მინო რაიოლა: "რომა" იბრას ვერ შესწვდა

AutoSharing Option
"გაძეტა დელო სპორტში" ცნობილი საფეხბურთო აგენტის, მინო რაიოლას ინტერვიუ გამოქვეყნდა, რომელიც ბევრ საინტერესო საკითხზე საუბრობს. უმჯობესია, სიტყვა პირდაპირ რაიოლას გადავცეთ.

"იუვეს" მხითარიანი სურს
ტურინის "იუვენტუსს" გამთამაშებლის გადაბირება სურს და ვესლი სნეიდერის გარდა, ჰენრიხ მხითარიანსაც უმიზნებს. თუმცა ამ ტრანსფერის ალბათობა ძალიან დაბალია. ერთი, რომ დორტმუნდის "ბორუსია" სომეხი შემტევის გასხვისებას არ აპირებს და რომც აპირებდეს, იმ გუნდს არ გააძლიერებს, რომელსაც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ხვდება. თუმცა, ვადასტურებ, რომ "იუვეს" მესვეურებს მხითარიანის გადაბირება უნდათ.

"რომა" იბრას ვერ შესწვდა
ზაფხულში "რომას" მესვეურებმა მსოფლიოს გაოცება გადაწყვიტეს და ზლატან
იბრაჰიმოვიჩის სანაცვლოდ რამდენიმე ათეული მილიონი გაამზადეს, თუმცა პსჟ შვედს არ შეელია. თავად ზლატანმაც თქვა, რომ საფრანგეთში დარჩენას კონტრაქტის ამოწურვამდე აპირებს, მისი ხელშეკრულების ვადა კი 2 წელიწადში იწურება.

მოკლედ, იბრამ "რომა" იუარა და არც პსჟ აპირებდა ლიდერის გასხვისებას. "ჯალოროსისადმი" ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ამ ეტაპზე იბრას ეს გუნდი, უბრალოდ, ვერ შესწვდება.

ბალოტელის შესახებ
ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისას ბევრი ითქვა მარიო ბალოტელის "ინტერში" შესაძლო გადაბარგებაზე, ბოლო დღეებში კი ის "იუვენტუსს" დაუკავშირეს. რეალობა ისაა, რომ მარიო ალბათ ინგლისში დარჩება და სეზონს "ლივერპულში" ჩაამთავრებს. "ინტერმა" ორი შემტევი გადაიბირა და მარიოს დამატებას აღარ აპირებს, "იუვენტუსს" კი ბალოტელი არც არასდროს სურდა. გაუგებარია, საიდან ვრცელდება ასეთი ცნობები.

კრიზისი იტალიაში
იშვიათი გამონაკლისის გარდა, იტალიური კლუბები ცდილობენ, რომ ფეხბურთელი იჯარით აიყვანონ, ეს კი ევროპის სხვა ქვეყნებში არ მოსწონთ. კალჩოში ფინანსური კრიზისია, რამაც ლოგიკურად გამოიწვია სერია A-ში ვარსკვლავების შემცირება.

სულ ახლო წარსულში "მილანი" ზლატან იბრაჰიმოვიჩს და ტიაგო სილვას სეზონში 15 მილიონ ევროს უხდიდა, დღეს კი ეს მთელი გუნდის სახელფასო ბიუჯეტია. იტალიურ ბაზარზე ყოველთვის აქტიურად ვმუშაობდი, მაგრამ ბოლო წლებში ეს არც ისე მომგებიანი საქმეა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული