* "ფიორენტინა" ზედიზედ 13 მატჩში დაუმარცხებელი იყო.
* მიროსლავ კლოზემ სერია A-ში მეშვიდე დუბლი შეასრულა. იტალიის ჩემპიონატში მას 43 გოლი დაუგროვდა.
* "იუვენტუსი" ჩემპიონატში 37 მატჩია, დაუმარცხებელია შინ.
* პოლ პოგბამ ამ სეზონში 7 გოლი გაიტანა, აქედან 4 გოლი გამარჯვების გამოდგა.
სერია A-ს მიმდინარე გათამაშების 26-ე ტური ორშაბათის ორი მატჩით დასრულდა, რომელმაც სატურნირო ცხრილზე მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა. "იუვენტუსმა" "სასუოლოს"
ამდენს არ ველოდით...
"ლაციო"-"ფიორენტინას" დაპირისპირება, სატურნირო თვალსაზრისით, უაღრესად პრინციპული იყო, რადგან ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის. ეს იყო მატჩი 6 ქულისთვის, რომელიც "ლაციოს" დამაჯერებელი გამარჯვებით დასრულდა. თავად ის ფაქტი, რომ მასპინძლებმა მოიგეს, გაოცებას არ იწვევს, მაგრამ 4:0 ნამდვილად მოულოდნელია. სტეფანო პიოლის შეგირდებმა ის "ფიორენტინა" გაანადგურეს, რომელიც ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია, რომელმაც ევროპალიგიდან "ტოტენჰემი" დაიფრინა და "იუვენტუსი" მისსავე მოედანზე გააკრა ბეჭებზე.
პიოლიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ნაცად 4-3-3 ტაქტიკას 4-2-3-1 ამჯობინა. შეტევის წინა ხაზზე მიროსლავ კლოზე გაამწესა, მის უკან კი სტეფანო მაური, ფელიპე ანდერსონი და ანტონიო კანდრევა მოქმედებდნენ. მწვრთნელის გადაწყვეტილებამ 100%-ით გაამართლა - აღნიშნული კვარტეტი ბრწყინვალედ მოქმედებდა და ფლორენციელმა მცველებმა მათ წინააღმდეგ ვერაფერი გააწყვეს.
"ფიორენტინას" თავკაცმა თამამი ტაქტიკა აირჩია და სამი გამოკვეთილი შემტევი დააყენა - შეეცადა, რომ პირველ ნომრად ეთამაშა, მაგრამ ამისგან არაფერი გამოვიდა. ვერც ალესანდრო დიამანტი და იოსიპ ილიჩიჩი ამწვავებდნენ თამაშს და ვერც "ვიოლას" ახალი ვარსკვლავი, მოჰამედ სალაჰი იყო მოწოდების სიმაღლეზე.
გოლების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ რომაელებმა სამჯერ მრავალსვლიანი კომბინაციის შემდეგ იხეირეს, ერთი გოლი კი თერთმეტმეტრიანით ანტონიო კანდრევამ შეაგდო. მიროსლავ კლოზე უნდა გამოვარჩიოთ, რომელმაც დუბლი მიითვალა და ფელიპე ანდერსონი, რომელმაც მარცხენა ფლანგი ააწიოკა, თერთმეტმეტრიანი მოიპოვა და საგოლე პასი მიითვალა აქტივში.
"ლაციომ" უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა, ქულებით "ნაპოლის" გაუთანაბრდა და ბურთების უკეთესი შეფარდებით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე მოკალათდა. ეს უკვე ჩემპიონთა ლიგის ზონაა და არც მეორე ადგილზე მყოფი "რომაა" უსაშველოდ წინ.
სტეფანო პიოლი ("ლაციოს" მწვრთნელი): "ანგარიშმა შეცდომაში არ უნდა შეგვიყვანოს. ეს იყო მძიმე მატჩი, რომელიც საბედნიეროდ, ჩვენი გამარჯვებით დასრულდა. დიდი ხანი მხოლოდ ერთი ბურთის სხვაობით ვიგებდით, შემდეგ კი მეტოქე გაიხსნა და კიდევ სამი გოლი შევაგდეთ.
"ფიორენტინა" ძლიერი გუნდია და ვამაყობ იმ შედეგით, რასაც მივაღწიეთ. მესამე ადგილი? - ეს ჩვენი მიზანია, მაგრამ სატურნირო ცხრილში ყურება არაფერს გვარგებს. თითოეულ თამაშზე მოსაგებად უნდა გავიდეთ, ბოლომდე ვიბრძოლოთ, დანარჩენს კი დრო გვიჩვენებს".
ვინჩენცო მონტელა ("ფიორენტინას" მწვრთნელი): "სამ ფრონტზე თანაბარი წარმატებით თამაში ძალიან რთულია და დღეს ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი. მეტოქემ უკეთ ითამაშა და გამარჯვება დაიმსახურა, მაგრამ ასეთი ანგარიშით მაინც არ უნდა წაგვეგო. დროს უკან ვერ დავაბრუნებთ, ხარვეზები უნდა გავაანალიზოთ და წინ ვიყუროთ. ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვების შანსი ჯერ კიდევ გვრჩება და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ სამეულში მოვხვდეთ".
სკუდეტო სულ უფრო ახლოა
"იუვენტუსმა" "სასუოლოს" უმასპინძლა და მინიმალური ანგარიშით სძლია, თამაში კი სწრაფ ტემპში წარიმართა და კარგი საყურებელი იყო. მომენტები, ძირითადად, სტუმართა კართან იქმნებოდა, მაგრამ ეპიზოდურად "სასუოლოც" იჩხვლიტებოდა კონტრშეტევებზე. მასიმილიანო ალეგრიმ კვლავ 4-3-1-2 ტაქტიკა აირჩია. გამთამაშებლად რობერტო პერეირა გაამწესა, ხოლო შეტევაში კარლოს ტევესს ალვარო მორატა შეუწყვილა. რაც შეეხება "სასუოლოს", ეუსებიო დი ფრანჩესკომ საყვარელ სქემას არ უღალატა და მიუხედავად იმისა, რომ თვით "იუვეს" ეთამაშებოდა გასვლაზე, 4-3-3 შეარჩია.
მოკლედ, "ნერივერდე" ყრუ დაცვაში არ ჩაჯდა და სწორედ ამის დამსახურება იყო, რომ "იუვენტუს არენაზე" კარგი ბურთაობა გაჩაღდა.
რაც შეეხება გამარჯვების გოლს, ის პოლ პოგბას ანგარიშზეა, რომელმაც პასი სიმონე პეპესგან მიიღო. პოგბას გოლი მართლაც ეფექტური გამოვიდა, ჩვეული ელეგანტურობით დაიმორჩილა ბურთი და ჰაერიდანვე გადაგზავნა კარში.
ეს ამბავი 82-ე წუთზე მოხდა და დარჩენილი დრო ტურინელებმა უფრო საკუთარი კარის უსაფრთხოებაზე ზრუნვას დაუთმეს. საამისოდ, ალეგრიმ კარლოს ტევესი მოხსნა თამაშიდან და ანდრეა ბარძალი ჩართო ბრძოლაში, რომელიც ხანგრძლივი პაუზის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს.
მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ კლუბის პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ და ტექნიკურმა დირექტორმა პაველ ნედვედმა ისე გაიხარეს, იფიქრებდით, რომ "იუვემ" სკუდეტო მოიგო, თუმცა იქამდე ბევრიც არაა დარჩენილი...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"