მილიონი ევრო გადაუხადონ და მასთან 3-წლიანი კონტრაქტი გააფორმონ.

მაცდური წინადადებაა, თუმცა სნეიდერს ბევრი მსურველი ჰყავს და შესაბამისად, პოზიციის დაფიქსირებას არ ჩქარობს.

მასიმილიანო ალეგრის გამთამაშებლის გადაბირება სურს, რაც მისი ახალი ტაქტიკით არის ნაკარნახები.

აქამდე 4-3-1-2 სქემაში ტრეკვარტისტას როლი ხან რობერტო პერეირას ეკავა, ხანაც არტურო ვიდალს, მაგრამ არც ერთია პლეიმეიქერი და არც მეორე. ამიტომ "იუვეს" უმთავრესი მიზანი სწორედ დირიჟორის დამატებაა, სნეიდერი კი ყველაზე კარგ ვარიანტად მოჩანს.

ტევესის უარი
"იუვენტუსის" მესვეურებმა კარლოს ტევესს კონტრაქტის გახანგრძლივება შესთავაზეს, მაგრამ მოულოდნელად, უარი მიიღეს.

30 წლის არგენტინელს ხელშეკრულება 2016 წლის ივლისში უმთავრდება და მართალია, იქამდე კიდევ წელიწადნახევარია დარჩენილი, ტურინელებს მისი კიდევ უფრო გახანგრძლივება სურდათ.

უარი მართლაც მოულოდნელი იყო, თუმცა "იუვეს" მესვეურები და გულშემატკივრები წყენას არ იმჩნევენ, თავად ტევესმა კი უარი ასე ახსნა:

"პატივს ვცემ იმ ხელშეკრულებას, რომელიც "იუვენტუსთან" მაკავშირებს და მის დარღვევას ნამდვილად არ ვაპირებ, მაგრამ კონტრაქტის კიდევ უფრო გახანგრძლივება საჩქარო არაა. მირჩევნია კარგად დავფიქრდე, ყველაფერი ავწონო და გადაწყვეტილება ისე მივიღო.

არავინ იცის, რა მოხდება წელიწადნახევრის შემდეგ და ამიტომ უმჯობესია, თავი შევიკავო. იმედი მაქვს, გულშემატკივრები ჩემს გადაწყვეტილებას გაგებით მოეკიდებიან".

პოდოლსკი, შაჩირი... ვინ იქნება შემდეგი?
მილანის აეროპორტში "ინტერის" გულშემატკივრებმა ლუკას პოდოლსკის დიდებული დახვედრა მოუწყვეს - თავის დროზე, ალბათ, ასე ბრაზილიელ რონალდოს, რობერტო ბაჯოს ან ივან სამორანოს დახვდნენ, მაგრამ დღეს "ნერაძურის" ახალი ვარსკვლავი სწორედ პოდოლსკია.

29 წლის გერმანელი ვერაფრით შეეგუა ლონდონის "არსენალში" დამცრობილ როლს, 2015 წლიდან კი იტალიური გრანდის ღირსებას დაიცავს.

"მალპენსას" აეროპორტში ლუკასს ათასობით გულშემატკივარი დახვდა, რამაც ბევრისმნახველი შემტევიც კი გააკვირვა:

"არ მეგონა, თუ ამდენი გულშემატკივარი დამხვდებოდა. ეს ჩემთვის დიდი პატივი და გამოწვევაა. ყველაფერს გავაკეთებ, რომ საუკეთესო თვისებები გამოვავლინო და ქომაგები გავახარო.

რობერტო მანჩინის ტელეფონით ვესაუბრე და ვიცი, რომ ჩემი იმედი აქვს. ასე რომ არ იყოს, აქ არც ვიქნებოდი".

ამასობაში, "ინტერმა" კიდევ ერთი ტრანსფერი გაჩარხა. თუ იტალიურ სპორტულ პრესას დავუჯერებთ, გადაწყვეტილი ამბავია, რომ ჯერდან შაჩირი კარიერას მილანურ გრანდში გააგრძელებს. "გაძეტა დელო სპორტის" მტკიცებით, 23 წლის შემტევმა არჩევანი სწორედ "ნერაძურიზე" შეაჩერა და უახლოეს დღეებში კონტრაქტს გააფორმებს.

მართალია, აღნიშნული ცნობა ჯერ არ დადასტურებულა, მაგრამ როდესაც იტალიური სპორტული პრესა ასე ირწმუნება, რთულია, არ დაიჯერო.

მოკლედ, პოდოლსკი, შაჩირი და ვინ იქნება შემდეგი?

მარიო ბალოტელი? - მასზეც არის საუბარი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბალოტელის შესაძლო ტრანსფერი "ინტერის" ულტრასებმა გააპროტესტეს, ამისთვის კი ძველი მიზეზი აქვთ, რომლის გახსენებაც შორს წაგვიყვანს...

პოდოლსკი "იუვეს" ფანია?
"იუვენტუსის" ტიფოზებმა ლუკას პოდოლსკის ძველი გამონათქვამი გაიხსენეს და სოციალური ქსელი ააჭრელეს - აი, თურმე რა უთქვამს ახლო წარსულში გერმანელ შემტევს:

"იტალიის ჩემპიონატი ძალიან მომწონს და შესაძლოა, ოდესმე სერია A-ში ვითამაშო კიდეც. ჩემი სიმპათიები "იუვენტუსს" ეკუთვნის, რომელიც გამარჯვებული მენტალიტეტის გუნდია.

"ინტერი" მხოლოდ იმიტომ გახდა ჩემპიონი, რომ "ვეკია სენიორა" სერია B-ში დააქვეითეს. როდესაც "იუვე" ფორმაშია, არც "ინტერს" და არც სხვა გუნდებს შანსი არ აქვთ".

მოკლედ, "იუვეს" ქომაგებმა ლუკას პოდოლოსკის და "ინტერის" გულშემატკივრებს შორის ხიდის ჩატეხვა სცადს, მაგრამ ჯერჯერობით ეს საქმე არ გამოუვიდათ - "ინტერისტებმა" სიმღერაც კი მიუძღვნეს გერმანელს და როგორც ჩანს, მასზე მართლაც განსაკუთრებულ იმედს ამყარებენ.

ჩერჩი-მანია მილანში
თუ "ინტერის" გულშემატკივარი ლუკას პოდოლსკის ტრანსფერმა აღაფრთოვანა, "მილანისტები" ალესიო ჩერჩის დამატებით არიან უაღრესად კმაყოფილნი.

27 წლის ალესიოს იტალიურ ფეხბურთთან ადაპტაცია არ დასჭირდება. მას თანაბარი წარმატებით შეუძლია თამაში როგორც ფლანგზე, ისე წინა ხაზზე, თანაბარი წარმატებით გააქვს გოლები და აკეთებს საგოლე გადაცემებს. მაგალითად, 2013/14 წლების სეზონში 10 საგოლე პასი დაუგროვდა და ამ მაჩვენებლით პირველი ადგილი დაიკავა.

4-3-3 ტაქტიკის შემთხვევაში, ალესიო ჩერჩი და სტეფან ელ შაარავი ფლანგებზე გაირჯებიან, ჯერემი მენეზი კი ცენტრში ითამაშებს - ან იქნებ 4-2-3-1, რომლის შემთხვევაშიც უკნიდან ელ შაარავი, ჩერჩი და ჯაკომო ბონავენტურა შეუტევენ, წინა ხაზზე კი მენეზი იქნება?

მოკლედ, "მილანისტები" სხვადასხვა ვარიანტზე მსჯელობენ, ერთზე კი ყველა თანხმდება: შემადგენლობა ძლიერდება, მესამე ადგილზე გასვლა კი რეალურია.

კლოზე "მილანში", პაცინი "ლაციოში"?
"მილანთან" დაკავშირებით კიდევ არაერთი საინტერესო ცნობა ვრცელდება. მაგალითად, ერთ-ერთი ვერსიით, შესაძლოა, "ლივერპულიდან" აბარგებულმა სტივენ ჯერარდმა კარიერა სწორედ "როსონერიში" გააგრძელოს.

თუმცა, ეს ჯერ მხოლოდ ხმებია, არც ერთი მხარე ამაზე არ საუბრობს და უმჯობესია, დაველოდოთ მოვლენათა განვითარებას.

სამაგიეროდ, აქტიურად განიხილება ერთი მეტად საინტერესო ბარტერი, რომლის მიხედვითაც, მიროსლავ კლოზე შესაძლოა, "მილანში" გადაბარგდეს, სანაცვლოდ კი "ლაციომ" ჯამპაოლო პაცინი მიიღოს. ეს უკანასკნელი "როსონერის" დიდად ვერ არგია, მაგრამ გამტანი ფორვარდია და შესაძლოა, "ლაციოს" ძალიანაც წაადგეს.

აი, კლოზე კი "ლაციოში" გაჩერდა, ფილიპ ჯორჯევიჩის ჩრდილში მოექცა და იქნებ "მილანში" მეორე სუნთქვა გაეხსნას? - "როსონერის" ვიცე-პრეზიდენტმა ადრიანო გალიანიმ დაადასტურა, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობს, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს...

25 000 გულშემატკივარი ვარჯიშზე
2014 წელი "ნაპოლიმ" სუპერთასის მოგებით დახურა, 2015 წელი კი უპრეცედენტოდ ხალხმრავალი ვარჯიშით გახსნა.

