* იტალიური მედიის თანახმად, იკარდი "ინტერის" ფანებზე არის ნაწყენი.
* არგენტინელი ფორვარდის შეძენა პრემიერლიგის 4 გრანდს სურს.
სერია A-ს 22-ე ტურში "ინტერმა" ნავსი გატეხა და, როგორც იქნა, სამი ქულა მოიპოვა. მილანელებმა აღმაფრენით ჩაატარეს შეხვედრა და ყველა კომპონენტში დაჯაბნეს მეტოქე. არადა, "პალერმო" კარგ ფორმაშია და ნაკლებად მოსალოდნელი იყო, რომ რობერტო მანჩინის შეგირდები ასე იოლად მოიგებდნენ.
თამაში
"ინტერის" თავკაცმა ტაქტიკა შეცვალა და გუნდი 4-3-1-2 სქემით განალაგა. შეტევის წინა ხაზზე მაურო იკარდი და როდრიგო პალასიო ვიხილეთ, მათ უკან ჯერდან შაჩირი ირჯებოდა, საყრდენ ხაზს კი მარცელო ბროზოვიჩი, ფრედი გუარინი და გარი მედელი ამაგრებდნენ. დაცვის მარჯვენა ფრთაზე დავიდე სანტონი ვიხილეთ, რომელმაც პირველად მოირგო "ინტერის" მაისურა კლუბში დაბრუნების შემდეგ.
ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩი მასპინძელთა სრული უპირატესობით წარიმართა, გოლები კი ეფექტური გამოვიდა. ანგარიში ფრედი გუარინმა გახსნა, რომელმაც კუთხურის შემდეგ თავური დარტყმით იხეირა. ისიც აღვნიშნოთ, რომ კუთხური ჯერდან შაჩირიმ ჩააწოდა და საგოლე პასი მიითვალა აქტივში.
მეორე გოლი მაურო იკარდის ანგარიშზეა, რომელმაც მეტოქის საჯარიმოში მიიღო ბურთი და უზუსტესი დარტყმით მეკარისაგან მარჯვენა დაბალ კუთხეში გაახვია. საბოლოოო წერტილი თავური დარტყმით იმავე იკარდიმ დასვა, რომელსაც საგოლე გადაცემა გუარინმა გაუკეთა.
იკარდის დემარში?
ერთი სიტყვით, ფრედი გუარინის და მაურო იკარდის ბენეფისი ვიხილეთ და ეს ის ფეხბურთელები არიან, წინა ტურში, "ინტერის" გულშემატკივრებს რომ დაუპირისპირდნენ. როგორც ჩანს, ორივე ზემოტივირებული იყო და შესაძლებლობები სრულად წარმოაჩინა. ერთი საგულისხმო ამბავიც: მაურო იკარდიმ გოლები არ აღნიშნა - არგენტინელს არც კი გაუღიმია. არადა, "პალერმო" მისთვის ყოფილი გუნდი სულაც არ არის. ბუნებრივია, ეს თემა იტალიურ სპორტულ პრესაში განხილვის საგანი გახდა. თავად ფეხბურთელმა კომენტარის გაკეთება არ ისურვა, თუმცა ამ თემაზე მწვრთნელმა ილაპარაკა.
იკარდის თემაზე უცებ აგორდა ახალი ვერსიები. ერთ-ერთის თანახმად, საქმე მხოლოდ "ინტერის" ფანებთან "სასუოლოსთან" მატჩის (1:3) შემდეგ მომხდარი ინციდენტი არ არის - კლუბს ჯერ არ შეუთანხმებია არგენტინელთან ახალი კონტრაქტი და მაუროს ეს ადარდებსო.
ინგლისური მედია კი პრემიერლიგის 4 კლუბს ასახელებს, რომელთაც იკარდის დამატება სურთ: "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის", "ლივერპულს" და "არსენალს". როგორც ხედავთ, არჩევანი ისეთია, ნებისმიერ ტოპ-ფორვარდს შეშურდება.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის იკარდი "ინტერის" ფეხბურთელი 2013 წლის ზაფხულში გახდა, როცა ის გენუის "სამპდორიადან" გადავიდა.
მატჩის შემდგომ
რობერტო მანჩინი ("ინტერის" მწვრთნელი): "დღეს ისე ვითამაშეთ, როგორც მე მსურდა. "სასუოლოსთან", "ნაპოლისთან" და "ემპოლისთან" ურიგოდ არ გამოვიყურებოდით, მაგრამ საბედისწერო შეცდომები დავუშვით და დავისაჯეთ, ამ შემთხვევაში კი ყველაფერი იდეალურად იყო. "ინტერს" აქვს პოტენციალი და ეს ყველამ კარგად დავინახეთ. გულშემატკივრებს უნდა სჯეროდეთ ჩვენი და შედეგი აუცილებლად მოვა.
რატომ არ აღნიშნა იკარდიმ გოლები? - ვფიქრობ, რომ ფეხბურთელმა გატანილი გოლი უნდა აღნიშნოს, რადგან ეს ბუნებრივი რეაქცია და გულწრფელი სიხარულია. იკარდის და ქომაგებს შორის გაუგებრობა მოხდა, მაგრამ ისიც ვიცი, რომ მაურომაც და ფრედი გუარინმაც ბოდიში მოიხადეს, რაც მათ შერიგებას ნიშნავდა. მაურო "ინტერში" ბედნიერია და დარწმუნებული ვარ, მომავალში გოლებსაც აღნიშნავს".
ჯუზეპე იაკინი ("პალერმოს" მწვრთნელი): "ამ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ, მაგრამ ჩანაფიქრი სისრულეში ვერ მოვიყვანეთ. ბურთის კონტროლი და მომენტების შექმნა ძალიან გაგვიჭირდა. "ინტერმა" უკეთ ითამაშა და უნდა მივულოცოთ დამსახურებული გამარჯვება.
პაულო დიბალა ჩრდილში იყო, მაგრამ ამის გამო არ უნდა გავაკრიტიკოთ. ჯერ ძალიან ახალგაზრდაა და უნდა გვესმოდეს, რომ ყველა შეხვედრას ერთნაირად მაღალ დონეზე ვერ ჩაატარებს".
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"