წლის პირველი წვრთნა რაფაელ ბენიტესის გუნდმა "სტადიო სან პაოლოზე" გამართა. ვარჯიში ღია იყო და მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - სტადიონზე 25 000 გულშემატკივარი მივიდა - ამ ფაქტზე კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა გააკეთა კომენტარი:

"სუპერთასის მოგების შემდეგ გადავწყვიტეთ, რომ ღია ვარჯიში ჩაგვეტარებინა, მაგრამ ჩვენ არ დაგვიანონსებია სუპერთასის აღნიშვნა და არც ქომაგებისთვის მოგვიწოდებია, რომ მოსულიყვნენ.

სიმართლე გითხრათ, თასის აღმართვას და ზეიმს სერია A-ს კალენდარული მატჩის წინ ვგეგმავდით, მაგრამ მოხდა ის, რასაც არავინ ელოდა - "სტადიო სან პაოლოზე" 25 000 ადამიანი მოვიდა და ვარჯიში დღესასწაულად გადაიქცა.

ბუნებრივია, თასიც გამოვიტანეთ და ვიზეიმეთ კიდეც, რადგან სხვაგვარად არ გამოდიოდა. დარწმუნებული ვარ, ქომაგთა მხარდაჭერა 2015 წელს არ მოგვაკლდება".

გაბიადინი ნეაპოლშია
ბოლო დრომდე უცნობი იყო, გადადიოდა თუ არა მანოლო გაბიადინი "სამპდორიადან" "ნაპოლიში", დღეს კი უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ 23 წლის შემტევი კარიერას ბენიტესის გუნდში გააგრძელებს.

მანოლო უკვე ნეაპოლშია, სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. როგორც "გაძეტა დელო სპორტი" იუწყება, ფორვარდის სანაცვლოდ გენუური კლუბი 13 მილიონ ევროს მიიღებს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში მანოლო ბრწყინვალედ ასპარეზობს და "სამპდორიას" წარმატებების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედია - მის ანგარიშზე 7 გოლი და არაერთი საგოლე გადაცემაა.

აქვე ვთქვათ, რომ "ნაპოლიმ" კიდევ ერთი ფეხბურთელი, ივან სტრინიჩი დაიმატა, რომელიც ხორვატიის ნაკრების ფეხბურთელია და ბოლო სამი სეზონი უკრაინულ "დნიპროში" გაატარა.

27 წლის სტრინიჩი მცველია და მეტწილად მარცხენა ფრთაზე ასპარეზობს.

ივანმა უკვე გააფორმა "ნაპოლისთან" ხელშეკრულება და დიდი ალბათობით, მისი დებიუტი უახლოეს შეხვედრაში შედგება.

მუტუ "ფიორენტინაში" ბრუნდება?
უცნაური ამბავი გავრცელდა "ფიორენტინასთან" დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, შესაძლოა, ფლორენციულ გუნდში ადრიან მუტუ დაბრუნდეს. დიახ, რუმინელი ჯერ კიდევ თამაშობს ფეხბურთს და შესაძლოა, "ვიოლაშიც" კი გადაბარგდეს.

35 წლის მუტუ ბოლოს რუმინულ "პეტროლულში" ასპარეზობდა და 14 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა, იქამდე კი ფრანგული "აიაჩოს" წევრი იყო და 34 მატჩში 11 გოლი შეაგდო.

მოკლედ, მუტუს გატანა არ დავიწყებია, მაგრამ რამდენად გამოადგება "ფიორენტინას", რთული სათქმელია.

ადრიანი თავისუფალი აგენტია და როგორც "კორიერე დელო სპორტი" წერს, მინიმალურ ხელფასს ითხოვს. ავტორიტეტული გამოცემის მტკიცებით, "ფიორენტინას" მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ რუმინელს გუნდთან ერთად 2 ვარჯიშის ჩატარება შესთავაზა, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებსო.

როგორც ჩანს, მონტელა დააკვირდება ადრიანს და ვინ იცის, იქნებ კონტრაქტიც შესთავაზოს.

ამასობაში, "ფიორენტინასთან" ხელშეკრუკლების გახანგრძლივება ნეტომ იუარა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, მომდევნო სეზონს სხვა გუნდში გაატარებს. 25 წლის ბრაზილიელ მეკარეს "ლივერპული" და სხვა ევროპული გუნდები აკვირდებიან და მისი გადაბირება სურთ.

ნეტო სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება და როგორც ჩანს, ურჩევნია არჩევანის გაკეთებისას ფლორენციულ კლუბზე არ იყოს დამოკიდებული.

ნეტოს უარმა "ვიოლას" მესვეურები საგონებელში ჩააგდო და არაა გამორიცხული, სასურველი შეთავაზების შემთხვევაში, მეკარე ამ ზამთარსვე გაყიდონ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ავტორ კი არ მინდა შენს კომპენტენტურობაში ეჭვი შემეპაროს მაგრამ ტევსზე არ შეუთავაზებიათ ჯერ გახანგრძლივება ასე რომ ნუ გაამჟღავნებ მის ინტერვიუს არგეტინაში მაგ დაგვარ
bneli
16:17 05-01-2015
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული